ავტორი:

CNN: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევისთვის ბრძოლის ველის ფორმირება დაიწყეს - რას ამბობს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი?

CNN: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევისთვის ბრძოლის ველის ფორმირება დაიწყეს - რას ამბობს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი?

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების "ფორმირება“ დაიწყეს, - ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.

ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.

CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.