ავტორი:

ხელოვნური ინტელექტის "ნათლია" ამბობს, რომ ნანობს AI-ის განვითარებაში შეტანილ წვლილს და სამსახურიდან მიდის - რა საფრთხეზე საუბრობს ჯოფრი ჰინტონი

ხელოვნური ინტელექტის "ნათლია" ამბობს, რომ ნანობს AI-ის განვითარებაში შეტანილ წვლილს და სამსახურიდან მიდის - რა საფრთხეზე საუბრობს ჯოფრი ჰინტონი

ხელოვნური ინტელექტის (AI) ნათლიად წოდებული ჯოფრი ჰინტონი სამსახურიდან, Google-დან წავიდა. მიზეზად კი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებს ასახელებს. ამბობს, რომ Google დატოვა, რათა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ თავისუფლად ლაპარაკის შესაძლებლობა მისცემოდა.

როგორც 75 წლის ჯოფრი ჰინტონი ამბობს, გარკვეულწილად ნანობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მისი წვლილიც არის. მან BBC-სთან განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გავლენა საშიში ხდება: "ამჟამად ისინი ჩვენზე ჭკვიანები არ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალე იქნებიან. თავს მარტივი მიზეზით ვიმშვიდებ: რომ არა მე, ამას სხვა გააკეთებდა", - აცხადებს ჰინტონი.

ხელოვნურ ინტელექტში გამოყენებული ტექნოლოგია ადამიანის ტვინთან იმითაა მსგავსი, რომ ის სწავლობს და ამუშავებს ინფორმაციას. სწავლობს გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ბრიტანელ-კანადელმა კოგნიტურმა ფსიქოლოგმა და მეცნიერმა BBC-სთან ისიც თქვა, რომ ჩატბოტებმა შეიძლება მალე გადალახონ "ინფორმაციის ის დონე, რომელსაც ადამიანის ტვინი ფლობს" და გაცილებით უფრო ჭკვიანები გახდნენ.

"ამჟამად, GPT-4 ადამიანის გონებას ზოგადი ინფორმაციის ცოდნით ჯობნის. მსჯელობის თვალსაზრისით, ის არც ისე გამოსადეგია, თუმცა უკვე შეუძლია მარტივი მსჯელობა. თუ პროგრესის ტემპს გავითვალისწინებთ, გვგონია, რომ ყველაფერი სწრაფად გაუმჯობესდება, ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ჰინტონმა.

მან ისიც თქვა, რომ ბევრ ადამიანს ხელოვნური ინტელექტის ბოროტი მიზნებით გამოყენების სურვილი გაუჩნდება.

"მაგალთად, პუტინი. მან შესაძლოა გადაწყვიტოს და რობოტს მისცეს შესაძლებლობა, შექმნას თავისი ქვემიზნები, როგორიცაა "მე კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მჭირდება", - ამბობს მეცნიერი და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ძალიან საშიშია.

მსგავს შეშფოთებას სხვა ადამიანებიც გამოთქვამენ, მათ შორის მილიარდერი ილონ მასკიცაა. მარტში ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ტექნოლოგიების სფეროს ათობით წარმომადგენელი მოუწოდებდა AI-ის შემქმნელებს, დროებით შეეჩერებინათ მისი განვითარება და მანამდე უსაფრთხოების ზომები შეემუშავებინათ და დაენერგათ.

ცნობისთვის, 2012 წელს ჰინტონმა ორ სტუდენტთან ერთად შექმნა სისტემა, რომელიც ისეთი მძლავრი ტექნოლოგიის შექმნის საფუძველი გახდა, როგორიცაა ChatGPT და Google Bard.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა