ავტორი:

საოჯახო ბიზნესი განვითარების უწყვეტი ხაზით - გაიცანით თამარი და ირმა

საოჯახო ბიზნესი განვითარების უწყვეტი ხაზით - გაიცანით თამარი და ირმა

დაახლოებით ოთხი წლის წინ, ოჯახის წევრებმა ხორცპროდუქტების მაღაზია-საწარმოს გახსნა გადაწყვიტეს. საქმეში ოჯახის ყველა წევრი ჩაერთო. მოვალეობები გადაინაწილეს და თბილისში, ჯავახიშვილის 101-ში საქმიანი ფუსფუსიც დაიწყო.

„ძალები გავაერთიანეთ - ჩემი მეუღლე კარგად ერკვევა ამ მიმართულებაში, დედაჩემმა თავისი მზარეულის და მეწარმის უნარები გამოიყენა, მე - ინგლისურის პედაგოგობიდან საორგანიზაციო საქმეში გადმოვინაცვლე, შვილებიც დაგვიდგნენ მხარში და ივ. ჯავახიშვილის 101-ში, საკუთარი ფართის მოწესრიგება დავიწყეთ. დავიწყეთ როგორც ხორცის გაყიდვა, ასევე ხინკლის, პელმენისა და ქაბაბის ნახევარფაბრიკატის დამზადება. საწარმოში მე და დედა ვართ ჩაბმულები. პროდუქტი იყიდება როგორც გაყინულ, ასევე, გაუყინავ მდგომარეობაში. დღეს, უკვე ჩვენი მუდმივი მომხმარებელი გვყავს. გვიცნობენ, სხვა უბნებიდანაც დადიან საყიდლად,“ - გვიყვება თამარი.

ოჯახის წევრებმა მაღაზიის ფართის გარემონტება საკუთარი სახსრებით შეძლეს, თუმცა ინვენტარი საკმაოდ ძვირი ღირდა. წარმატებული საქმიანობისთვის კი კარგი წარმადობის ხორცის მანქანა, ცომის საზელი, საბრტყელებელი, საპრესი, მაცივრები სჭირდებოდათ. მაგიდაც კი სპეციალური მასალის უნდა ყოფილიყო. საოჯახო საქმის მესვეურები მიხვდნენ, რომ სესხის აღების დროც დადგა.

„დავიწყეთ ფიქრი, ვისთან გვეთანამშრომლა. დედაჩემს, ირმას ძალიან კარგი საკრედიტო ისტორია და ბანკებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მის სახელზე აგვეღო ბიზნეს სესხი. თუმცა, დამაბრკოლებელი გარემოებები დაგვხვდა - ერთი მხრივ, სესხს საკმაოდ მაღალ პროცენტში გვთავაზობდნენ, მეორე მხრივ, დედაჩემის საპენსიო ასაკის გამო, სესხის გაცემას ბევრი ბანკი რისკის ქვეშ აყენებდა. საკრედიტო ბარათის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წელი იყო. არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი კრედიტოფიცერი სოფო, რომელიც ძალიან ყურადღებით მოეკიდა ჩვენს ამბავს და დაგვეხმარა, ლიბერთისთან ერთად. მოვიდნენ საწარმოში, ნახეს ფართი, შეაფასეს სიტუაცია, გაგვიცნეს და დაგვთანხმდნენ. თანაც, თუკი სხვაგან იმ პრობლემას შევხვდით, რომ ერთ წელზე ხანგრძლივ საკრედიტო ბარათს არ აძლევენ პენსიონერს, ლიბერთიმ სხვებთან შედარებით, ძალიან დაბალი პროცენტით მოგვხიბლა და მხარში დაგვიდგნენ, რისთვისაც მადლიერი ვარ. მჯერა, რომ საქმეში ჩადებული შრომა, მონდომება და სიყვარული არ იკარგება და აუცილებლად წინ დაგხვდება, შესაძლოა იმ ვადებში და იმ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. პირველი სესხით ინვენტარი შევიძინეთ,“ - იხსენებს თამარი.

საოჯახო ბიზნესისთვის ინვენტარი შეიძინეს და საქმიანობაც დაიწყეს. ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა, თუმცა პანდემიამ სხვა მრავალთან ერთად მათაც შეუქმნა პრობლემები. ბიზნესი ახალი საჭიროებისა და მოთხოვნების წინაშე დადგა. როცა ყველაფერი ჩაიკეტა, კვების ობიექტების მიტანის სერვისის გამართვის აუცილებლობა გაუჩნდათ. ოჯახმა კვლავ ლიბერთის მიმართა. მეორედ უფრო დიდი მოცულობის სესხი აიღეს, ავტომობილი შეიძინეს და მიწოდების სერვისიც დაამატეს.

თამარი და მისი ოჯახის წევრები გაჩერებას არ აპირებენ. საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, გაფართოებაზე ფიქრობენ. სურთ კახეთში, საკუთარ სახლში ფილიალი გააკეთონ. ამჯერადაც ლიბერთის გვერდით დგომის იმედი აქვთ. კახეთში კი მალე ახალი საწარმო გაკეთდება.