ავტორი:

თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა

თუ მეფეს უყვარხარ - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე: სხვა კამილა

თუ მეფეს უყვარხარ, მთელი მსოფლიოც რომ დაგიპირისპირდეს, შენ მაინც გახდები დედოფალი - ეს კამილა პარკერის ამბავია, ქალის, რომელიც ბრიტანელების, და არამხოლოდ, უმეტესობას სძულდა, თუმცა დღეს დედოფლის გვირგვინს დაიდგამს. მისი გზა დედოფლობამდე არ ყოფილა მარტივი, როგორც ბრიტანელები ამბობენ, იმ სიმშვიდის მიღმა, რომელიც საჯაროდ გამოჩენისას კამილას სახეზე ყოველთვის ნიშანდობლივია, ქარიშხალი იმალებოდა.

ის მეფე ჩარლზის ცხოვრების სიყვარულია, ახალგაზრდობიდანვე მისთვის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანი იყო. თავდაპირველად არც საზოგადოება, არც სამეფო ოჯახი არ იღებდა, თუმცა ეტაპობრივად ყველა მიეჩვია, რომ საჯარო სივრცეში მუდმივად იყო ჩარლზის გვერდით, საბოლოოდ, ყველამ აღიარა.

ალბათ, სულ რამდენიმე ქალი ყოფილა ისე შეურაცხყოფილი საზოგადოებისგან და ისე მიუღებელი, როგორც კამილა. ის იყო "სხვა ქალი“, რომელსაც ადამიანები "საუკუნის ქორწინების" დასრულებას აბრალებდნენ, ის დღემდე რჩება პრინცესა დაიანასთან მუდმივი შედარების ობიექტად. და მიუხედავად დედოფლობისა, დღემდე გარდაცვლილი პრინცესას ჩრდილშია. კამილა ბრიტანული სამეფო კარის რეალური თამაშების ყველაზე ბოროტ პერსონაჟად მიიჩნევა. თუმცა არის ის ისეთი ბოროტი, როგორც მედია წარმოგვიდგენს, თუ სამეფო წესების მორიგი მსხვერპლი იყო, რომელზეც დროთა განმავლობაში უბრალოდ გაიმარჯვა?

წლების განმავლობაში პრესა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა მის ხასიათს, ქცევებს, გარეგნობას, დაუნდობლად უტევდა, მაგრამ გაუძლო ქარიშხალს, უფრო მეტიც, გააძლიერა თავისი პოზიცია და დღეს ბრიტანულ სამეფო ოჯახში რანგით ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ქალია. ქალი, რომელიც მონარქიის უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა, დღეს დედოფალია.

"მე ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ, თქვენ უბრალოდ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება", - ამბობს კამილა.

  • ბავშვობა

ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ის ოდესმე ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინდებოდა. კამილა 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა. მისი ოჯახი მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო, მდიდრები იყვნენ, ჰქონდათ კარგი კავშირები, თუმცა არა სამეფო. სკოლა შვეიცარიაში დაამთავრა, შემდეგ კი ლონდონურ საზოგადოებაში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით 60-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა ოფიცერ ენდრიუ პარკერ ბოულსთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა.

მარცხნიდან პირველი - კამილა 16 წლის ასაკში

  • ხანგრძლივი რომანის დასაწყისი

1970-იანი წლების დასაწყისში გააცნეს ახალგაზრდა პრინცი ჩარლზი. პრინცის ბიოგრაფიის ავტორი, ჯონათან დიმბლბი ასე აღწერს მათ თავდაპირველ ურთიერთობას: "კამილა იყო მოსიყვარულე, თავგანწირული, პირველი სიყვარულისთვის დამახასიათებელი მთელი სიმძაფრით - ჩარლზმა კი მასთან პირველი შეხვედრისთანავე თავი დაკარგა“.

ჩარლზისთვის შესაძლოა, გაცილებით მარტივი ყოფილიყო ცხოვრება, თავიდანვე კამილაზე რომ დაქორწინებულიყო. თუმცა სამეფო ოჯახმა არ მისცა ამის უფლება. რაც არ უნდა მოძველებულად ჟღერდეს, იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც სამეფო ოჯახმა კამილაზე უარი თქვა, ისაა, რომ მას არ ჰქონდა ტიტული და არ ჰქონდა ქალწულის რეპუტაცია.

1972 წლის ბოლოს ჩარლზი რვა თვით წავიდა საზღვაო ფლოტში. ამ პერიოდში ენდრიუ სპენსერმა კამილას დაქორწინება შესთავაზა, კამილაც დასთანხმდა, რადგან იცოდა, რომ ჩარლზს აკრძალული ჰქონდა მასზე ქორწინება. სჯეროდა, რომ ტახტის მემკვიდრისგან შეთავაზებას ვერ მიიღებდა.

კამილასა და ენდრიუ პარკერ ბოულსის ქორწილის ფოტო

მიუხედავად ყველაფრისა, ჩარლზი და კამილა დარჩნენ ერთმანეთის ცხოვრებაში, მუდმივად ურეკავდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ მეგობრების მიერ გამართულ წვეულებებზე.

დაშორების შემდეგ ისინი ერთად ესწრებოდნენ პოლოს თამაშებს და შემორჩენილ ძველ ფოტოებში "მიძინებული სიყვარული" ჩანს

წიგნში "პრინც ჩარლზის ცხოვრების წარმოუდგენელი ვნებები და პარადოქსები“, ავტორი სალი ბედელ სმიტი წერს, რომ ჩარლზმა და კამილამ 1979 წელს რომანი აღადგინეს, ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც ჩარლზი დაიანაზე დაქორიწინდა. 1986 წელს კი რომანი კვლავ განაახლეს.

Diana: Her True Story-ის ავტორმა ენდრიუ ნორტონმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ითხოვდა ქორწილის ჩაშლას დაიანა ქორწილამდე ორი დღით ადრე მას შემდეგ, რაც იპოვა ჩარლზის მიერ კამილასთვის შეკვეთილი გრავირებული სამაჯური.

კამილა და მისი შვილები პირველი ქორწინებიდან - ტომი და ლორა

  • სკანდალები

1989 წელს ჩარლზსა და კამილას შორის ინტიმური სატელეფონო საუბარი იყო, რომელიც ერთი წლის შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა. საუბრის დროს პრინცი ამბობდა, რომ სურდა "კამილას შარვალში ეცხოვრა“. 1992 წელს დაიანა და ჩარლზი უკვე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. შემდეგ იყო პრინცესას სკანდალური ინტერვიუ. 1994 წელს ჩარლზმა აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა. 1996 წელს დაიანა და ჩარლზი ოფიციალურად განქორწინდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში დაშორდა კამილაც ქმარს.

კამილა და პრინცესა დაიანა

  • გზა ტახტის მემკვიდრის ცოლობამდე

1997 წელს, პრინცესა დაიანას ავტოკატასტროფაში დაღუპვამ, კამილას გზა ჩარლზის ცოლობამდე კიდევ უფრო გაართულა. საზოგადოებას მის მიმართ უდიდესი აგრესია ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო ოჯახმა სახლიდან გამოსვლაც კი აურძალა. მაშინ BBC-მ გამოკითხვაც ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ბრიტანელების 2/3 ამბობდა, რომ წინაღმდეგი იყო, ჩარლზი ოდესმე გამხდარიყო მეფე, თუ ის კამილაზე დაქორწინდებოდა. საზოგადოება სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ რომანს. ეს აღიქმებოდა სამეფო ოჯახის წევრების მიერ დაიანას მიმართ გამოჩენილ სისატიკედ.

1999 წელი - კამილა და ჩარლზი პირველად გამოჩნდნენ ოფიციალურად საჯაროდ ერთად

წლები გავიდა და 2005 წელს ჩარლზი და კამილა მაინც დაქორწინდნენ. ვაჟები, ჰარი და უილიამი მამას ევედრებოდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა. ამის შესახებ პრინცი ჰარი თავის მემუარებში წერს. "ბოლოს ჩვენ მიხვდვით, რომ ის საბოლოოდ მაინც იქნებოდა იმ ქალთან, რომელიც უყვარდა, რომელიც ყოველთვის უყვარდა“, - წერს ჰარი.

2005 წელი - ჩარლზისა და კამილას ქორწილი

  • იმიჯის გამოსწორების მცდელობა

დაიანას სიკვდილის შემდეგ კამილა ყველას სძულდა. ჩარლზმა დაიქირავა პიარის გურუდ წოდებული მარკ ბოლანი, რათა დახმარებოდა მათ იმიჯის გამოსწორებაში. ბოლანი აწვდიდა ბრიტანულ პრესას ინფორმაციას, რომელიც ჩარლზსა და კამილას უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენდა. თანდათან ისინი საზოგადოების თვალში უფრო მეტად ადამიანურები ჩანდნენ.

უკვე წლებია, კამილას სამეფო ოჯახის ოფიციალურ ღონისძიებებზე, საჯაროდ გამოსვლის დროს საკვანძო როლი აქვს

პრინც ჰარის ნაამბობის მიხედვით, კამილას რეპუტაციის გამომსწორება სამეფო ოჯახის სხვა წევრების განადგურების ხარჯზე ხდებოდა. გარდა ჰარისა, სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა ადამიანებმა ბოლანი დაადანაშაულეს ოჯახის სხვა წევრების შესახებ ინფორმაციით ვაჭრობაში.

"მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც დაქორწინდა სამეფოს წარმომადგენელზე და გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო საკუთარი რეპუტაციისა და იმიჯის გასაუმჯობესებლად“, - თქვა ჰარიმ Good Morning America-სთან საუბრისას.

მედია წერს, რომ კამილას უდიდესი გავლენა აქვს ჩარლზზე. თუ ჩარლზი უხეშობს, ვინმეს ეჩხუბებას, საკმარისია მხოლოდ ერთხელ შეხედოს ქმარს და ჩარლზი სულ სხვა ადამიანი ხდება

“საზოგადოების თვალში ის იყო ბოროტი, ის იყო მესამე ადამიანი ქორწინებაში და სჭირდებოდა თავისი იმიჯის რეაბილიტაცია“, - თქვა პრინცმა ანდერსონ კუპერთან ინტერვიუში. ჰარის თქმით, ბრიტანულ პრესასთან კავშირების გამო კამილა კიდევ უფრო საშიში იყო. ის ყოველთვის ღია იყო ინფორმაციით ვაჭრობისთვის.

დედოფალ ელისაბედს წლები დასჭირდა კამილას მისაღებად, თუმცა საბოლოოდ, მაინც დასთანხმდა ჩარლზს, რომ ის ცოლად მოეყვანა

2005 წელს, როდესაც ჩარლზმა და კამილამ იქორწინეს, პრინცმა ჰარიმ, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, კამილას შესანიშნავი ქალი უწოდა, რომელმაც მისი მამა გააბედნიერა. "მე და უილიამს ის გვიყვარს და კარგად ვუგებთ“, - ამბობდა მაშინ ჰარი.

კამილას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება კიდევ უფრო პოზიტიური გახდა სერიალ Crown-ის გამოსვლის შემდეგ. სერიალში აღწერილია სასიყვარულო სამკუთხედი, ჩარლზის დამოკიდებულება მის მიმართ.

დიახ, ის იყო ქალი, რომელიც ტახტის მემკვიდრეს ყველაზე მეტად აღელვებდა და ყველაზე მეტად უყვარდა. პრინცესა დაიანამ ხალხის გულები "მოიპარა", თუმცა ჩარლზის გული სამუდამოდ კამილას ეკუთვნოდა.