ავტორი:

"უარესის მოლოდინში ვცხოვრობ... ბავშვებს წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და მათვისაც ეს დიდი სტრესია" - გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ბიძასთან ურთიერთობაზე

"უარესის მოლოდინში ვცხოვრობ... ბავშვებს წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და მათვისაც ეს დიდი სტრესია" - გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ბიძასთან ურთიერთობაზე

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრის არსებობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ოფისი ეკუთვნოდა კომპანიას, რომლის 25 პროცენტის მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძეა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის ძმამ, ვინმე გიორგი არახამიას, ფართი მიაქირავა, სადაც მან ქოლცენტრების ოფისი გახსნა. ერთი შეხედვით ამ ამბავში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა კეზერაშვილის ქოლცენტრების საქმე, რაც ევროპელ პენსიონერებს ძვირად დაუჯდათ.

გიორგი ვაშაძის მეუღლე, ქეთი სიჭინავა AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ სახელისუფლებო მანქანა მოქმედებს. მისი თქმით, ფართში, რომელიც თითქოს დავით ვაშაძემ არახამიას მიაქირავა, რეალურად სასტუმროა გახსნილი და თავად დავითი მართავს. ქეთი სიჭინავა ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველა ზღვარს გადავიდა და ის ახლა უარესის მოლოდინშია, რადგან მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო თვეების მანძილზე ეს არ ყოფილა პირველი ბრალდება...

- ქეთი, რამდენიმე დღის წინ, ქოლცენტრების სკანდალზე გაკეთებულ ერთ-ერთ ტელესიუჟეტში თქვენი მეუღლე მოიხსენიეს, როგორც კრიპტომილიონერი...

- საქართველოში თუკი საჯარო პირის ან პოლიტიკოსის ოჯახის წევრი ხარ, საუბედუროდ, ეს ყოველთვის ნიშნავს უამრავი ტალახის სროლის და დაუმსახურებელი ზეწოლის არსებობას. ამას დიდი ხანია მიეჩვია ჩვენი ოჯახი, მაგრამ რაც ახლა ხდება, უკვე ყველა ზღვარს სცდება. ჩემთვის ძალიან ძნელია ასე ცხოვრება. ხელისუფლება დაკავებულია შავი პიარით, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რაც შეეხება გიორგის კრიპტომილიონერობას, მას არასოდეს დაუმალავს, რომ ფლობდა კრიპტოვალუტას. ზოგადად, სანამ საქართველოში ცნობილი გახდებოდა, თუ რა იყო კრიპტოვალუტა, მანამდე ჰქონდა შეხება ამ თემასთან. მაშინ ჯერ კიდევ უკრაინაში ვცხოვრობდით.

- ქოლცენტრების თემას დავუბრუნდეთ, თქვენს მაზლს ბრალი დასდეს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის დავით არახამიას ძმას, გიორგის, აღმაშენებელზე მდებარე ფართი ქოლცენტრებისთვის მიაქირავა.

- ამ დადგმული სცენარის შესახებ მეც ტელევიზიით შევიტყვე. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი, გიორგი არახამია ნამდვილად დავითის ძმაა, საერთო მამა ჰყავთ, თუმცა ურთიერთობა არ აქვთ. ესეც ახლა მოვიკითხეთ, რადგან ჩვენს ოჯახს ასეთი მძიმე რამ დააბრალეს. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ გავიგოთ, სად არის ახლა გიორგი არახამია, ვცდილობთ მოვიძიოთ ინფორმაცია, თუ ის ნამდვილად იყო დაკავებული ქოლცენტრების საქმით, უნდა მიეცეს პასუხისგებაში და საერთოდ, ეს საქმე უნდა იქნას მთლიანად გამოძიებული და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული.

რაც შეეხება ჩემი მაზლის თემას, გეტყვით, რომ ეს არის მიზანმიმართული დავდასხმა. ამ შენობაში ჩემ მაზლს აქვს სასტუმრო და არანაირი შეხება არ აქვს იმ ფართთან, რომელიც მიქირავებული იყო ქოლცენტრებზე. დავითი ამ შენობის 25 პროცენტის მფლობელია და მისი წილის შესაბამის ფართში აქვს სასტუმრო, რომელსაც პირადად მართავს. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, გიორგის არანაირი კავშირი არ აქვს ამ შენობასთან.

- თქვენი ოჯახი გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, პირადად თუ იცნობთ დავით არახამიას?

- მე როგორც ვიცი, გიორგი და დავითი იცნობენ ერთმანეთს.

- ბოლო თვეებში ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენს ოჯახს რაღაც დააბრალეს. რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გააქირავეთ ბინა.

- სამწუხაროდ, გიორგი ყოველთვის თავდასხმის ობიექტია სახელმწიფოს მხრიდან. ცდილობენ, არასწორ და არაკეთილსინდისიერ ადამიანად წარმოაჩინონ. ხელისუფლება დაკავებულია შავი პიარით, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ისინი რუსები არ ყოფილან. ომის დროს ჩვენი ახლობელი ოჯახი უკრაინიდან, ჩვენივე სურვილით წამოვიყვანეთ საქართველოში და ვზრუნავდით მათზე. არ გაგვიქირავებია ბინა, ისინი ჩვენთან ყოველგვარი გადასახადის გარეშე ცხოვრობდნენ. ოჯახი ახლა ისევ უკრაინაში დაბრუნდა.

- თქვენ რას საქმიანობთ და რამდენად ერევით მეუღლის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

- მე უნივერისტეტში ვმუშაობ, თუმცა ჩემი მეუღლის ცხოვრებაში ყოველთვის ჩართული ვიყავი. ჩვენთვის პოლიტიკა არ არის სამსახური, რომელიც 9-ზე იწყება და 6-ზე მთავრდება. ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. 10 წელია რაც ოჯახი გვაქვს და ყველა მის ნაბიჯს დიდ ყურადღებას ვაქცევ და შესაბამისად განვიხილავთ. ძალიან კარგად ვიცი, რა გაუკეთებია, რას გააკეთებს და მის ყველა სიტყვაზე მეც ვარ პასუხისმგებელი ჩემს შვილებთან ერთად. ძალიან კარგად ვიცნობ მას, შესაბამისად, არასოდეს გამჩენია იმის შიში, რომ გიორგი რაიმე არასწორს ჩაიდენდა. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იმდენად მიუღებელია ჩემთვის, რომ ვგრძნობ, ყველანაირ ზღვარს გადავიდა ხელისუფლება. ამ დადგმული სცენარით, რაც ქოლცენტრების თემაზე მოაწყეს მივხვდი, რომ მათვის არ არსებობს არანაირი წითელი ხაზები, ისინი ყველაფერს იკადრებენ. უარესის მოლოდინში ვცხოვრობ.

- საკმაოდ ემოციური იყო თქვენი მეუღლის საჯარო კომენტარი ამ თემაზე. „შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს ვეუბნები - ფეხებს ვერ მომჭამთ “ - განაცხადა ბრიფინგზე. მისი თქმით, ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა...“

- გიორგი ზოგადად თავშეკავებული ადამიანია, თუმცა ეს ისეთი ბრალდებაა, რომელსაც ნამდვილად ვერ ვაპატიებთ ვერავის. ისიც ადამიანია და ხანდახან ძნელია ემოციის გარეშე მიუდგე მსგავს ბრალდებებს. ძალიან დიდი დარტყმა იყო მთელი ოჯახისთვის. მე ყოველთვის ვზრუნავ, რომ ჩემი შვილები ამაყად დადიოდნენ ამ ქვეყანაში, რომ მათი მამა არის გიორგი ვაშაძე და არავის მივცემ უფლებას, რომ მისი სახელი შეურაცხყონ.

- ბიძაზე გკითხავთ, თქვენი დედის ძმა, ცნობილი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, საკმაოდ დაახლოებულია ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.

- დიახ ვანო ჩხარტიშვილი ჩემი ბიძაა, გიორგი ვაშაძე ჩემი მეუღლეა. ორივე მათგანს აქვს თავიანთი ცხოვრების გზა და ორივე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მან იცოდეს მსგავსი ბრალდებები ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის რამხელა განსაცდელია და არ გაუჩნდეს სურვილი დამეხმაროს.

- თუმცა ოფიციალურად მას არანაირი თანამდებობა არ აქვს ხელისუფლებაში.

- დიახ, არანაირი თანამდებობა არ აქვს, შეხვედრისას ჩვენ არც ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. მართალია, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკა და არასოდეს შევდივართ ამის გამო კონფლიქტში. ჩვენ შორის უპირობო სიყვარულია და ყოველთვის გვერდში დავუდგებით ერთმანეთს.

- სამი შვილის დედა ხართ, ორი ვაჟი და ერთი გოგონა გყავთ. ვაჟები უკვე მოზრდილები არიან. როგორ რეაგირებენ, როდესაც თქვენი ოჯახის მისამართით არც თუ ისე სასიამოვნო ბრალდებები ისმის?

- ყველანაირად ვცდილობ რომ ბავშვები მოვარიდო ახალ ამბებს, განსაკუთრებულად როდესაც მამის მისამართით ასეთი აგრესიული თავდასხმები იდგმება. ეს ცალკე განსაცდელია ჩემთვის, ბავშვები უკვე იმ ასაკში არიან როცა თავადაც აქვთ წვდომა ყველანაირ ინფორმაციაზე და რა საკვირველია, მათვისაც ეს უზარმაზარი სტრესია. ისინი ყველაფერს გრძნობენ და განიცდიან. ძალიან მინდა ეს ყველაფერი დასრულდეს.