ავტორი:

"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე

"ირუს მიმართ წამოსული ნეგატიური ტალღა ჩვენს ოჯახზეც აისახა... ჩემს შვილს არ მოსწონდა, რასაც კითხულობდა" - ნინო ძოწენიძე პროდიუსერ მეუღლეზე, ოჯახსა და კარიერაზე

მომღერალი ნინო ძოწენიძე განსაკუთრებულად პოპულარული სიმღერით - "შინამანაკენა" გახდა. სიმღერის გამოსვლიდან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ბევრმა ახლახან გაიგო, რომ "შინამანაკენას" ტექსტი არარსებულ ენაზეა შექმნილი - ემოციური იმპროვიზაციაა... გადავწყვიტეთ, გემოვნებასთან დაკავშირებით, ნინო ძოწენიძესთან გვესაუბრა...

- გემოვნება ინდივიდუალური ხედვის საკითხია. ვერ ვიტყვი, მოდას მივყვები-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, თავს გემოვნებიან ადამიანად მივიჩნევ.

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ, რამ მოახდინა ზეგავლენა?

- ინდივიდუალური სტილი ბავშვობიდან თავისთავად ჩამომიყალიბდა. არ მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. მახსოვს, 13-14 წლის გახლდით, როცა წავიქეცი და ახალი ნაყიდი შარვალი გადამეხა. მერე იმ შარვალს ნოტები დავახატე (იღიმის)... სითამამეების არასოდეს მეშინოდა. ყოველთვის გამორჩეული ვიყავი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამოპრანჭული: ტყავის ქურთუკებს, პერანგებს ვიცვამდი... თან, ბავშვობაში კარატეზე დავდიოდი. მოზარდობისას ჩემს სტილში ქალურობა "ხაზგასმული" არ იყო... დღესდღეობით უფრო თავისუფალი სტილის სამოსს ვამჯობინებ.

- გარშემო მყოფები თქვენს განსხვავებულობას როგორ იღებდნენ?

- ჩვეულებრივად. პრობლემა არასოდეს შემქმნია. უბრალოდ, შეიძლება სტანდარტულად, სხვების მსგავსად არ მეცვა, თორემ განსაკუთრებული სითამამით არ გამოვირჩეოდი. ბავშვობიდან ხელოვნების სფეროში ვიყავი: ყოველთვის ვმღეროდი, თეატრში დაკავებული გახლდით... ურთიერთობა ისეთ ხალხთან მქონდა, ჩემი სტილი მათთვის გაუგებარი რომ არ ყოფილა...

ჩემს ბავშვობაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაგალითად - ნინიკო, სახლში ადრე უნდა მოხვიდე, მეზობლები რას იტყვიანო? ეს სიტუაცია არასოდეს მომწონდა, რომ მეზობლის აზრს უნდა დავმორჩილებოდი. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა სიგარეტს ვეწეოდი. მაშინ ქუთაისში ეს მიუღებელი იყო. არც ვმალავდი, რომ ვეწეოდი. არ მინდოდა, ეს მალულად გამეკეთებინა. კი, მშობლებს ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც თავისუფლების მოყვარე ბავშვი გახლდით - დოგმებისა და სტერეოტიპების დანგრევა ყოველთვის მიყვარდა, ზომიერების ფარგლებში.

- სიმღერის მიმართულებით ამჟამად სად, როგორ აქტიურობთ?

- რამდენჯერაც რაღაც წინასწარ ვთქვი, არასოდეს არაფერი გამოვიდა. ალბათ, ეს ცოტათი ჩემი სიზარმაცის ბრალიც არის. რაღაცებზე ვმუშაობ. მინდა, ზაფხულისთვის რამდენიმე ახალი სიმღერა მქონდეს.

- რომელი ჟანრის სიმღერების შესრულებისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- სოულიც ძალიან მიყვარს, როკიც, ჯაზ-როკიც, აზიური იმპროვიზაციაც... მგონია, რომ წინა ცხოვრებაში რომელიმე აზიური ქვეყნის წარმომადგენელი გახლდით: როცა აზიურ მუსიკას ვუსმენ, თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ. ალბათ ჩემთვის ყველაზე კომფორტული ასეთი მუსიკაა. ახლა ძალიან ტრენდულია: მსოფლიოს თითქმის ყველა ვარსკვლავი აზიურ მუსიკასაც ეზიარა. ეს ამბავი ძალიან მომწონს.

- ზოგმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ თქვენი სიმღერის ტექსტი - "შინამანაკენა" გამოგონილ ენაზეა...

- კი. ეს აფრიკულ-ინდურ მოტივებზე გაკეთებული კომპოზიციაა. ამ სიმღერის შექმნიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც, ზაფხულობით, როცა "შინამანაკენას" შესრულება მიწევს, მსმენელები საკმაოდ კარგად ერთობიან. სხვათა შორის, იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მეგონა, რომ ეს სიმღერა არ იცოდნენ, მეუბნებიან, რომ თურმე "შინამანაკენა" ძალიან უყვარდათ, რაც მსიამოვნებს. განწყობის კომპოზიციაა. მგონი ყველას კარგ ხასიათზე აყენებს, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, მით უმეტეს - დღეს. სამწუხაროდ, ისეთი ჰიტის შექმნა, როგორიც "შინამანაკენა" იყო, ძალიან გამიჭირდა. ასეთივე იმპროვიზაცია - "აფრიკა" მაქვს, მაგრამ ისეთი ჰიტი ვერ გახდა, როგორიც - "შინამანაკენა".

- როგორ შეიძლება ქართულ ენაზე გამოვხატოთ ის ტექსტი, რასაც "შინამანაკენაში" მღერით?

- ალბათ - კარგ ხასიათზე ვიყოთ, ერთმანეთთან სიყვარული გავცვალოთ, გავერთოთ (იღიმის)...

შვილთან ერთად

- აზიურ დეტალებს თქვენს ჩაცმულობაში თუ იყენებთ?

- ადრე უფრო ვიყენებდი. ჩალმები ძალიან მიყვარდა. "შინამანაკენას" კლიპშიც ჩალმა მახურავს. მკლავზე "ბრასლეტი" ყოველთვის მეკეთა (ახლა ტატუ მაქვს). ჩემს სტილში გარკვეული აზიური ელემენტები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დროს ნაკლებადაა - რაღაცნაირად, დავკარგე...

- საერთოდ, სამოსის შერჩევას რამდენ დროს უთმობთ?

- ჩაცმულობა ჩემი სუსტი წერტილი არ არის, შოპოჰოლიკი არ ვარ. ის მაცვია, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მომწონდეს. მხოლოდ მოდურობის გამო სამოსი არ შემიძენია. ამ საკითხში პასიური ვარ. მგონია, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი სამყარო უნდა იყოს, რადგან შეიძლება, ვიღაც ძალიან მაგრად გამოიყურებოდეს, მაგრამ "პირი დააღოს" და ისე არ მომეწონოს, რომ ყველაფერი წაიშალოს... ჩემთვის ჩაცმულობა პრიორიტეტული არ არის. შეიძლება მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეძენილი სამოსი ჩაიცვა. ბავშვობაში ასეთ მაღაზიებში მეც დავდიოდი, ახლა ვერ ვახერხებ. ბევრი ძებნაც არ შემიძლია, თორემ იქ ადამიანს საკმაოდ ორიგინალური რაღაცების არჩევა შეგიძლია. ასევე, თბილისში უამრავი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია სამოსი ისე შეიძინო, რომ სასწაული ფასი არ გადაიხადო...

თუ სადმე განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, წინა ღამით ვფიქრობ, რა ჩავიცვა, მაგრამ რასაც მოვიფიქრებ, ზოგჯერ მეორე დღეს აღარ მომწონს... ბევრი ისეთი კაბა მაქვს, რომელიც 10 წლის წინ კარგად მქონდა, ახლაც კარგად მაქვს და ისე მიყვარს, რომ შესაძლოა, გასაჩუქებლად ვერ გავიმეტო... საბოლოო ჯამში, სამოსის შერჩევას დაახლოებით 1 საათს ვუთმობ, მაგრამ ზოგჯერ ამ საკითხს მარტივად ვწყვეტ, ზოგჯერ - "ვიჭედები". ჩაცმულობა ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს: თუ ისე არ მაცვია, როგორც მომწონს, შეიძლება ცუდ განწყობაზე დავდგე...

- რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა გქონიათ?

- ბოლო დროს ვარცხნილობას არ ვიცვლი, რადგან გრძელი თმა კომფორტულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში "კარე" მქონდა, ქერაც ვიყავი, წითურიც... ჩემს თმაზე ისეთი ექსპერიმენტები ჩავატარე, რომ გაფუჭდა... შემდეგ ხელოვნურად დავიგრძელე, მაგრამ საერთოდ არ მომეწონა და საკუთარ თავს სასწაულები გავუკეთე... მას მერე ექსპერიმენტები დავივიწყე... შესაძლოა, მომავალში ვარცხნილობა ისევ შევიცვალო. "კარე" ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვარცხნილობის შეცვლის საშუალება არ გაქვს, გრძელი თმით კი ბევრნაირი იმპროვიზაციაა შესაძლებელი.

- თქვენს სტილზე მეუღლე თუ ახდენს ზეგავლენას?

- კი. ვერ ვიტყვი, გიგას აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნება აქვს-მეთქი, მაგრამ ჩემს სტილში ადრე უფრო ერეოდა, ახლა - არა, რადგან იცის, რომ ჯიუტად, მაინც იმას ჩავიცვამ, რაც მინდა (იცინის). რჩევას ყოველთვის ვეკითხები და რაღაცებს ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ მაგალითად, მას უნდა, დაბალძირიანი ფეხსაცმელები ჩავიცვა, მე კი ბავშვობიდან სიმაღლის კომპლექსი მქონდა. საერთოდ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ისე მომწონს და მათ მორგებას ისე ვარ შეჩვეული, ბოტასის ძირიც კი ცოტათი მაღალი თუ არ არის, ფეხის კუნთები მტკივა.

- გიგას გემოვნებაში, სტილში თავად თუ ერევით?

- გიგას საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგი გემოვნება აქვს. რაღაცებს ვურჩევ, მაგრამ მაინც ისე აკეთებს, როგორც უნდა. მგონია, ერთმანეთის სივრცეში ძალიან შეჭრა ნორმალური არ არის.

გიგა კუხიანიძე და ირუ ხეჩანოვი

- გიგა ირუ ხეჩანოვის პროდიუსერი გახლავთ. საინტერესოა, შემოქმედებით პროცესში მეუღლეს რჩევებს თუ აძლევდით?

- ეს "პირველი არხის" პროექტია. ჩემი ჩარევა მიზანშეწონილი ისედაც არ იყო. ირუ ჩვენს ხელში გაზრდილია. საბავშვო "ევროვიზიაზე" გამარჯვებული ჯგუფის წევრია. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მშრომელი და მართლა ძალიან მონდომებული გოგოა. ამ პროექტისთვის ირუსნაირი ადამიანია საჭირო: ინტერვიუებს ძალიან კარგად აძლევს, მაყურებლებთან კარგად მუშაობს... "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია. ძალიან მინდა, წარმატებას მიაღწიონ... მუშაობის პროცესში, მუსიკალური თვალსაზრისით არ ჩავრეულვარ, თუმცა რა თქმა უნდა, გიგას რაღაცებს ვურჩევდი, მაგრამ ასეთ დროს გიგა თავის ნაჭუჭშია, არავის არაფერს ეკითხება. რამდენიმე სიმღერას დაწერს, მერე ფიქრობს... არ არსებობს, რამე ვურჩიო და შესაძლებელი იყოს, გაითვალისწინოს. მსგავსი არაფერი მახსენდება..წაიკითხეთ სრულად