შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.