ავტორი:

"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ

"პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება" - დიდი პრობლემები რუსულ არმიაში და ეფ-ეს-ბეს მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ

3 მაისს, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა კრემლზე დრონებით თავდასხმა და ეს „უკრაინას დააბრალა. "ორი უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო კრემლისკენ. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების გამოყენებით დროული მოქმედებების შედეგად აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ ჩამოვარდნასა და კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია", - ვკითხულობთ კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მომხდარი კრემლმა „ტერორისტულ აქტად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, კრემლის ერთ-ერთ ქონგურზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი როგორც ჩნდება. უკრაინის ხელისუფლებამ ამ თავდასხმაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის ისიც, რომ ამის ორგანიზატორი შესაძლოა ისევ მოსკოვია. 5 მაისს კი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და სპონსორმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ "ვაგნერი" 10 მაისს დატოვებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართა. მისი თქმით, „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1-ლი მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს. „"მათ ჰგონიათ, ისტორიაში გამარჯვებულებად შევლენ, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად", - ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში. სწორედ ამ თემებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- როგორც არაერთი დასავლური გამოცემაც წერს, მეც ვფიქრობ, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა უკრაინის ხელისუფლების უშუალო გადაწყვეტილებით არ მომხდარა. ამაზე მეტყველებს ოფიციალური კიევის წარმომადგენლების განცხადებებიც. მიმაჩნია, რომ მომხდარი დივერსიულ აქტს ჰგავს. არ გამოირიცხება ვერსია, რომ დრონები რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს შესაძლოა თვითონ რუსებმა მოაწყვეს. სამხედრო სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთლად ისე არ უნდა იყოს საქმე, როგორადაც წარმოაჩინეს. თუ ამის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას, რთული სათქმელია, ამით რისი მიღწევა სურდათ. ფაქტია, ამან უფრო მეტად დააზარალა რუსეთის, როგორც ძლიერი სამხედრო ქვეყნის, ისედაც შელახული იმიჯი.

რაც შეეხება პრიგოჟინს, მის მუქარასა და პიარსვლებს, ასეთი ვითარებაა: პრიგოჟინი უკმაყოფილოა, რომ მას და მის დაჯგუფებას იმდენ იარაღს აღარ აძლევენ, რამდენსაც ადრე იღებდა. აქამდე მისი დაჯგუფება პრივილეგირებული იყო. ახლა ეს შეიცვალა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს შეიარაღებაში პრობლემა აქვს. განსაკუთრებით დეფიციტურია ჭურვები. ვერ აუდის რუსული სამხედრო წარმოება ამხელა დანაკარგს, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბური დაპირისპირებისთვის. როგორც ამბობენ, ურალში რამდენიმე ქარხანა აამუშავეს, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებენ იარაღით სამხედროების მთელ ფრონტზე მომარაგებას. უნდა ითქვას ისიც, რომ გარკვეულწილად ამზადებენ იარაღის რეზერვსაც, რადგან უკრაინელების მასირებული შეტევის შემთხვევაში რეზერვების გარეშე მოგერიება ძალიან გაუჭირდებათ. პრიგოჟინი აღშფოთებულია, რომ ბოლო ორი თვეა დაკარგა პრივილეგიები და ახლა ცდილობს, რომ იტყვიან, პოზაში ჩადგეს.

გარდა ამისა, მწვავე დაპირისპირებაა რუს სამხედრო ხელმძღვანელობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ომის განმავლობაში 17 ხელმძღვანელი გამოიცვალა ამ ე.წ. სამხედრო ოპერაციის სხვადასხვა მონაკვეთზე, მათ შორის საერთო ხელმძღვანელობაშიც. პუტინი ცდილობს ამ მიმართულებით ძალები დააბალანსოს. საზოგადოდ, სამხედრო თვალსაზრისით, ყოვლად არაკორექტულია კერძო სამხედრო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ფრონტის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე იბრძვიან და ლამის მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებიან. ამ პროცესმაც აჩვენა, რომ რუსული არმია ორგანიზაციულად ძალიან დაბალ დონეზეა. კრიტიკას ვერ უძლებს მისი სამხედრო ხელმძღვანელობა. იმ კორუფციამ, რომელიც რუსეთშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში ყვაოდა სამხედრო სფეროში, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ამ ომმა გამოაჩინა უდიდესი ნაკლოვანებები. კერძოდ, ის, რომ ეს არის შიგნიდან მოშლილი, მომპალი სახელმწიფო. როგორც სამხედროები ამბობენ, ისინი უკრაინისგან არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას, ამისთვის არც იყვნენ მზად და ძალიან გაუჭირდათ ახალ რეალობაზე გადაწყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 9 თვის განმავლობაში ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი. როგორც იუწყებიან, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. არც უკრაინის დანაკარგია მცირე, მაგრამ მსოფლიოში მეორე არმია რომ გქვია, ერთ პატარა ქალაქს ამდენ რესურსს შეალევ და შედეგსაც ვერ იღებ, ძალიან სამარცხვინოა.

- კრემლის თავზე დრონების გამოჩენის შემდეგ რუსებისგან არაერთი მუქარა გაისმა, მათ შორის ზელენსკის ლიკვიდაციის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილი აღლუმი გააუქმონ. თავის მხრივ, გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა უკრაინამ სწორედ 9 მაისს დაიწყოს რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევა.

- ჩემი აზრით, პუტინს აღლუმის ჩატარება და "სამხედრო დიდების" ჩვენება საკუთარი მოსახლეობისთვის ახლა ძალიან სჭირდება. ამიტომ, მეეჭვება აღლუმი გააუქმონ. რაც შეეხება რუსეთის მუქარას, ჯერ მათი რაიმე განსხვავებული მოქმედება არ ჩანს, თუმცა შეუძლიათ კიევზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ, მათ შორის დაბომბონ სამთავრობო შენობები, რისგანაც აქამდე აშკარად იკავებდნენ თავს. ამასთანავე, უკვე კარგა ხანია ველით უკრაინის გააქტიურებასა და კონტრშეტევის წამოწყებას. ამას დაამთხვევენ 9 მაისს თუ არა, რთული სათქმელია. რუსეთისგან რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მასშტაბურ სამხედრო შეტევას არ ველი. აშკარაა, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არა აქვს. ბახმუტმა ორივე მხრიდან ძალიან დიდი სამხედრო რესურსი შეიწირა, მაგრამ უკრაინელები იმ ტიპის შეიარაღებას, რითაც იქ იბრძვიან, ყოველდღიურად იღებენ დასავლეთიდან, რუსეთის წარმოებას კი ძალიან უჭირს. უკრაინელებს სხვა გზა არა აქვთ, მათ უნდა დაიწყონ შეტევა, ვფიქრობ, ეს უკვე მალე მოხდება. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრში ამ ომთან დაკავშირებული გარკვეული პროცესები მიდის. ეს პოლიტიკურ განცხადებებშიც ჩანს. ბოლო დროს მეტად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია. ეს ქვეყანა პროცესში აშკარად სულ უფრო მეტად ერთვება. სი ძინპინის საუბარი ზელენსკისთან და გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთზე, როგორც აგრესორზეა ლაპარაკი, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ჩემი აზრით, რუსეთის მდგომარეობა კრიტიკულია. არც უკრაინისთვის არის მარტივი ვითარება სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მის მხარეს არის მორალური უპირატესობა და აქვს არნახული მხარდაჭერა, რაც მის უპირატესობას განაპირობებს.

- რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციასა და ტერაქტებს გეგმავდნენ. ამავე წყაროს მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები ყირიმში მათ საქართველოდან შეიტანეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ცდილობს საქართველო ამ კონფლიქტში მონაწილედ წარმოაჩინოს, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამოკიდებულებაში ზედმეტ სიფრთხილესაც კი იჩენს. ამ ვითარებაში ეს ბრალდებები რას ემსახურება?

- ერთი ვერსიით, შეიძლება ეს საინფორმაციო ომის ნაწილად განვიხილოთ, რომლის დროსაც რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილები გაახმაუროს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყირიმის ხიდის აფეთქებაშიც ქართულ კვალს ეძებდნენ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ნამდვილად ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთს არ მისცეს საბაბი საქართველოში სამხედრო მოქმედებების წამოსაწყებად. ამგვარი გეგმები რუსეთს ჰქონდა როგორც საქართველოზე, ასევე მოლდოვასა და ყაზახეთზეც. უკრაინაში ომის ამგვარად განვითარების შემდგომ კრემლს ამის რესურსი თითქოს აღარ აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მათ პროვოკაციის მოწყობა და არეულობის კერის შექმნა ყოველთვის შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამით არის განპირობებული სწორედ ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი შეხედვით გადამეტებული სიფრთხილე. გააგრძელეთ კითხვა