ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დახმარება აღმოუჩინეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის და ის უკვე სახლში იმყოფება.
ასევე, ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანია.
დემურ ხაბულიანი კლინიკიდან შინ მალევე გაწერეს. წყაროს ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა, რომ თავდასხმა თითქოს ბიზნესწილებს უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს.
ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტი დემურ ხაბულიანსა და თავდამსხმელს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველებს დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
ინფორმაციისთვის, დემურ ხაბულიანი იყო კომპანია "ფრიმენის" დირექტორი, არის "ჯაზის" 49%-იანი წილის მფლობელი და სხვადასხვა დროს იყო "პანორამა თბილისის" მეწილეც.