ავტორი:

"ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი... ორი შვილი მყავს, ვმუშაობ და სულ დროის დეფიციტი მაქვს" - პოდიუმიდან საჯარო სამსახურში: როგორ ცხოვრობს დღეს "მის საქართველო 2009"?

"ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი... ორი შვილი მყავს, ვმუშაობ და სულ დროის დეფიციტი მაქვს" - პოდიუმიდან საჯარო სამსახურში: როგორ ცხოვრობს დღეს "მის საქართველო 2009"?

უმშვენიერესი ცირა სუქნიძე 2009 წელს კონკურსის - "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა და იმავე წელს წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2009"... დღეს ცირა სუქნიძეს ჰარმონიული ოჯახი აქვს, ჰყავს მეუღლე - გიორგი გოგოლაძე და ორი შვილი. იგი ამავდროულად, თავის პროფესიაშიც წარმატებულია... თუ როგორ შეძლო ბავშვობიდან ყველა ოცნებისთვის ფრთები შეესხა, ამის შესახებ მან ჟურნალთან "გზა" გულწრფელად ისაუბრა...

- იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე... ლაღი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დატვირთულიც - დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვაზე, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. თანაბრად შემეძლო მესწავლა ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები. მასწავლებლებისთვის იმდენად საყვარელი მოწაფე ვიყავი, დღესაც რომ მხვდებიან, სულ იხსენებენ, თუ როგორი მოწესრიგებული, კარგი მოწაფე ვიყავი.

- ბავშვობაში თანატოლებისგან სილამაზით უფრო გამოირჩეოდით თუ წარჩინებული სწავლით?

- ცოტა არ იყოს, თავის ქება გამომდის, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ გამორჩეული ვიყავი გარეგნობითაც, სწავლითაც, მოწადინებითაც... სიმღერის კონკურსებზე მიწვევდნენ. სხვათა შორის, რაიონის სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი და ამ მხრივ პირველი გამოცდილება ჭიათურაში მივიღე... რაიონის ფარგლებში თუ რამ კულტურული ღონისძიება იმართებოდა, აუცილებლად ვმონაწილეობდი... რადგან ბევრთან შედარებით, მაღალი ვიყავი, სხვებს ცოტა არ იყოს, დისკომფორტს ვუქმნიდი და ეს არ მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიმაღლე დადებითი მხარეა და არა უარყოფითი, როგორც მანამდე მეგონა.

- ოჯახში პრინცესულად გზრდიდნენ?

- მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, ნებიერა არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, ყოველთვის სიმკაცრისა და კონტროლის ქვეშ ვიყავი. თუმცა, ყველაფრის საშუალებას მაძლევდნენ ზომიერების ფარგლებში. მოგეხსენებათ, იმ დროში მშობლები, მით უფრო მამები, სილამაზის კონკურსში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ საკითხში მამაჩემი, ისევე როგორც დედა, მუდამ მხარში მედგა.

- როცა თბილისში წამოსვლის, პროფესიის არჩევის საკითხი დადგა, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- სიმღერის ნიჭი მქონდა, მაგრამ პროფესიულად რომ გავყოლოდი, ამაზე არ მიფიქრია, იურისტობა მინდოდა. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. აბიტურიენტებს შორის რაიონის მასშტაბით მაღალი ქულებით პირველ ადგილზე ვიყავი... ეს პროფესია ალბათ ყველაზე ახლოს იყო ჩემს ხასიათთან, რადგან ყოველთვის სამართლიანობის მომხრე გახლდით. სკოლაში სულ დაჩაგრულების დამცველი გახლდით. მართალია, ჩემი კარიერა სისხლის სამართლის კუთხით არ გაგრძელებულა, საჯარო საქმის (ადმინისტრაციული სამართლის) მიმართულებით ვარ დასაქმებული, მაგრამ ეს განხრაც ხომ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

- თქვენი საქმე გიყვართ, არა?

- დიახ, მიყვარს და პროფესიის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია...

- პატარა ასაკიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ, მათ შემოტევებს როგორ უმკლავდებოდით?

- სხვათა შორის, ბევრ უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ თაყვანისმცემლების დიდ ტალღას არასდროს შევუწუხებივარ. ასე ალბათ ჩემი ხასიათის გამო ხდებოდა. არ ვიყავი დაინტერესებული იმით, რომ თაყვანისმცემლების არმია მყოლოდა და თუ შეყვარებული მყავდა, ყოველთვის იმ ერთის ერთგული ვრჩებოდი. საპირისპირო სქესის ბევრ წარმომადგენელს არ ვეკონტაქტებოდი. სწავლით ვიყავი დაკავებული და იმის საშუალებას არავის ვაძლევდი, შევეწუხებინე. ერთი-ორი მესიჯით ყველაფერი მთავრდებოდა, თუ ურთიერთობა ჩემთვის სასურველი არ იყო.

- სამოდელო სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა კონკურსი პირველი "მის საქართველო" გაიმართა და ამის შესახებ პრესაში დაიბეჭდა. ეს ინფორმაცია ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, გაზეთი საგულდაგულოდ შევინახე და თავადაც გამიჩნდა მსგავს კონკურსში მონაწილეობის სურვილი... ერთ წელსაც ტელევიზიით რეკლამა გავიდა, რომ "მის საქართველოს" შესარჩევი კასტინგი ტარდებოდა. მახსოვს, ზაფხული იყო, დასასვენებლად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მივატოვე, მყისვე თბილისისკენ გამოვეშურე... ასეთ საკითხებს ყოველთვის სპონტანურად ვწყვეტდი... როცა კონკურსის მონაწილეთა ფინალში მოვხვდი, ძალიან მოვინდომე, მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი, ფორმაში მაქსიმალურად ჩავმდგარიყავი, რომ არავის ეთქვა, ამ კონკურსში მონაწილეობა რამ გადაaწყვეტინაო?!.

- როგორ გახსენდებათ ის წუთები, როცა "მის საქართველო გახდით"?

- უბედნიერესი წუთები იყო... თუმცა, მერწმუნეთ, მაინცდამაინც ჩაციკლული და ორიენტირებული არ ვყოფილვარ გამარჯვებაზე. თავად მონაწილეობის პროცესი, ყოველი დღე იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, გამარჯვებაზე აღარ ვფიქრობდი. ალბათ, როდესაც მაქსიმალურად იხარჯები და რაღაცას გულით აკეთებ, ამას დადებითი შედეგი მოაქვს. ყველას მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი. ასე მივაღწიე ამ წარმატებას, რომლითაც ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს ფაქტი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მათი შთამომავლებისთვის საამაყოდ დარჩება და ამით ბედნიერი ვარ. იმაშიც გამიმართლა, რომ იმ წელს "მის მსოფლიოს" კონკურსი სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა... კონკურსის მონაწილეები ჯერ ლონდონში შეგვკრიბეს, შემდეგ რამდენიმე დღით აბუ-დაბიში გადავინაცვლეთ და ბოლოს ერთი თვე სამხრეთ აფრიკაში ვიყავით. მგონი ისტორიას არ ახსოვს, რომ სილამაზის კონკურსის მონაწილეებს სამი ქვეყანა მოევლოთ.

კონკურსში 120 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, დღემდე ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს, ერთმანთთან კონტაქტს არ ვწყვეტთ... "მის მსოფლიოს" კონკურსის გარდა, მალაიზიურ - მისს ტოურისმ ქუეენ ინტერნატიონალ კონკურსზე ვიყავი. ისიც 2010 წელს, ჩინეთში გაიმართა და იქ სიმღერის შესრულებით "საუკეთესო (ტალანტის მქონე) მონაწილის" ტიტული მივიღე. იქაც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ეს ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ღირებულია.

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით...

- ოჯახი საკმაოდ ადრეულ, ოცი წლის ასაკში შევქმენი... ადამიანში უპირველესად ბუნებრიობას, სიკეთეს ვაფასებ. ზუსტად ეს დავინახე ჩემი მეუღლის - გიორგი გოგოლაძის თვისებებში, კეთილი, ალალი და უბოროტო ადამიანია. მაშინ ორივე სტუდენტები ვიყავით: ის პილოტის პროფესიას ეუფლებოდა, მე - იურისტის.

ფინანსურ მხარეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და ე.წ. სარფიანად გათხოვებაზე არასდროს მიფიქრია, როგორც ეს ხდება სამოდელო სფეროში. ბედნიერება მატერიალურ კეთილდღეობაში არ არის, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. ოჯახი ნაადრევად შევქმენი, რაც სიმართლე გითხრათ, რაღაც კუთხით კარგი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, რისი მიღებაც ცხოვრებისგან მსურდა, ავიხდინე, ხელი არაფერში შემშლია. შვილები დიდი ბედნიერებაა: ნატალი უკვე 12 წლის ხდება, თემო კი 4-ისაა და მას ეს სახელი მამამთილის პატივსაცემად შევურჩიეთ...წაიკითხეთ სრულად