ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. სამშაბათს მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში დამნაშავედ ცნო და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
ცნობისთვის, კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში 2019 წელს დაადანაშაულა, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ 2023 წლის აპრილში დაიწყო. ტრამპი უარს ამბობდა სასამართლოში ჩვენებების მიცემაზე და საჯაროდ იმეორებდა, რომ მას არ შეეძლო კეროლის გაუპატიურება, ვინაიდან ის “მისი ტიპი არ არის”.