ავტორი:

"ჩემს მეუღლეს არ უყვარს სადმე გამოჩენა, თუმცა ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოდელობას თავი დაანებეო" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 2000-იანი წლების პოპულარული მოდელი?

"ჩემს მეუღლეს არ უყვარს სადმე გამოჩენა, თუმცა ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოდელობას თავი დაანებეო" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 2000-იანი წლების პოპულარული მოდელი?

მისი კარიერა პოდიუმზე დაიწყო. 17 წელი აქტიური მოდელი იყო. შემდეგ აქტიურ მოდელობას თავი დაანებე. თუმცა ამ სფეროსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.

"პოდიუმიდან რაც წამოვედი, რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა ამა თუ იმ ჩვენებაში. ხშირად არა, მაგრამ დღესაც ვმონაწილეობ ხოლმე... კი დავანებე თავი, მაგრამ დიდხანს ჩემს მეგობრებთან ერთად (სოფო ბურჯანაძე, ლელა ცინცაძე, ირინა ონაშვილი - ოთხნი ვიყავით) მაინც ამ სფეროში ვიყავი, - სამოდელო სააგენტო მქონდა. დამწყებ მოდელებთან ვმუშაობდი, ამ პროფესიას ვასწავლიდი. მათ ჩვენებზე ვზრუნავდი, ასე რომ, ნოსტალგიის ამბავი არ მქონია" - გვეუბნება 90-იან წლებსა და 2000-იანებში ძალიან პოპულარული მოდელი ლალი ტოტიკაშვილი.

როგორ ცხოვრობს ახლა, როგორ იხსენებს წარსულ წლებს, რას ფიქრობს ქართულ მოდაზე და როგორი დედაა, ამაზე მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- არც იმ წლების ნოსტალგია გაქვს, როცა ამ სფეროთი ცხოვრობდი და ეს იყო შენი ძირითადი, მთავარი საქმიანობა?

- სწორედ იმის გამო, რომ მაინც სამოდელო სააგენტოში ვრჩებოდი, შეხება მქონდა მოდელებთან და მათზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული, ნოსტალგია არ მქონია.

- რა არის შენთვის პოდიუმი?

- საქმე, ჰობი, გართობა, რომელიც მომწონდა, მიყვარდა, დღემდე მიყვარს და მომწონს. ვთვლი, გოგონებმა, რომლებიც მოდელობას არ აპირებენ, სამოდელო სააგენტოში მაინც უნდა იარონ. ბევრ რამეს ისწავლიან, ბევრ რამეში დაიხვეწებიან. მგონია, რომ ეს ყველა გოგოსთვის აუცილებელია. ჩემთვის ის სფერო აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა.

- ამ სფეროში ყველაზე მეტად რა გიზიდავდა?

- სცენა, რომელსაც აქვს თავისი ხიბლი და იქ გამოსვლას საოცარი ემოცია და ხიბლი ახლავს. არ აქვს მნიშვნელობა, მომღერალი ხარ, მსახიობი თუ მოდელი. ყველგან ამას ვამბობ, რომ ჩემი ოცნება ბავშვობიდან მომღერლობა იყო. როდესაც მე და თამუნა ამონაშვილმა დუეტი ჩავწერეთ სიმღერაზე „ეს ერთი ღამე“, კონცერტებზე აქტიურად გვიწევდა გამოსვლა, მათ შორის, დიდ კონცერტებზე, დიდი აუდიტორიის წინაშე. ის იყო საოცრება. გამორჩეული ემოცია ახლა იმ ყველაფერს. მერე სიმღერაც ძალიან პოპულარული იყო.

- კი, 2000-იანების ჰიტი იყო...

- დღემდე ახსოვთ და უსმენენ... თუმცა თუ მოდელობას დავუბრუნდებით, ალბათ ჩემი ეს არჩევანი ზოგადად მაინც სწორი ნაბიჯი იყო...

- და მგონია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი...

- მაშინ სამოდელო სფეროც თითქოს სხვანაირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ფეშენ ვიკი“ საქართველოში არ ტარდებოდა. თუმცა ფეხს იკიდებდა სამოდელო ბიზნესი, ისევე როგორც შოუბიზნესი. ბევრი სიმღერა იწერებოდა, კლიპებს იღებდნენ, იყო კონცერტები, დიზაინერების ჩვენებები,, სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა - აქტიური პერიოდი იყო. სამოდელო სააგენტოებიც ცოტა იყო და ამდენი მოდელიც არ გვყავდა. ახლა სხვა სიტუაციაა. სამოდელო სააგენტოც მეტია, მოდელებს გზა გაეხსნათ - საზღვრებს გარეთ აქტიურად მუშაობენ. სფერო ძალიან დაიხვეწა და განვითარდა იმიტომ, რომ ჩვენი დიზაინერებიდან წარმატებას ბევრმა მიაღწია აქაც და ფარგლებს გარეთაც. დღესაც ძალიან მიყვარს ეს სფერო. ბევრად დახვეწილი ჩვენებები იმართება იმ პერიოდთან შედარებით, როცა ვიწყებდით. თუმცა გადასარევი ღონისძიებები იმართებოდა და თან რაოდენობრივად ბევრი იყო. დღეში ერთმანეთს 2-3 ჩვენებაც კი ემთხვეოდა. ახლა აქცენტები უფრო მოდოს კვირეულებზეა გადატანილი და ამიტომ აღარ არის ისე ხშირი. პანდემიამაც ხომ ბევრი რამ შეაფერხა.

დღევანდელი დიზაინერები ძალიან ნიჭიერები არიან, რაც არაერთხელ დაამტკიცეს აქაც და ფარგლებს გარეთაც. მათ ნამუშევრებს უცხო ქვეყნებშიც ჩვეულებრივად იცნობენ, იძენენ, რომ აღარაფერი ვთქვა დემნა გვასალიაზე. რომელმაც მოდის სფეროში რევოლუცია მოახდინა და უნიჭიერესია. სხვათა შორის, დემნამაც დიდი როლი ითამაშა, რომ უცხოეთში ქართველი დიზაინერებით დაინტერესდნენ. კი, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და გაამართლეს - საოცარ კოლექციებს ქმნიან, რაც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. მათგან ბევრი მომწონს და ძალიან ვგულშემატკივრობ.

- თუ გქონია კარიერის მანძილზე რთული მომენტი...

- არასდროს... 16 წლის ასაკში მაინც შემთხვევით მოხვდი ამ სფეროში. მანამდე ამაზე არც მიფიქრია და მიოცნებია... არასოდეს, მქონია, გულის ტკენა და ცუდი ეპიზოდები. ის, რაც უცხოეთში ხდება, ცნობილი ამბავია, მოდელები ერთმანეთს ბლოკავენ, ინტრიგებს უწყობენ. ჩვენ ყველანი მეგობრულად ვიყავით და დღემდე ასე მოვდივართ. ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და ახლაც ასეა. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს მქონია შეხება ასეთ ინტრიგებთან.

- ოტკუტიური თუ ქეჟული?

- ქეჟუალი. ოტკუტიური ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს, საჩვენებელია, დიზაინერის ფანტაზიაზეა აგებული. ქეჟუალი კი არის სტილი, რომელიც ყოველდღიურობაში გვჭირდება.

- როგორი უნდა იყოს სამოსი, რომ პოდიუმზე დიდი სიამოვნებით წარმოადგინო. ყველა დიზაინერს ეთანხმებოდი გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენებაზე ჩაგიცვამს?

- არა, რა თქმა უნდა. შეიძლება ყველაფერი არც მოგწონდეს, მაგრამ იმიტომ ხარ პროფესიონალი, რომ სამოსი მაყურებლის წინაშე წარადგინო და გამოიტანო. თუმცა რაც მოგწონს, რაც უფრო გიხდება, იმის წარდგენა უფრო საინტერესოა და ეს მეტად ეტყობა კიდეც ჩვენებას, სხვანაირად გამოგდის. ისე, ყველა სამოსი, რასაც გაცმევენ, დიზაინერის ხედვაა და მის ხედვას პატივი უნდა სცეს მოდელმა.

- ყოველდღიურობაში როგორი სტილი გიყვარს?

- ჯინსი აუცილებლად. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იშვიათად ვიცვამ, „დაბლებზე“ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაგრამ იყო დრო, როცა კასტინგზე მთელი დღე მაღალი ქუსლებით დავდიოდით. ახლა წარმოუდგენელია მთელი დღე ასე ვიარო. მიყვარს თავისუფალი სტილი, მთავარია, თავს კომფორტულად ვგრძნობდე.

- როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაში ხარ - ეს გენეტიკის დამსახურებაა თუ დიდ დროს და რესურსს ხარჯავ ამაში?

- არაფერს განსაკუთრებულს ამისთვის არ ვაკეთებ. მაინც მგონია, რომ ეს გენეტიკაა, თუმცა გენეტიკას მაინც უნდა რაღაცნაირად ხელის შეწყობა, მით უფრო, რაც დრო გადის და წლები გვემატება. კი, საკუთარ გარეგნობას, ჯანმრთელობას უნდა დავეხმარო. სულ ვამბობ, რომ დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. არასდროს მქონია ჭარბი წონის პრობლემა და არც ახლა მაქვს. თუმცა ჯანმრთელად რომ ვიყო, ვარჯიში მნიშვნელოვანია და ამას სულ ვცდილობდი. აუცილებლად ვვარჯიშობ და მინიმალური დონეზე ვუვლი თავს. ცხადია, კოსმეტოლოგს ვსტუმრობ და იმ აუცილებელ ობიექტებს, რაც ქალს თავის მოვლაში ეხმარება. აქ არაფერია განსაკუთრებული. საერთოდ, ბუნებრიობის მომხრე ვარ და გადამეტებული არაფერი მომწონს, როცა ზღვარი იკარგება, ძალიან ხელოვნურისკენ მიდის გარეგნობა, არ მიყვარს. ისე, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ მე ხომ იმას ვამბობ, რაც მე მომწონს. ამ ჩემი მინიმალური ჩარევებითაც ვცდილობ, ყველაფერი ბუნებრივად იყოს. თუმცა არც პლასტიკურ ოპერაციებში არის რაიმე უცნაური და ცუდი. პირიქით, კარგიცაა და აუცილებელიც, ვისაც ძალიან სჭირდება. თუ საკუთარ გარეგნობაში რაიმე გაწუხებს და დისკომფორტს გიქმნის, აუცილებლად უნდა გამოასწორო.

- და შენი ასეთი ფორმაში ყოფნის რაიმე ფორმულა ხომ არ გაქვს?

- ფორმულა არა, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა კარგ ხასიათზე ყოფნა, ღიმილი, - შინაგანი განწყობა, შენი ბუნება, ხასიათი გარეგნობაზე ძალიან მოქმედებს. როცა პოზიტიურად ფიქრობ, გიხარია ყველაფერი. ამას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დადებითი განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ერთ-ერთ ეიჩარკომპანიაში, ასევე „რუსთავი 2“- ეიჩარ-მენეჯერი ვარ. ახლა ერთი ძველი გადაცემა გავაცოცხლეთ და იქ ჟიურის წევრი ვიქნები...

- რაც შეეხება ლალის, როგორც დედას, როგორია ეს ამპლუა შენთვის?

- სასიამოვნო და პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარები იყვნენ, მაშინაც, როგორც თანასწორებს, ისე ველაპარაკებოდი. ვცდილობ, რომ ჩემთან მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ. ვსაუბრობთ ყველაფერზე და თავისუფლად, მგონია, რომ კარგად ვმეგობრობთ. აუცილებელია შვილებთან ასეთ დამოკიდებულება.

უფროსი შვილი საბა 17 წლისაა, ნიტა 14 წლის ახლა გახდა. მათთან სიმკაცრე არ მახასიათებს. ყველას თავის მოსაზრება აქვს, მაგრამ შვილებთან ურთიერთობაში სიმკაცრე არ არის კარგი. ბუნებითაც არ ვარ მკაცრი, მათ თან, მით უმეტეს...

- მეუღლესთან ერთად შენი ფოტო იშვიათად მინახავს... შენს მოდელობას როგორ აფასებდა?

- ჩემი მეუღლე გიორგი ხუბულია იურისტია. არ უყვარს ფოტოების გადაღება, არც პოპულარობა უნდა და სადმე მაინცდამაინც გამოჩენა. არ არის ამის მომხრე. ჩემთვის არასდროს უთქვამს მოდელობისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მაინცდამაინც არ გიჟდებოდა (იღიმება)... უბრალოდ, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ თავი დავანებე, რადგანაც ვიფიქრე, რომ ამ სფეროში როგორც აქტიურმა მოდელმა თავი ამოვწურე. ახლა მაქვს სხვა სამსახურები, ვარ ტელევიზიაშიც, თუმცა, როგორც ვთვლი, არც მოდის სფეროს მიმართ ვარ გულგრილი.