ავტორი:

"ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენას" - "მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს

"ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენას" - "მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხი" ყოფილი თანამშრომლის, ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ნაკაიძესთან თანამშრომლობის საკითხს არ განიხილავს:

"მთავარი არხის" განცხადება ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით:მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.

"მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა."მთავარი არხი" რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით", - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, ბრალდებულის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის ნაწილში გაამართლა/

"ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაუპატიურების, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილში გაამართლა. მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რომელიც ითვალსიწინებს ერთ წლამდე პატიმრობას, სწორედ ეს ერთი წელი მიუსაჯა, თუმცა ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებას.

გამართლების საფუძველი იყო, რადგანაც ლაშა ნაკაიძეს დანაშაული არ დაუდგინა. დანაშაული არ დამტკიცდა ექსპერტიზებით და ლაშა ნაკაიძე გამართლდა. ის ძალიან გახარებული და ბედნიერია, რომ სიმართლე და თავის უდანაშაულობა დაამტკიცა. ეჭვი არ მეპარებოდა მის უდანაშაულობაში და ვიზეიმეთ გამარჯვება“, - განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს