ავტორი:

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - ასე ეხმაურება რუსული მედიის ნაწილი ჩეჩნეთის ლიდერის ყველაზე მწვავე კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ამბავს, რომლის შემდეგაც, ჩეჩენი ბლოგერი, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი შვედეთმა მისცა, რამდენიმე ხნით გაუჩინარდა.

გადაუმოწმებელი ცნობები მისი მკვლელობის შესახებ ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. იგივე წყარო მაშინ წერდა, რომ კავშირზე ასევე არ გამოდიოდა ტუმსოს ძმა, უფლებადამცველი, მოჰამედ აბდურახმანოვი.

ინფორმაცია ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის შესახებ, გასული წლის 1 დეკემბერს, არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ინფორმაციას "ინსტაგრამის" მომხმარებელი ქალი ავრცელებდა, რომელიც მისივე თქმით, აბდურახმანოვის მეზობელი იყო.

თუმცა, მალე ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა თავად ბლოგერი და განაცხადა, რომ ცოცხალი იყო და კადიროვის კიდევ ერთი მცდელობა ჩავარდა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, გაირკვა, რომ აბდურახმანოვსა და კადიროვის მიერ დაქირავებულ მკვლელს შორის გარიგება შედგა. მათ ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გადახდილი თანხა გაინაწილეს და მკვლელობის სცენა გაითამაშეს.

აბდურახმანოვი ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ სხვა საკითხია მორალური მხარე - ამ აფიორამ მნიშვნელოვნად დააზიანა მისი რეპუტაცია. ინტერნეტმომხმარებლების თქმით, სხვა საკითხია, სარგებლობს თუ არა ბლოგერი იგივე ნდობითა და ავტორიტეტით, როგორც მანამდე.

  • Новая газета Европа-ის ჟურნალისტის, ელენა მილაშინას ცნობით, ტუმსო აბდურახმანოვი და კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერი ხასატ ხალიტოვი ერთმანეთში მორიგდნენ და მკვლელობა გაითამაშეს.

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, შუამავალი ბაშირ ალბოგაჩიევი ტუმსოს დაუკავშირდა და კადიროვის გეგმის შესახებ აცნობა... ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სცენის გათამაშების დროს, ხასან ხალიტოვი თურქეთის საემიგრაციო ციხეში იმყოფებოდა. უცნობია, როგორ გადაინაწილეს თანხა საქმის მონაწილეებმა, რადგან საბანკო გადარიცხვები არ ფიქსირდება" - წერს მილაშინა.

აბდურახმანოვის სკანდალს გამოეხმაურა იურისტი და ბლოგერი აბუბაქარ იანგულბაევი. მისი თქმით, ამ საქმით ყველა მინუსშია და მოგებული არავინ დარჩენილა...

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენ თავისუფლები არ ვართ. რუსები კი არა, თავად ვართ დამნაშავე" - წერს ის.

უფრო ადრე, აბუბაქარტ იანგულბაევის ძმა, იბრაგიმი ტუმსოს ფულის სანაცვლოდ დუმილში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ის მას შემდეგ გაჩუმდა, რაც კადიროვისგან ფული აიღო. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ გატაცების ინსცენირებისთვის 50 ათასი დოლარი აიღო...

ტუმსო აბდურახმანოვის სკანდალს ინტერნეტმომხმარებლებიც გამოეხმაურნენ.

"ყველაზე საწყენი ის არის, რომ ისინი, ვინც მართლა თავისუფლებისთვის უნდა იბრძოდნენ და ახალგაზრდა თაობას მოტივაციას აძლევდნენ, ერთმანეთს ებრძვიან" - წერს ინტერნეტმომხმარებელი აგნუ ენიევი.

"ჩვენ რომ გმირი გვეგონა, თურმე ჯამბაზი ყოფილა... არადა, უკანასკნელ იმედს რა ძალიან ჰგავდა. სინამდვილეში, არავითარი იდეა, პატრიოტიზმი, ენთუზიაზმი, მებრძოლი სული, თურმე მთავარი ფულია... ყველამ ვიცით, რომ ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს. კადიროვს ნამდვილად შეუძლია სიხარულით აღმართოს ხელები, ერთდროულად ოპონენტი გაანეიტრალა. არ ვიცი, აბდურხმანოვს რად უღირდა მისი სახელის ასეთი დისკრედიტაცია. არადა, მის სიტყვას ფასი ჰქონდა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი პეტერი.

თავად აბუდურახმანოვი კადიროვის ხელისუფლების კრიტიკას განაგრძობს. მან ბოლო მიმართვა 27 აპრილს გაავრცელა. თუმცა, ამ სკანდალს არ გამოხმაურებია.

ნახეთ ასევე: