დღეს დილით, აშშ-ი, კერძოდ კი ნიუ ჯერსიში UFC 288 გაიმართა. ტურნირის მთავარ ბრძოლაში ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი, მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი, ალჯამაინ სტერლინგი ტიტულს ლეგენდარულ ჰენრი სეჰუდოსთან იცავდა. ბრძოლის დაწყებიდან მერაბი ალჯოს კუთხეში იდგა და მეგობარს პერიოდულად რჩევებს აძლევდა.
შეხვედრა დაგეგმილი 5 რაუნდი გაგრძელდა და დიდად სანახაობრივი არ გამოდგა. ახლო ბრძოლაში მსაჯების აზრები გაიყო, 2-მა მსაჯმა სტერლინგის სასარგებლოდ დათვალა ქულები, ერთმაც - სეჰუდოს. ამგვარად ალჯომ ტიტული დაიცვა. 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული სეჰუდო კი კვლავ კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.
თუმცა ბრძოლის შემდეგ, ყველაზე საინტერესო მომენტი დაიწყო. ოქტაგონზე სტერლინგის მომავალი მოწინააღმდეგე, შონ ო’მალი ამოვიდა. სიტუაცია მყისიერად დაიძაბა. სტერლინგმა და ო’მალიმ ერთმანეთის მიმართ ჩვეული მუქარები დაიწყეს. შოუს ელემენტების გამძაფრებისთვის, ო’მალიმ თავის ძვირადღირებული წითელი ტყავის ქურთუკი გაიხადა და ძირს დააგდო, თითქოს, ბრძოლისთვის იმ მომენტშივე მზად იყო.
ცოტახანში ეს ქურთუკი მერაბ დვალიშვილმა მოირგო. გალიაზე აძვრა და გულშემატკივარს დაენახა. შემდეგ თავმომწონედ პოზირებდა. სიტუაცია ისევ დაიძაბა, ო’მალი ქურთუკს ითხოვდა. გულშემატკივარი მომხდარზე იცინოდა. საბოლოოდ, დვალიშვილმა შონს ქურთუკი დაუბრუნა.
მომხდარის ვიდეო და ფოტოები ვირუსულად გავრცელდა. დანარჩენი მებრძოლები ხუმრობენ, რომ მერაბმა მოსაწყენი ტურნირი გაახალისა და ამაში 50 000 დოლარიანი ბონუსიც უნდა მიიღოს.
ავტორი: ანრი კურტანიძე