ავტორი:

"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან

"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?!." - ამბები ბეჭდაუდებელ ფალავან ლევან თედიაშვილზე, "ლელოს" არქივიდან

... ერთხელ წლის მიწურულს რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიისას სცენაზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს უხმეს.

მიკროფონთნ მისული ბეჭდაუდები ფალავანი დარბაზს მიუბრუნდა:

- ხომ გაიგონეთ, ხალხო, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილიო!

პაუზა.

- მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! დარბაზიდან ერთხმად - დიახ, დიახ!

- ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს! დიღომში ჭიდაობის სასახლე მოვაწყვე, შეჯიბრებებს ვმართავდი, მედალოსნებს ფულადი პრიზებით ვაჯილდოვებდი. თქვენ კი აიღეთ და ეს დარბაზი წამართვით, ძიუდოს გადაეცით და ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიაკუთვნეთ. რას მერჩოდით, თუკი ლეგენდა ვარ?! უხერხული სიჩუმე დარბაზში.

- ახლა მეუბნებიან, ძიუდოისტებს ჩამოვართმევთ, მოჭიდავეებს გადავცემთ და ისევ შენს სახელს მივაკუთნებთო. ჩოჩიშვილი ჩემი ნათლული იყო, ხალხო, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში მოვნათლე. რამდენიმე წლის წინათ ჩემს ნათლულს მიაქარვინეს, ახლა მე უნდა მიმაქარვინოთ?! დარბაზი უხერხულად შეიშმუშნა, მერე ერთხმად იქუხა ტაშმა...

მთელი ცხოვრება ასე ბრძოლაში გალია: ხალიჩაზე ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეებს, ზოგს მის მიღმა არ უთმობდა გოჯს. ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მქუხარე ოვაციებსაც იმსახურებდა. ის ლეგენდაა... ქართული სპორტის ლეგენდა.

  • რამდენი გადაიხადე?

იმ დღესაც სასპორტის სასახლის თაღებქვეშ გუგუნებდა ტრიბუნები. თბილისი თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ხალიჩის ცენტრში მეტოქეს შეჭიდებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი იდგა. ქომაგები ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდნენ ქართველ ფალავანს - ცოტა ხანს ნუ წააქცევ, ბიჭო, ეჭიდავე... გვაყურებინე... ლევანმა კი რამდენიმე წამში მოუმთავრა მეტოქეებს საქმე. საგარეჯოში ჩასულს მეზობლის ბიჭმა უსაყვედურა - ეგ რა ქენი, ჭიდაობა რატომ არ გვაჩვენეო.

- ბილეთში რამდენი გადაიხადე? - მოულოდნელად ჰკითხა ჩემპიონმა. როგორც სხვებმა, მანეთიო, უპასუხა.

- ჰოდა, რაც გადაიხადე, გენაცვალე, მეც იმისა ვიჭიდავე, - უთხრა ღიმილით ლევანმა.

მეზობლის ბიჭი თედიაშვილის მამას მიუბრუნდა: "ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბსა თითები კი არა, სხვა რამე უნდა წეეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რო არ გაგეკეთებინა"...

ქიტესა თედიაშვილი მეორე მსოფლიო ომისას ქერჩში დაიჭრა მძიმედ. ჰოსპიტალში გაიცნო მომვლელი რუსის გოგონა შურა გრიკალოვა, რომელიც ომის შემდეგ საქართველოში მოიწვია და მასზე დაქორწინდა. 1948 წელს ლევანი შეეძინათ. მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა სოფელში ისწავლა ნახერხმოყრილ სარბიელზე. 14 წლის იყო, საგარეჯოელმა მწვრთნელმა ვალერიან მეკოკიშვილმა რომ მიაქცია ყურადღება და ლევანიც მასთან ჭიდაობის სექციაში ჩაეწერა. კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრებისას არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა, ერთი იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. "ჭიდაობის პროფესორიც" დააკვირდა, მოეწონა და ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წამოიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკვალვაშიც დაეხმარა. შეგირდმაც არ დააღალატა ოსტატი - რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო ახალგაზრდებში. და მაინც, პირველი დიდი სერიოზული გამოცდა 1971 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩააბარა - ერთი ამოსუნთქვით სძლია ყველა მეტოქეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-5 სპარტაკიადის ფინალში სახელოვან მახაჩყალელ ფალავანს, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონ იური შახმურადოვს შეხვდა. მაშინდელი "სოვეტსკი სპორტი" წერდა: მსოფლიოში მოჭიდავე არ მოიძებნება, შახმურადოვს ხალიჩაზე ბეჭი დაადებინოსო. "შახის" მუდმივი მეტოქე გურამ საღარაძე გახლდათ, ჩვენი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი. დიდი სარბიელიდან მისი წასვლის შემდეგ ჩრდილოკავკასიელმა იფიქრა, მეშველაო, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო: სპარტაკიადის ფინალში მის პირისპირ დადგა 23 წლის საგარეჯოელი ჭაბუკი, რომელიც მეტოქეს თვალებში უყურებდა და იღიმოდა.

სახელოვანი მწვრთნელი გურამ თიკანაძე იგონებს: "როცა მსაჯებმა თედიაშვილი და შახმურადოვი ხალიჩაზე გამოიძახეს, ლევანის სეკუნდანტობა მე ვიკისრე. დავარიგე - ტემპში იჭიდავე, თამამად შეუტიე, მეტოქის იერიშს არ დაელოდო-მეთქი. თავიდან ინიციატივა ხელთ იგდო და ორი ქულაც მალევე აართვა. ახლა მოპოვებულის შენარჩუნება იყო საჭირო, ამიტომ შესვენებისას შევაქე და ვუთხარი - კარგია, ისევ მაგ ტემპში განაგრძე და, რაც მთავარია, ღიმილი არ დაგავიწყდეს-მეთქი".

მაგ ღიმილმა მოუღო ბოლო შახმურადოვს. საერთოდაც, საერთაშორისო სარბიელზე გამართული 600-ზე მეტი ორთაბრძოლიდან, ლევან თედიაშვილს არც ერთი პაექრობისას სახიდან ღიმილი არ წაშლია.

  • 80.000 დოლარი და ირანის შაჰი

- რკინის ნერვების პატრონი იყო! - იხსენებს ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო.

- საათს დავხედე - ერთი საათი-მეთქი.

- წავუძინებო!

- რას იზამ-მეთქი?

- წავუძინებო!

- ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.

- გადამრევს ეს კაცი! - ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა? აბა, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაძინებას შეძლებდა.

წავედი და ვნახე...

ღმერთო, შენ მიშველე!

სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...

შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.

- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...

სძლია პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.

1973 წელს ლევან თედიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამერიკაში მსოფლიო თასი მოიგო, ალმა-ატაში - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მერე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. მიღწევები თეირანში დააგვირგვინა: "ფარახის” სტადიონზე ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის - მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი ბენ პეტრსონი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმ დღეებში ირანის დედაქალაქში სამბისტებიც ჩავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ნაკრების წევრი გენადი რუხლიადევი საბჭოთა უშიშროებამ თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოიყვანა - ვალუტის გაცვლა-გამოცვლაში ყოფილა შემჩნეული. მწვრთნელები საგონებელში ჩავარდნენ - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო სამბოში და მარცხი არ უნდოდათ. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი ლენცმა დახმარებისთვის ვახტანგ ბალავაძეს მიმართა: ლევან თედიაშვილს ჭაბუკობისას სამბოშიც უჭიდავია, საკავშირო პირველობის პრიზიორიც ყოფილა და იქნებ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოთო. ორივენი ლევანს მიადგნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედები არ გაუცრუა. მერე საერთაშორისო არბიტრი შოთა ზუკაკიშვილი იხსენებდა, ლევანმა კახურად გვითხრა, "მაიტა, ვიჭიდავებო”. დილის ხუთ საათამდე გენადი გიორგაძესთან (თეირანში ისიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ერთად ამუშავებდა ილეთებს. მეორე დღეს გავიდა ლეიბზე და სულ ხუმრობა-ხუმრობით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. გააგრძელეთ კითხვა