ავტორი:

ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

ექთნები 3 ახალი სპეციალობით გადამზადდებიან - "ჯეო ჰოსპიტალსისა" და USAID-ის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა

კლინიკების ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ USAID-ის პროგრამის - ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ - მხარდაჭერით, საქართველოში პირველად საექთნო დიპლომის შემდგომი განათლებისა და სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელებას იწყებს.

სამედიცინო პერსონალის გადამზადება „ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

ექთნები შეძლებენ შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალ ექთნებზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო კადრები - დეფიციტური.

პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენს. ამასთან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აღიჭურვება სასწავლო ცენტრი (სასწავლო ინვენტარით, აუცილებელი ლიტერატურით, მანეკენებით/სიმულატორებით) და გადამზადდებიან პედაგოგები.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა შეაფასა პროგრამის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა სამედიცინო სექტორში პროფესიონალი ექთნების მნიშვნელობას.

„ჯეო ჰოსპიტალსის ქსელმა“ USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება“, - განმარტა ნათია ნოღაიდელმა.

საექთნო გადამზადების ცენტრში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრნენ. USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა საქართველოსთვის ექთნების გადამზადების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეს რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად, შეესაბამება იმ სტრატეგიას, რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების შემოღება. USAID-ისა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ პარტნიორობით ინერგება საქართველოში ინოვაციური დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება,“ - აღნიშნა USAID-ის წარმომადგენელმა.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც დასაქმებული პერსონალის ნაწილი ასევე ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

შიდა ქართლში ახალი პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკურმა დირექტორმაც ისაუბრა:

,,ჯეო ჰოსპიტალსისთვის“, როგორც დარგის განვითარებასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს პასუხობს და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს,“ -აღნიშნა კახა გზობავამ .

პროგრამის პრეზენტაცია 4 მაისს მარნეულში გაიმართა, რომელსაც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

R