ავტორი:

"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს: რას წერენ რუსები მომხდარზე

"სულ ვიღაცას კლავენ... მეტი სიახლოვე კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო" - ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს:  რას წერენ რუსები მომხდარზე

რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე, იმ დროს გაიტაცეს, როცა მანქანას აპარკინგებდნენ. მოგვიანებით, გამტაცებლები მათ ახლობლებს დაუკავშირდნენ და დიდი რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, ოჯახის წევრთა გათავისუფლებას შეჰპირდნენ.

apsnypress.info-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქე ლეონის შოკლერს, სოხუმის სავაჭრო ცენტრ "სოხუმი-მარკეტის" მიმდებარე საპარკინგე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, Lexus GX-ის მარკის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და სოფელ აჩადარას მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. შემდეგ გაირკვა, რომ გამტაცებლებმა, დღის განმავლობაში ის რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს.

19 აპრილს, შუადღეს გაირკვა, რომ სოხუმში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები იმავე ჯგუფის წევრები არიან, რომელმაც ლეონის შოკლერი გაიტაცა - მედიის ცნობით, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან, მისი მეგობარი ისმაილ შეიხიც გაიტაცეს, რომელიც მოტყუებით წაიყვანეს, გალის რაიონის სოფელ ოქუმში გადაიყვანეს. დაზარალებულის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ და ცდილობდნენ, ახლობლებს დაკავშირებოდა და გამოსასყიდი მოეთხოვა. "თუმცა, მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, შეიხმა გათავისუფლება შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა", - წერს apsnypress.info.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მისგან განსხვავებით, შოკლერი დედისგან 5000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე არტურ კვესკვერი, თემურ ალხორბა, ადგურ ხარჩილავა, ალიას ხარჩილავა და ადგურ ავიძბა დააკავეს. დააკავეს საქმის კიდევ ერთი თანამონაწილე, ალან ლომიაც, რომელიც გაქცევას ცდილობდა. ყველა მათგანს სოხუმის "საქალაქო სასამართლომ" წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა რუსულ საიტებზე.

ამ თემაზე sochi1.ru-ს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას მწვავე კომენატრები მოჰყვა. ნაწილი წერს, რომ ისინი, ვისაც აფხაზეთში დასვენების ცუდი გამოცდილება აქვს, მუდმივად მოუწდებენ სხვებს, ნუ გარისკავენ, მაგრამ არაფერი იცვლება.

  • რუსები წერენ, რომ თითქმის ოცდაათი წელია ასე ხდება, დასასვენებლად, თუ საქმეზე ჩასულ რუსეთის მოქალაქეეებს ადგილობრივები "ველური წესებით უსწორდებიან. ართმევენ მანქანებს, სცემენ, აყაჩაღებენ, უვარდებიან საცხოვრებელში, იტაცებენ და შემდეგ გამოსასწყიდს ითხოვენ, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ კლავენ. აფხაზეთის ხელმძღვანელობის მუდმიდი დაპირების მიუხედავად, ეს რეალობა არ იცვლება. რუსეთის მოქალაქეეები კი აფხაზეთში მაინც ჩადიან", - წერენ ისინი.

"სულ ვიღაცას კლავენ, ან სცემენ. როგორ უნდა წახვიდე იქ? მაგრამ მაინც მიდიან. აფხაზები ან ერთმანეთს კლავენ, ან სხვას. თუ ფულის გამო არ მოკლეს რუსეთის მოქალაქე, მთვრალები სხდებიან საჭესთან და ქვეითად მიმავალ ადამიანებს ეჯახებიან, შემდეგ კი, სინანულით პოსტებს წერენ. ჯერ ზაფხულის სეზონი არ დაწყებულა და უკვე კოშმარი ხდება. "მხიარულ დასვენებას გისურვებთ" წამსვლელებს", -წერს იანა გუსევა.

"მობრძანდით ჩვენთან, ჩვენ კი გაგიტაცებთ, გამოსასყიდის პირობით. ერთად ვიმხიარულოთ. თქვენი ულამაზესი აფხაზეთი. პ.ს. გირჩევთ, თან იქონიოთ დიდი თანხა, ოღონდ რომელიმე ახლობელს ჰქონდეს, ან ოჯახის წევრს, რათა უცებ მორიგდეთ და დრო არ დაკარგოთ", - წერს ირონიით სტანისლავ ბორაკი.

"მეტი სიახლოვე და ინტეგრცია კი არა, საზღვარი უნდა ჩაუკეტო ამ ველურებს. არასდროს გამოსწორდებიან. სიბნელეში ცხოვრება ურჩევნიათ. ტრადიციებს გვილახავენო, ამბობენ", - მიაჩნია ვერა მელნიკას.