ავტორი:

"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება

"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება

"გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში იხსენებს, თუ როგორ ემზადებოდნენ მის ბავშვობაში 9 მაისის ასაღნიშნავად

ზურა შევარდნაძე:

"კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დროშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაისოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ "ავრორად" გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენტებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მარტო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა დღესაც ზღაპარივით მახსოვს.

წინა დღეს ბრიგადირმა გრიშა სიხარულიძემ ჩამოუარა ჩვენს ბრიგადას, კიდევ ერთხელ, საბოოლოოდ და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ იალონში სოფლის თემში ვიკრიბებით.

ბებია, ბულბულო, დუდანა, ეთერი, ნაზიე ინწკირველი, ლილიე ჭეიშვილი და ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს, უფრო მორიდებულად და დაბალ ხმაზე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, პარტიის მდივანს და ყველას ვისაც ხელი ერია მათ მოცდენასა და წამებაში.

მახარაძის ქუჩები ბევრი წითელი დროშით მორთული გვხვდებოდა, გადმოეფინათ აივნებზე, ბოძებზე, ხიდებზე..

რკინიგზის სადგურიდან დავიძრებოდით, "ავრორას" გემბანზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული და მოწინავე მკრეფავები, აგრონომები, მეაბრეშუმეები იდგნენ ზოგი იჯდა. თეატრის დიდი ბოძების წინ უშველებელი ტრიბუნები იყო კიდევ უფრო უშველებელი ბელადების სურათებით მორთული, პრეზიდიუმში უცხო კაცები და ერთი ორი ქალი იდგა, ხელს გვიქნევდენ და ძალით იცინოდნენ. პიონერხელმძღვანელი ჩვენც გვაძალებდა გაგვეცინა. თეატრის კიბეებზე უკრავდა ოზურგეთის სასულე ორკესტრი. ტრიბუნას რომ მივუახლოვდებოდით ვყვიროდით ვაშააააა, ვაშააააა, ვაშააააა, ვიჭაჭებოდით.. თუ გადავაჭარბებდით შემჩნევას მივიღებდით, რომ ეს მეტისმეტია და არ შეშვენის პიონერს ასე მოქცევა.

ჩვენს ავრორას უკან მოყვებოდა მახარაძის ყველა მოწინავე და ნაკლებადგამოჩენილი კოლმეურნეობის მორთული ტრაქტორები და მანქანები. იყო ორგანიზებული ღიზღიზი და რუზრუზი. ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შრომის და მეციტრუსეობით მდიდარი მეურნეობები და კოლმეურნეობები განსაკუთრებით მოინდომებდენ.

ამ დღეს მახარაძის ქუჩებში გამოიშლებოდა პალაჩი ჩაჩანის დიდი ფერადი ოჯახი და მთელი მახარაძის ციგნობა. დასდევდნენ მილიციელები მარა ქობულეთელი ნათესავებიც ეშველებოდენ და ისე მრავლდებოდენ უცებ და სხარტობდენ ვერავინ ერეოდა. ყიდიდნენ ფერად გასაშლელ ქაღალდის ყვავილებს, ფერად ვერცხლის ქაღალდში გამოხვეულ რეზინიან ბურთებს, საფშვიტინო ჩიტებს, კვასკვასა მამალოებს ფერადად შეღებილ ფარსმანდუკის თაიგულებს. გაპუტული მწვანე თუთიყუში მონდომებით აძრობდა ქაღალდის დაგორგლილ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ კეთილ სურვილებს კონსერვის კოლოფიდან 20 კაპიკად.

პარადმოვლილებს შეგვეძლო შეგვესვატარასის იმდენი გაზიანი, ფერადი წყალი, რამდენსაც ვისურვებდით, ორმაგი. თეთრად დაფიფქული ვანილისკრემიანი "პონჩიკებიც" იყო ბევრი. მერე ბახულიეს უნივერმაღის კიბის ქვეშ გვიყიდდენ ქაღალდის ძაფზე ასხმულ ბუბლიკებს და ვბრუნდებოდით შინ.

პარადის რეკვიზიტებს და ატრიბუტებს კანტორის ეზოში დაახვავებდენ, ავრორასაც უცებ დაფუნგავდნენ.

ბებია კოლმეურნების შენობის დამლაგებელი იყო და მას ევალებოდა რეკვიზიტის გადარჩევა და დაბინავება.

გარდამავალი დროშა თავმჯდომარის კაბინეტში, ბელადებიანი დიდი ტრასფარანტები პარტიის მდივნის ოთახში, ზოგი საწყობში..

რადგან დროშები სამამულო წარმოების უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან იკერებოდა გულმოდგინედ გადმოარჩევდა და შინ მოქონდა, გადმოაბრუნებდა, უკანა მხრიდან საბნის პირებად, ბალიშის მითელებად იყენებდა. აბრეშუმისვე რუშებს მოაცლიდა, დაარღვევდა, გარეცხავდა და სინაზე გაფენდა ჩაამწკრივებდა. მეორე დღეს პარადი ჩვენს ეზოში გრძელდებოდა:

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეაბრეშუმეს ვაშააააა!!! "

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეჩაიეს, ვაშააააააა!!!"

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეხილეებს ვაშაააა!!!.."

"ხუთწლედის გეგმის ათამაგად გადაჭარბებისთვის ჩვენს მშრომელებს ვაშააააა!!!"

" დიდება სტალინს, ლენინს დიდება ვაშააააა!!!!"

ხომ ბავშვობააა და ხომ ტკბილია მაგრამ აღარასოდეს აღარ მინდა გამეორდეს არაფერი მსგავსი.

წაიკითხეთ ასევე:

ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში