ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - მის "ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება" - ზურაბ ჩხაიძე

"მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - მის "ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება" - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ამას თავად პაციენტი აცხადებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან რკინის მაგიდას დაარტყა თავი, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ "ლუქს“ პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ არის.

"რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი "ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, გაავრცელებს თუ არა კლინიკა "ვივამედი“ ამ კადრებს, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული.

"ჩაწერას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს. კონსილიუმი ჩვენთან იკრიბება ყოველ დილით, პაციენტების განხილვაც ხდება და კონკრეტულთან ამ პაციენტთან დაკავშირებით უბრალოდ მოხდა მიმდინარე შედეგების განხილვა“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. "ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.