სანქცირებული რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრე Wildberries საქართველოს ბაზარზე შესვლას განიხილავს. ამასთან, კომპანია აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში შესვლასაც აპირებს. ამის შესახებ Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
მისი თქმით, კომპანია მისთვის ახალი ქვეყნების ბაზარზე და ზოგადად, დსთ-ში გაფართოებას გეგმავს. მით უმეტეს, როგორც ბაკალჩუკი ამბობს, „ზოგიერთი ქვეყანა რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის მდებარეობს, სადაც Wildberries უკვე ოპერირებს.“ სწორედ ასეთ შუა რგოლებად განიხილავს ბაკალჩუკი საქართველოს, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს, თუმცა ამ ქვეყნებში შესვლის კონკრეტულ ვადებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
ამ დროისთვის Wildberries რუსეთის გარდა, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, ისრაელსა და უზბეკეთში ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ ტატიანა ბაკალჩუკი გასული წლის ოქტომბერში უკრაინამ სანქცირებული 256 რუსი ბიზნესმენისა და მათი ოჯახის წევრების სიაში შეიყვანა. ასევე, 2022 წლის აპრილში პოლონეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 50 სუბიექტი, მათ შორის 35 კომპანია და 15 ფიზიკური პირი შეიყვანა. სიაში არის Wildberries და ტატიანა ბაკალჩუკიც. პოლონური სანქციები ამ კომპანიის ფინანსური აქტივებისა და ქონების გაყინვას ითვალისწინებს, ასევე, ტენდერებში მის მონაწილეობას გამორიცხვას, თავად ბაკალჩუკს კი პოლონეთში შესვლა აეკრძალა. განაგრძეთ კითხვა