ავტორი:

უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

უკრაინელთა საინფორმაციო შტურმი, პანიკაში ჩავარდნილი რუსი პროპაგანდისტები და პრიგოჟინის თხოვნა შოიგუს, - "ჩამობრძანდით ბახმუტში!" - რეალურად რომელი მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

გუშინ, 11 მაისს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ოკუპანტების წინააღმდეგ მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყო.

ცნობებს ისიც ამყარებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის“მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, ჯერ კიდევ 9 მაისს ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ძალები "ვაგნერის“ სისხლით მოპოვებულ ტერიტორიებს უბრძოლველად თმობდნენ და გარბოდნენ.

წუხელ უკრაინულმა მხარემ რამდენიმე დაზვერვითი ბრძოლის პარალელურად, ინფორმაციული პანიკის გამომწვევი კამპანიაც აწარმოა. "ტელეგრამარხებში" უკრაინული ტექნიკისა და ქვეითების გადაადგილების იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომ რუსი პროპაგანდისტები პანიკაში ჩავარდნენ.

"კიევის კონტრშეტევა უკვე დაიწყო! ხარკოვის შემოვლით ტექნიკა დაიძრა, ისინი რუსეთის საზღვრების მიმართულებით მოძრაობენ“, - წერდა ალექსანდრ კოცი.

"ხერსონის ოლქიდან მოდის ინფორმაცია, რომ დნეპრის ნაპირას პატარა კატარღების დიდი კონცენტრაცია შეინიშნება. როგორც ჩანს, სადესანტო ოპერაცია მზადდება“, - იწერებოდა ერთ-ერთ "ტელეგრამზე.“

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გავრცელდა ძველი კადრები, თუმცა ეს რუსების ასეთ პანიკურ რეაქციად ნამდვილად ღირდა.

  • რომელ მიმართულებით შედგა კონტრშეტევა?

ბახმუტის მიმართულებით რუსების პოზიციები შეირყა. ქალაქის მახლობლად ფლანგები რუსების "აქილევსის ქუსლია“. "ვაგნერმა“ ისინი თავდაცვის სამინისტროს გადასცა და ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედებები ვერა და ვერ შედგა.

უკრაინელებმა გაარღვიეს კლეშეევკასა და ბოგდანოვკას გამაგრებული რაიონები. გვიან ღამით ოკუპანტებმა დროებით შეაჩერეს უკრაინელების წინსვლა, თუმცა, როგორც თავად ვარაუდობენ, ფლანგების ჩამოშლა სულ უფრო რეალური ხდება.

უშუალოდ ბახმუტში ინიციატივა ჯერ კიდევ "ვაგნერს“ აქვს. ისინი ქალაქს უზარმაზარი მსხვერპლის ფასად ხელში იგდებენ, მაგრამ თუ ფლანგების გამაგრებას ვერ მოახერხებენ, მომავალში ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

ასეთი ბრძოლითი დაზვერვა თითქმის ყოველ დღე ხდება. ბოლო პერიოდში ინტენსიურობამ იმატა, რუსები კი მასშტაბური კონტრშეტევის იდეით მუდმივად დაძაბულები არიან და მოსვენება არ აქვთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლა სთხოვა. მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

მასში ღნიშნულია, რომ "ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95%-ს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს სწორედ ფლანგებზე.

"რთული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე და არსებული მდგომარეობა დამოუკიდებლად შეაფასოთ“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ანა მალიარმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში 2 კილომეტრით წაიწიეს წინ. მისი თქმით, რუსები შეგნებულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას იარაღის ნაკლებობის შესახებ, რათა გაამართლონ ფრონტზე წარუმატებლობა.

საინტერესოა, რომ CNN ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების "ფორმირება“ დაიწყეს. მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.

ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.

CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე