ავტორი:

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა

პარტია "დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა.

მისივე თქმით, კახა კალაძე თავისი ქმედებით ზრდის ქვეყნის დასანქცირების საშიშროებას.

"ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად საერთაშორისო პრესის და საერთაშორისო ყურადღება ეთმობა საქართველოში რუსული სანქციების არიდების "ხვრელების” არსებობას. სტატიები "ლემონდში”, "ფაინენშელ თაიმსში”, "პოლიტიკოში”, სადაც პირდაპირ საუბარია, რომ რუსეთის სამეზობლო და კონკრეტულად საქართველო გამოიყენება, როგორც რუსეთის სანქციების თავიდან არიდების "ხვრელად”. ამის აღმოფხვრა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. კერძოდ, ამას ადასტურებს რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის და მისი ჯგუფის დოკუმენტი, სადაც მოყვანილია კახი კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული რუსული ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით საკითხი. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც "რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება”, ანუ საქართველო და კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული რუსეთის დაფინანსების წყაროდ. რაც ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა. ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც მყისიერი რეაგირება უნდა გამოეწვია და მთლიანად შესყიდვების გადახედვა უნდა მომხდარიყო, კალაძის უწყებამ შეიძინა სანქცირებული "კამაზები“, რომლებიც ომში გამოიყენება”, - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, პარტია “დროა” გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს პერსონალური სანქციები შეეხოთ.

"მერიის სამსახურმა დაადასტურა, რომ დიახ, ეს შესყიდული იყო და ჩვენი შესყიდვების კანონი ამის საშუალებას იძლევა. მინდა მათ შევახსენო, რომ კანონი ითვალისწინებს - შესყიდვის პროცედურა შეიძლება გაჩერდეს, თუ ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს პასუხი ნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის არ დააფინანსოს რუსული სისხლიანი კამპანია, აგრესია და ომი უკრაინაში. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და პირდაპირი მინიშნება, რომ კალაძე ამ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, საშიშროებაა ქვეყნის სანქცირების. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები და ეს სანქციები პერსონალური იყოს. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის დაფინანსებას, ქართველი ხალხის ნებით არ ხდება ამ ფულის ხარჯვა, არც რუსულ ვაგონებზე და არც რუსულ კამაზებზე, ჩვენ აქ ვიბრძვით იმისთვის, რომ "რუსული ხელისუფლება”, რომელიც აფინანსებს პირდაპირ უკვე ომს, ჩამოცილებული ხელისუფლებიდან მშვიდობიანი არჩევნების გზით იყოს”, - განაცხადა ხოშტარიამ.