ავტორი:

"დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა" - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა მელია

"დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა" - რა განცხადებას ავრცელებს ნიკა მელია

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, "აუცილებელია, პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოების გაღრმავებას“.

"დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უკავშირდება - ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა.

ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოების გაღრმავებას.

დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა როგორც მინიმუმ:

1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე;

2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება იგი) პარტიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, - აცხადებს ნიკა მელია.