ავტორი:

"ბანკიდან კრედიტს ვიღებდი და ისე ვმონაწილეობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოფენებში" - მხატვარ დავით ივანიშვილის გზა ამერიკულ წარმატებამდე

"ბანკიდან კრედიტს ვიღებდი და ისე ვმონაწილეობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოფენებში" - მხატვარ დავით ივანიშვილის გზა ამერიკულ წარმატებამდე

მხატვარ დავით ივანიშვილს აქვს საქართველოს ღირსების მედალი და უკრაინის მედალი კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის, კიდევ მნიშვნელოვანი ჯილდოები ხელოვნებაში... მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული: საქართველოში, შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, პორტუგალიაში, მალტასა და რუსეთში. გამოფენებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამჯერად ამერიკაში მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს გამოფენაში.. არის რომანოვების გერბის ავტორი... მისი გვარიდან გამომდინარე კითხვა ბიძინა ივანიშვილთან კავშირზეც დასმულა, ამბობს რომ არ იცნობს, თუმცა შესაძლებელია თავად ბიძინა ივანიშვილმა მასზე იცოდეს...

დავით ივანიშვილი:

- შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ჭიდილში ვარ ხელოვნების გზასა და სხვა დანარჩენს შორის, თითქოს ეს ორი უკიდურესობა ემიჯნება ერთმანეთს იმიტომ, რომ ხელოვნება ნამდვილად მოითხოვს მსხვერპლს. ასე არ არის, რომ ავიღო ფუნჯი და დავიწყო ხატვა, განწყობის მოპოვებასაც უდიდესი ძალა და ენერგია სჭირდება, მომდევნო ეტაპი კი არის შრომა, რომელიც ღამეებს მათენებინებს. მხოლოდ მაშინ ვხვდები დაღლას, როცა ნახატს დავამთავრებ, მანამდე კი სხვა განზომილებაში ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, მგონია, რომ ეს განცდები დაბადებიდან დამყვა, რადგან სულ ეს გრძნობა მახლდა თან, როცა ნახატზე ვმუშაობდი, ბავშვობაშიც და ახლაც.

დარწმუნებული ვარ სხვა მხატვრებიც იმავეს გრძნობენ, ვინც ნამდვილი შემოქმედები არიან. აქ არ არსებობს დრო, დროსა და სივრცეში თავად მოგზაურობ, ხოლო სხეული კი დგას და შრომობს თავდაუზოგავად. ამ თავდაუზოგავმა შრომამ და რწმენამ მომიყვანა აქამდე, გზად კი უამრავი სირთულე გადავლახე. მინდა თამამად ვთქვა, რომ არასოდეს არ მყოლია სპონსორი და არ მქონია დაფინანსება. ბანკიდან კრედიტს ვიღებდი და ისე ვმონაწილეობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. მაქვს საქართველოს ღირსების მედალი და უკრაინის მედალი კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის, კიდევ მნიშვნელოვანი ჯილდოები ხელოვნებაში. დღემდე ამ ასპარეზზე თავად მოვედი, ძალიან ბევრ გამოფენებში მაქვს მონაწილეობა მიღებული ევროპაში და ახლა ამერიკაში…

თავდაპირველად, როცა ტილოზე ზეთით დავიწყე მუშაობა, ჰიპერრეალიზმის სტილში ვხატავდი. ანუ ვცდილობდი მიმეღწია მაქსიმალურად რეალურთან და ნახატი ხელშესახები ყოფილიყო. მუდამ ძიების პროცესში ვიყავი და ჩემი შემოქმედების შემდეგ ეტაპზე ვცდილობდი, დამერღვია მიღწეული და რამე ახალი სტილით დამეხატა, რომელიც იქნებოდა აბსოლუტურად ჩემი და ის ყველგან ცნობადი იქნებოდა, ეს დავისახე მიზნად, ამ სულისკვეთებით ჩემმა ნამუშევრებმა რამდენიმე ევოლუცია განიცადა. ასე მოვედი აქამდე. ახლა ვფიქრობ, რომ მკვეთრად განსხვავებული მანერა მაქვს ჩამოყალიბებული და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შევქმნა და განვავითარო ეს სიახლე. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა ეტაპზე გადავიდე, რადგან ყველაზე დიდი ინსპირაცია არის ის, რომ რაღაც ახალი იბადება თითქოს სადღაც უხილავი სამყაროდან მოსული და ამ ყველაფრის გამტარი არის საკუთარი სხეული.

- ნიუ-იორკში უმნიშვნელოვანესი წარმატება გქონდათ...

- 2023 წლის 25 აპრილს გამოფენა "არტ ექსპო ნიუ-იორკზე" მივიღე მონაწილეობა, ეს არის ერთგვარი ზეიმი ხელოვნებაში. ოთხდღიან გამოფენას ორგანიზატორობას უწევს ძალიან ძლიერი არტ ჯგუფი, წლების გამოცდილებით. ამ გამოფენაზე უამრავი ხელოვანი და ხელოვნების მოყვარული ადამიანი იყრის თავს, ის წელიწადში ერთხელ ტარდება მანჰეტენზე და შესაბამისად, ყველა მოუთმენლად ელოდება ამ “ხელოვნების ზეიმს”, ამიტომ შესაბამისად, ათეულ ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ამ კონკრეტულ ექსპოზე უკვე მეორედ გავდივარ. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე მოხიბლული ვარ და თანდათან ჩემი ხელოვნების განუყოფელი ნაწილი ხდება ამხელა მასშტაბების გამოფენები.

გამოფენა "არტ ექსპო ნიუ-იორკი" და დავით ივანიშვილის ნახატები

აქ წარმოდგენილი მხატვრები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საშუალება გვაქვს გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ხელოვნებას. აგრეთვე საკუთარ ხელოვნებაზე მოისმინო თანამედროვე გალერისტებისგან და უბრალოდ, ხელოვნების მოყვარულთაგან ერთგვარი შეფასება. ეს გაძლევს საშუალებას, გამოიტანო დასკვნა, რამდენად "უწყობ ფეხს" თანამედროვე ხელოვნებას. რა თქმა უნდა, დიდი კონკურენციაა რადგან არიან ისეთი მხატვრები ვინც ამ დიდ სივრცეში სოლო გამოფენას მართავენ და კიდევ არიან გალერეები, რომლებსაც მხატვრებთან კონტრაქტის საფუძველზე წარადგენენ მათ, რა თქმა უნდა, ორივე ძალიან კარგია, მაგრამ გალერეის წარდგენას თან ახლავს “პრომოუშენი”, თვითონ გალერეის პრესტიჟი, აგრეთვე მათი კავშირები და ა.შ. ანუ ძალიან ბევრი მხატვრის თვითმიზანია ამ დიდ შოუზე, როგორიც “არტ ექსპო ნიუ-იორკია”, რომელიმე გალერეა დააინტერესოს. შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. უფრო სწორედ, ამას გამართლება არ ჰქვია, აქ უკვე ყველაფერი თავად იმ პროდუქციაზე დამოკიდებული, რასაც მხატვარი სთავაზობს დამთვალიერებელს.

როგორც ჩანს, ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა არაერთი გალერეა და შემოთავაზებებიც მივიღე. მთავაზობდნენ ერთიდან სამ წლამდე კონტრაქტს, ამ ეტაპზე ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ გალერეასთან გავაფორმე ხელშეკრულება და ძალაში შედის მაისის თვიდან. მაქვს აგრეთვე სხვა შემოთავაზებაც. ორივე გალერეა მანჰეტენზე მდებარეობს. ჩემი კონტრაქტორი გალერეა წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტს მთავაზობს - მუზეუმებთან და პრესასთან თანამშრომლობას, ონლაინ გამოფენებს.

ჩემს შესახებ დაიბეჭდება წლის მხატვრების წიგნში "Contemporary art 2023 "და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გალერეა წარმადგენს ისეთ ოთხ დიდ ქალაქში, როგორებიცაა ლოს-ანჟელესი, მაიამი, ჰემფტონები და ნიუ-იორკი...ეს არის, რა თქმა უნდა, უფრო გაშლილი, ფართო შესაძლებლობები. მიხარია, რომ საქართველოს წარმოვადგენ ამ უზარმაზარ ხელოვნების სამყაროში.

გალერეები, რომლებიც ჩემით დაინტერესდნენ, ხაზს უსვამენ ჩემს დამახასიათებელ სტილს, ორიგინალურ მონასმებს. დამთვალიერებლის უმრავლესობა აღნიშნავდა ამ მონასმებს, იყვარებდა და ერთხელ ნანახს კიდევ რამდენიმეჯერ ნახულობდნენ. იწერდნენ ჩემს ვებსაიტის მისამართს, იღებდნენ ფოტოებს. კიდევ უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა ჩემს ხელოვნებას და ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ჩემთვის ინსპირაციის ახალი წყარო ყოფილიყო.