უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
”შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, - აღნიშნა რაიდერმა.
მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან.
შეგახსენებთ, 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალურად დაადასტურა.