ავტორი:

ომბუდსმენი არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანი საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.

ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვანების ოჯახშიც.

როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.