ავტორი:

"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები

"ჰქონდა "პრიორიტეტული" ბავშვების სია, თუ ვისზე უნდა მიეტანა პირველი იერიში" - როგორ დაგეგმა 13 წლის ბიჭმა მოსწავლეების მკვლელობა: სერბეთის ტრაგედიის დეტალები

პოლიციის ცნობით, მოზარდი, რომელმაც სერბეთის სკოლაში 8 მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი მოკლა, თავდასხმას კვირების განმავლობაში გეგმავდა და სია ჰქონდა ჩამოწერილი, თუ ვინ უნდა მოეკლა პირველი. 13 წლის ბიჭი ვლადისლავ რიბნიკარი დაწყებით სკოლაზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 6 მოსწავლე და მასწავლებელი. პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პარასკევიდან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

თავდასხმისას ეჭვმიტანილმა მამის ორი იარაღი გამოიყენა და როგორც ირკვევა, არასრულწლოვნის მამას მათი შენახვის კანონიერი ნებართვა ჰქონდა. მკვლელობამდე ის არაერთხელ წავიდა ტირში მამასთან ერთად და მიზანში სროლაზე ვარჯიშობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭის დედ-მამაც დაკავებულია.

"ბიჭმა ჯერ მასწავლებელს ესროლა, შემდეგ კი უაზროდ დაიწყო სროლა", - ყვებოდა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამა, რომელმაც თავდასხმისას გაქცევა მოასწრო.

სატელევიზიო მიმართვაში, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა თავდასხმის დღეს ყველაზე მძიმე დღე უწოდა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მისივე თქმით, ეჭვიტანილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიგზავნება. სერბეთის მოქმედი კანონმდებლობით, ბიჭს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან ის 14 წლამდე ასაკისაა. ვუჩიჩმა თქვა, რომ მკვლელობების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის ასაკი შესაძლოა, 12 წლამდე შემცირდეს.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65468404/vpid/p0fl46x1"></iframe>

პოლიცია ამბობს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმა 1 თვით ადრე დაგეგმა და "პრიორიტეტული" ბავშვების სია ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებზეც პირველად უნდა მიეტანა იერიში. მსხვერპლთა უმეტესობა 13-14 წლისანი იყვნენ. დაღუპულთა შორის 7 გოგონაა და 1 ბიჭი. მათ გარდა 4 ბიჭი და 2 გოგო დაშავდა. ბიჭი, რომელსაც ჭრილობა კისრის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მის გარდა, კიდევ ერთი გოგონაა თავის ტრავმით და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულ მასწავლებელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა