ავტორი:

"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე

"გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს" - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძეს არ უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, შენობის პირველი სართული გიორგი ვაშაძის ძმას ეკუთვნის და იქ სასტუმროა განთავსებული, თუმცა დანარჩენ ტერიტორიასთან, რომელიც დაილუქა, ვაშაძის ძმას შეხება არ აქვს.

"მე რაც მაქვს ინფორმაცია, ფართის მცირე წილი ეკუთვნის გიორგი ვაშაძის ძმას, რომელსაც წლებია სასტუმრო აქვს. დღესაც აქვს სასტუმრო შენობის პირველ სართულზე. დანარჩენი ორი სართული ეკუთვნით სხვა მესაკუთრეებს და არც საკუთრების უფლება აქვს და არც არანაირი შეხება დალუქულ ფართთან,“ - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ მანჯგალაძემ.

მისივე ინფორმაციით, შენობის ნულ სართულს იყენებდნენ საწყობად.

"მეგონა, როცა "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით ვინმეზე რამეს ლაპარაკობდნენ, რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ. რა "ქოლ-ცენტრზეა“ ლაპარაკი, არაფერთან შეხებაში არ არის. ეს სჭირდებათ პროპაგანდისთვის, რომ ყველა "ქოლ ცენტრებთან“ არის დაკავშირებული. ამ დროს "ქართული ოცნება“ უშლის ხელს თავად საგამოძიებო კომისიის შექმნას და თავად არის დაკავშირებული მასთან. სისულელეა და პროპაგანდა, შუა საუკუნეებში ხდებოდა ასე, რომ ეშმაკეულად გამოგაცხადებდნენ და მერე შანსი არ გქონდა დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ, სისულელე და ბოდვაა. კი, პარტიაში 10 კომპიუტერი გვაქვს, მერე?! რა ტერიტორია, რა სისულელეა. რომ გაიხსნება ეს კომპიუტერები, რა აღმოჩნდება? - მოქალაქეების ბაზები, რომლებიც არიან ჩვენი მხარდამჭერები. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რცხვენოდეს იმ ხალხს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. არანაირი ოფისი არ არის საერთოდ, საწყობია ძველთა ძველი, რომლშიც 5 წელია პარტიის კომპიუტერებია შენახული,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, აღმაშენებლის გამზირის #75-ში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ოფისი დალუქეს, იქამდე კი კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შენობა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძის სახელთან არის დაკავშირებული.