თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლშიც ამბობდა, რომ სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.
TAV Georgia - ს განცახდებით, გიორგი ფხალაძეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 1-ლ მაისს ჰქონდა დაწერილი.
"იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ლ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ "რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“, - ნათქვამია "ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
"ძალიან შევცდი განცხადებას რომ არ გადავუღე ფოტო. წავალ და წამოვიღებ დოკუმენტს და საჯაროდ გამოვაქვეყნებ, რათა ყველამ ნახოს რა რიცხვში მაქვს დაწერილი განცხადება.
სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე 10 მაისს.
პირველ რიგში, გასაკვირია კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია, არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ? რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში? განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? - დაწერილია, პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები? - არ მოვემსახურები!
კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას, სადაც ვამბობ, რომ მე ხომალდებს ვემსახურები. ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ, რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც. კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე, რაშიც არავინ ადანაშაულებდა?" - ამბობს გიორგი ფხალაძე.
ასევე იხილეთ: