ავტორი:

"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. სკუდეტო გუნდმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა, თუმცა ბოლო 33 წელიწადში პირველად. დიეგო არმანდო მარადონას შემდეგ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული პირველად გახდა.

ეს წარმატება რა თქმა უნდა, მწვრთნელისა და მთლიანი გუნდის დამსახურებაა, თუმცა ნეაპოლური კლუბის რიგები მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით კაშკაშებდნენ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.

ქართველები შესაძლოა, სუბიექტურები ვართ კვარაცხელიას მიმართ, თუმცა მის ფენომენალურ საფეხბურთო ნიჭზე წერს უამრავი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რიგითი გულშემატკივრით დაწყებული ფეხბურთის ლეგენდებითა და ექსპერტებით დამთავრებული. ცხადია, იტალიელებმა ის განსაკუთრებით შეიყვარეს.

სერია A-ს ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე“ პოსტერს აქვეყნებს, სადაც ჩანს სამეფო ტახტზე მჯდომი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონის თასის გვერდით, ხოლო მეფის გვირგვინს მას ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ადგამს თავზე.

“ნეაპოლში ახალი მეფე დაგვირგვინდა“, - წერია ფოტოს აღწერაში.

ეს ფოტო ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი პოსტია. ქართველები სიხარულითა და სიამაყით აზიარებენ, ალაიქებენ და კომენტარებს წერენ, თუმცა პარალელურად ასობით ნიგერიელი აპროტესტებს ამგვარ პოსტერს და წერენ, რომ მსგავსი ფოტო არა კვარაცხელიას, არამედ ვიქტორ ოსიმენს ეკუთვნის.

  • ზოგიერთი სერია ა-ს რასიზმშიც კი ადანაშაულებს.

"ამ პოსტერის გამო სერია ა მეზიზღება და ვლოცულობ, რომ ოსიმენმა ის დატოვოს“.

“ასეთი ქცევა არ შეგეფერებათ, ოსიმენს იმიტომ ჩაგრავთ რომ ნიგერიელია, ეს უპატივცემულობაა“

"ვიქტორმა ნაპოლი უნდა დატოვოს და მაშინ მიხვდებით, ვინ იყო მეფე“

"ოსიმენის გარეშე ნაპოლი ვერაფერს მიაღწევდა“, - ასეთი შინარსისაა ძირითადად ოსიმენის თანამემამულეების კომენტარები. არიან ისეთებიც რომლებიც წერენ, რომ მსგავს პოსტერს ვიქტორისთვისაც მოამზადებენ.

ქართველების უმეტესობა ამშვიდებს ნიგერიელებს და წერს, რომ რეალურად, კვარაც და ოსიმენიც "ნაპოლის" საკვანძო მოთამაშეები არიან და თან ისინი მეგობრობენ.

"ხვიჩას რომ ჰკითხოთ, ვინ იმსახურებს მეფის ტიტულს, ვიქტორს დაასახელებს, ვიქტორს თუ ჰკითხავთ, ის იტყვის, რომ "კვარაა" საუკეთესო", - წერს ერთ-ერთი ქართველი ფოტოს კომენტარებში.