ავტორი:

5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ტეხასის პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს - უმძიმესი დანაშაული აშშ-ში: რას ჰყვება მამაკაცი, რომლის ოჯახსაც მეზობელი დაესხა თავს?

5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ტეხასის პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს -  უმძიმესი დანაშაული აშშ-ში: რას ჰყვება მამაკაცი, რომლის ოჯახსაც მეზობელი დაესხა თავს?
  • ფოტოზე: ფრანცისკო ოროპესა

ხუთი მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ ტეხასელ მამაკაცს პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს. 38 წლის ფრანცისკო ოროპესამ მეზობლებს, 28 აპრილს, ღამით, ნახევრადავტომატური იარაღიდან ესროლა. მოკლულებს შორის არის 8 წლის ბავშვი. მამაკაცმა მეზობლები მას შემდეგ ამოხოცა, რაც მათ სთხოვეს, თოფის უმისამართო სროლა შეეწყვიტა, რადგან ეს ბავშვს აღვიძებდა.

FBI-ის ჰიუსტონის სპეციალურმა აგენტმა, ჯეიმს სმიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მკვლელის კვალზე ჯერ არ გასულან. შაბათიდან მოყოლებული, 200-ზე მეტი სამართალდამცავი დადიოდა კარდაკარ, რათა ეჭვმიტანილისთვის მიეგნოთ ან მასზე რაიმე ინფორმაცია გაერკვიათ. ოფიციალური პირები 80 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობენ მას, ვინც მკვლელის პოვნაში დაეხმარებათ.

ოფიცრის თქმით, ეჭვმიტანილი სახლიდან პარასკევს ღამით გავიდა და ეზოში უმიზნოდ სროლა დაიწყო. ამ დროს მეზობელმა მისი შეჩერება სცადა.

"მეზობელი მამაკაცი ღობესთან მივიდა და უთხრა, რომ სროლა შეეწყვიტა, რათა მისი შვილი არ გაეღვიძებინა. ამის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა. მოგვიანებით, მოძალადე მეზობლის სახლში შეიჭრა და სროლა დაიწყო. მსხვერპლთა უმეტესობას თავში აქვს ნასროლი", - ამბობენ სამართალდამცავები.

გარდაცვლილები 8-31 წლამდე ასაკის არიან. დანაშაული უილსონ გარსიასა და მისი მეუღლის, სონია არგენტინა გუცმანის სახლში მოხდა სახლში, სადაც ამ დროს სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა. გარსიას თქმით, შეიარაღებული მამაკაცი ყველა მათგანის მოკვლას აპირებდა. გარდაცვლილებს შორის არიან გარსიას 25 წლის ცოლი და 8 წლის ვაჟი.

სონია არგენტინა გუცმანი მკვლელის პირველი მსხვერპლი იყო.

"ცოლს ვუთხარი, შინ შესულიყო, მაგრამ მიპასუხა, რომ ჯობდა მე დავბრუნებულიყავი სახლში, რადგან ის ქალი იყო და მისთვის სროლას ვერ გაბედავდა", - ყვება გარსია. "ვცდილობ შვილებისთვის გავძლიერდე. ჩემი პატარა ქალიშვილი რაღაცას ხვდება. ძალიან ძნელია ჩემთვის იმის ყურება, დედას და თავის უფროს ძმას როგორ ეძებს".

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა