ავტორი:

"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან

"მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ვამოგზაურებთ" - როგორ ემზადება "ერისიონი" დაუვიწყარი სანახაობისთვის: კულუარული ამბები რეპეტიციიდან

20-21 მაისს ანსამბლი "ერისიონი" მაყურებლის წინაშე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შოუ-პროგრამით "ქართული საგანძური" წარსდგება, რისთვისაც ანსამბლი ინტენსიურად ემზადება. "ერისიონი" მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

ჩვენ დავესწარით ანსამბლის რეპეტიციას და ვესაუბრეთ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერს, ბატონ ვანო ჩხაიძეს:

- 20 და 21 მაისს ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შოუ-პროგრამით „ქართული საგანძური“ წარსდგება, რისთვისაც ანსამბლი ინტენსიურად ემზადება. "ერისიონი" მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. ამ პროგრამით დეკემბერშიც გვქონდა კონცერტები, რამაც ანსამბლს დიდი წარმატება მოუტანა. მაყურებლისა და საზოგადოების შეფასებიდან გამომდინარე, ახალი პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. არ შეიძლება თითოეული მსახიობის როლი არ აღვნიშნოთ და არ გამოვყოთ თაობა, რომელიც დღეს შესანიშნავად აგრძელებს ანსამბლის ტრადიციებს. როცა ასეთი შემსრულებლები გყავს, ეს ხელმძღვანელებს კიდევ მეტ მოტივაციასა და შესაძლებლობას აძლევს ახლებურად დაინახონ ამა თუ იმ კუთხის ფოლკლორული და ტრადიცული ნიმუშები, რომლის ერთობლიობაც სცენაზე ქმნის შესანიშნავ სანახაობას. ასე, რომ 20 და 21 მაისს ველოდებით მაყურებელს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვამოგზაურებთ საქართველოს ყველა კუთხეში.

- როგორც ვიცი, 35 წელი იდექით სცენაზე, ახლა ანსმაბლის ადმინისტრაციულ საქმეებში ხართ ჩართული, მოგვიყევით თქვენს შესახებ და იმ მიმდინარე პროექტებზე რაც ანსამბლში იგეგმება.

- "ერისიონამდე“ 1980 წელს ჯემალ ჭკუასელის მიერ შექმნილ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი გავხდი. 16 წლის ვიყავი, როცა ანსამბლში მივედი. ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია, ჩემში თუ რამე შემოქმედებითი არსებობს, იქ შევიძინე. როგორც გითხარით, პროფესიული საქმიანობა სცენაზე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მომღერლობით დავიწყე.

1986 წელს ბატონი ჯემალი ქუთაისიდან თბილისში საქართველოს სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, სამხატვრო ხელმძღვანელად გადმოიყვანეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ანსამბლს მიენიჭა აკადემიურობა და ეწოდა „ერისიონი“. რამდენიმე მომღერალი წამოგვიყვანა. აქ საოცარი ადამიანები დამხვდნენ, სიმღერის და ცეკვის კორიფეები. მათ გვერდით ანსამბლში ყოფნა ჩემთვის დიდი სკოლა იყო. როგორც მომღერალი, სცენაზე 35 წელი ვიდექი. დღეს კი ანსამბლ "ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი ვარ.

გასული წლის დეკემბრის კონცერტების შემდეგ ანსამბლმა შოუ-პროგრამით „ქართული საგანური“ შვეიცარიაში იმოგზაურა. იქაც საოცარი გამოხმაურება ჰქონდა და ამან მოიტანა ის, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროპაში დიდი საგასტროლო ტური იგეგმება. წელსაც საკმაოდ დატვირთული წელი გვაქვს, 20 და 21 მაისის კონცერტების შემდეგ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი ივლისში საბერძნეთში და იორდანიაში მიემგზავრება, ასევე ივლისის ბოლოს გასტროლები დაიგეგმა ჩინეთში, სექტემბრში კი ინდოეთში. ოქტომბერში ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მიწვევით ბათუმში, მის მიერ დაფუძნებულ ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას. ასევე ვგეგმავთ ახალი აუდიოჩანაწერების გამოშვებას. „ერისიონის“ სახელით დიდ მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს იმისთვის, რომ წელსაც საშუალება მოგვეცა, ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გავმართოთ ის შოუ-პროგრამა, რომელსაც 20 და 21 მაისს მაყურებელი თბილისში იხილავს. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი დედაქალაქის მერია და მერს, ბატონ კახა კალაძეს,რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და ახლაც ამ კონცერტებზე მხარდაჭერას გვიცხადებს.

ვანო ჩხაიძე

კონცერტებზე აღსანისნიშნავია, რომ ამ შესანიშნავი პროექტის მეშვეობით რეგიონების მოსახლეობას საშუალება ექნებათ, „ერისიონის“ კონცერტებს უფასოდ დაესწრონ. ეს გასტროლები ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან სრულიად გვიფინანსდება და მათთვის, რეგიონში მცხოვრები ხალხისითვის დიდი საჩუქარია, უნდა ნახოთ მაყურებლის რეაქცია, როგორი აღფრთოვანებულები არიან ისინი.

- ანსამბლს წლების მანძილზე საოცარი ხელმძღვანელები ჰყავდა, ბატონები: ჯემალ ჭკუასელი და რეზო ჭოხონელიძე, რომლებმაც მხრებით ატარეს ქართული სიმღერისა და ცეკვის ისტორია და ტრადიციები. დღეს კი ანსამბლს ბატონი ჯემალის ოჯახი, მისი შვილები უძღვებიან, რა ხდება ახლა "ერისიონში"?

- ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ადამიანების წასვლამ... ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ბატონი ჯემალის სიტყვებს, იგი სულ ამბობდა, რომ ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა ქალაქში ვერ გადარჩება. მთავრობას და ქვეყანას სთხოვდა, იმ კუთხეს, იმ სოფელს მივხედოთ, საიდანაც ჩვენ ამ დიდებული ფოლკლორით ვსაზრდოობთო... „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო“ - სწორედ ეს გახლდათ ბატონი ჯემალის საყვარელი ანდაზა, რომელსაც იგი ხშირად გვახსენებდა.

ეკა ჭკუასელი - ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი
ეკა ჭკუასელი - ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი

რეპეტიცია
რეპეტიცია

დღეს უკვე ქართულ ფოლკლორს, ტრადიციებს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. დიდი საქმეები კეთდება ფოლკლორის ცენტრში -ბატონი გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, უვლიან და ეფერებიან ყველა სოფელს, რეგიონს, სადაც იბადება ეს ყველაფერი. ფოლკლორის არაერთი სკოლა გაიხსნა. საოცარი საქმე გააკეთა ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა და ქალბატონმა ნანა გოთუამ, მათ შექმნეს შესანიშნავი ფონდი „ქართული გალობა“. ასევე დაარსეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პროფესიულ განათლებას იღებენ მომავალი ლოტბარები, რეგენტები, ქორეოგრაფები, მათგან უმრავლესობა უბრუნდება სოფელს და იქ ქმნიან ანსამბლებს, რაც შემდგომში დადებითად აისახება მომავალ თაობებზე და პროფესიულ ანსამბლებზე.

2015 წლიდან ანსმაბლის სამხატვრო ხელმძღვანელია შერმანდი ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი. მათ მიერ შექმნილი ახალი საკონცერტო შოუ-პროგრამით ანსამბლი დღემდე წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ქართველ და უცხოელ მაყურებელთა შეფასებით, ახალი პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, ის საუკეთესოა „ერისიონის“ შოუ-პროგრამებს შორის. ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ მათ მიერ დადგმული შოუ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, როგორც უფრო დინამური და მრავალფეროვანი სპექტაკლი, რომელიც ხატოვნად და საოცარი სიზუსტით წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ისტორიას.

- საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ანსამბლი „ერისიონი“ 1999 წელს შეიქმნა...

- არა, 1999 წელს ანსამბლს „ერისიონი“ ეწოდა. ეს აზრი, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს, სახელის დარქმევამ გამოიწვია. თავად ანსამბლი ჯერ მომღერლების შემადგენლობით, 1885 წელს შეიქმნა აღნიაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს გუნდს მოცეკვავეები შეუერთდნენ და 1999 წლამდე იწოდებოდა, როგორც საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი. თუ ვინმეს რამე გაუკეთებია ქართულ ფოლკლორში და პროფესიულ სცენაზე, ყველას ამ ანსამბლში უღვაწია - კავსაძეების სამ თაობას, ჯანო ბაგრატიონს, ბუხუტი დარახველიძეს, კირილე პაჭკორიას, გრიგოლ კოკელაძეს, შალვა მშველიძეს, ვალერიან ცაგარეიშვილს, გურამ ბაქრაძეს და უამრავ კორიფეს, მაპატიოს მათმა სულებმა თუ ვინმე გამომრჩა. ამიტომაც „ერისიონს“ ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ. 1999 წელს ფრანგებისა და ამერიკელებისგან წამოვიდა იდეა, ანსამბლს ისეთი მოკლე სახელი ჰქონოდა, რომლის გარეკლამებაც მსოფლიოში გაადვილდებოდა. სახელი „ერისიონი“ (რომელიც სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით მთის თავს ზეით ნიშნავს)... ანსამბლს ძალიან შეესატყვისა და მოუხდა. ბატონი ჯემალისა და ბატონი რეზოს ტანდემმა ანსამბლს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით მათ დროს გაასწრეს.

- ბოლო წლებში შექმნილი შოუ-პროგრამებიდან, მათ შორის ყველაზე ცნობილი, "ქართული ლეგენდა" ზოგჯერ ფრანგულ პროექტად მოიხსენიებოდა...

- არა, ის იყო თავიდან ბოლომდე ბატონი ჯემალ ჭკუსელის და ბატონი რეზო ჭოხონელიძის მიერ შექმნილი და დადგმული ქართული პროექტი. უბრალოდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ქართული ფოლკლორს გვერდით დადგნენ და ის მსოფლიოს გააცნეს, მათ შორისაა, ჩვენი ყოფილი პროდიუსერი ამერიკელი ჯიმ ლო. მასთან დაკავშირება ბატონი ჯემალის მეგობრის ვახტანგ ცხადაძის დამსახურებით მოხდა. საოცარი მეგობარი ჰყავდათ ბობ ოულში, რომელიც საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე გიჟდებოდა. ერთხელაც ბატონ ვახტანგთან ოჯახში სუფრა იყო გაშლილი, სადაც იმყოფებოდა ბატონი ბობ უოლშიც და მან თქვა: „უნდა მოვძებნო ადამიანი, რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და თქვენს კულტურას მსოფლიოს გააცნობს“-ო. ასეც მოხდა, მან საქართველოში ჩამოიყვანა ბატონი ჯიმ ლო, რომელამაც „ერისიონის“ კონცერტი ნახა და განცვიფრებული დარჩა, - ამ დროს ანსამბლს პარალელურად ფრანგებთან გვქონდა დაწყებული ურთიერთობა. შემდეგ ფრანგები და ამერიკელები გაერთიანდნენ ამ პროექტის ირგვლივ და ჩვენი ქართული სიმღერა და ცეკვა ძალიან ლამაზად, თანამედროვე განათებით და გახმოვანებით შეფუთეს. სწორედ ამ პერიოდში 2000-იან წლებში ანსამბლის ცხოვრებაში დიდი აღმავალი ეტაპი დაიწყო. სამხატვრო ხელმძღვანელს, მთავარ ქორეოგრაფს და მსახიობებს შემოქმედებითი კუთხით მეტი შესაძლებლობა მიეცათ კიდევ უფრო მაშტაბური დადგმები განეხორციელებინათ. ასეთი ჩართულობით სანახაობრივად საოცარი პროგრამა გამოვიდა. ამერიკელების და ფრანგების მონაწილეობამ ნამდვილად დიდი შედეგი მოიტანა.

ამ დროის განმავლობაში სამი შესანშნავი შოუ-პროგრამა დაიდგა - „ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა,“ „ქართული შტორმი“. ამ პროგრამებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ.

- მაგრამ მთელი იმ წლების განმავლობაში ანსამბლს საკუთარი შენობა არ ჰქონდა... ახლაც, შენობა, სადაც რეპეტიციებს გადიხართ, კატასტროფულ მდგომარეობაშია...

- კი, ასეა, თქვენც ხედავთ ამ შენობაში ნორმალური მუშაობის არანაირი პირობა არ არსებობს. 5 წლის წინ იმ დროს, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბატონი მიხეილ გიორგაძის ინიციატივითა და დახმარებით ანსამბლს, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე შენობა, ე.წ მედიკების სახლი გადმოეცა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას. სამწუხაროდ, შენობა იყო ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო შესვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ რეპეტიციების ჩატარებაზე. ამ წლების განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა შენობის რეაბილიტაცია და შარშან ანსამბლისთვის და არამხოლოდ ანსამბლისთვის, ეს საშვილიშვილო საქმე გადაწყდა. როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად, გვესტუმრა „ერისიონში“ და ჩვენს შენობაში ნანახით ძალიან განცვიფრებული და შეწუხებული დარჩა, თუ რა პირობებში უწევდა და უწევს ანსამბლს ყოველდღე რეპეტიციების ჩატარება. საბედნიეროდ ანსამბლისთვის ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, სახელმწიფოს ჩართულობითა და მინისტრის მხარდაჭერით გასულ წელს უკვე დაიწყო სამუშაობი აღნიშნულ შენობაში.

წლის ბოლოს კი „ერისიონს“ ექნება საკუთარი სახლი, რომელიც აღჭურვლი იქნება თანამდეროვე ინფრასტრუქტურით, სადაც გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია ანსმაბლის შემოქმედებითი ცხოვრებისთვის და არსებობისთვის.

ახალი სივრცე მხოლოდ ანსამბლისთვის არ იქნება. ჩვენ გვყავს 1500-მდე მოსწავლე, რომლებიც ქართულ ფოლკლორს, ქართულ ხალხურ სიმღერას, ცეკვას, ხალხურ საკრავებს სწავლობენ. ისინი ჩვენი მომავალი თაობაა. სწორედ მათთვის ამ შენობაში გამოყოფილია ცალკე სივრცეები. პატარებისთვის კიდევ ერთი მოტივაცია იქნება, რომ ემსახურონ ქართულ ხელოვნებას.