ავტორი:

"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"სნაიპერ ქალს ამოუღია მიზანში..." - აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"საოცარი საშკა დახვეწილი და სულ სხვანაირი, მასზე მთელი თბილისის ქალები იყვნენ შეყვარებულები. მას საყვარელი ქალის გარდა, სხვა ქალები მიმართ მზერაც არ უსროლია, ასეთი იყო, საოცრად ერთგული, თუ ერთხელ ვიღაცა შეუყვარდებოდა, ნიშნავდა ბოლომდეს... ვაჟკაცი იყო, რომანტიკოსი და ერის კაცი... იმას შეეწირა იქ, ჩვენ რომ ვმიტინგობთ აქ" - წერდა ამ ცოტა ხნის წინ ლელა ანჯაფარიძე.

ალექსანდრე (საშკა) გივის ძე იოსელიანი 1952 წლის 29 ივლისს დაიბადა გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. 1969-1973 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საშკა იოსელიანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში. იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა.

საშკა იოსელიანი ასევე ცნობილი ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის უმცროსი ძმაა. საშკა იოსელიანს ხათუნა იოსელიანის შვილი მაკა შენგელია ამერიკიდან იხსენებს...

- საშკა დაიბადა 1952 წლის 29 ივლისს, ლომი იყო ჰოროსკოპითაც და ბუნებითაც. ლიდერი, ლამაზი, კეთილშობილი და მზრუნველი. ჩემზე 15 წლით დიდი იყო. ყველგან თან დავყავდი, ზედმეტსახელიც მან დამარქვა - ფოფოდია, გრძელ კაბებში ვთამაშობდი სულ სახლში და ამის გამო… ხათუნაზე რვა წლით პატარა იყო. პირველი მისი გამოჩენა სცენაზე იყო ხათუნას საკურსო სპექტაკლში, მერე მოკლემეტრაჟიან ფილმში "კედელი", იქ თამრიკო დათუაშვილთან ერთად გადაიღეს.. ძალიან ლამაზები იყვნენ და პირველი სიყვარულიც ეწვიათ...

ექიმების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ალბათ ხათუნას არჩევანმა და გარემომ განაპირობა მისი პროფესიის არჩევა... ზემელზე ცხოვრობდნენ, მაშინდელ მოსკოვის ქუჩაზე. თბილისი ძალიან პატარა იყო მაშინ და ყველა იცნობდა, მიყვარდა მასთან ერთად სიარული, ყველა ესალმებოდა, ყველა ეფერებოდა...

მოზარდ მაყურებელთა თეატრში წავიდა ინსტიტუტიდან, შალვა გაწერელიას სტუდენტო იყო და წაიყვანა, ხათუნაც იქ იყო იმ პერიოდში. რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი შექმნა. მე განსაკუთრებით, კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვებაში" მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო... მერე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, ლაშა თაბუკაშვილის პიესა დაიდგა მისთვის - "ჭრილობა"... ბოლოს კვდებოდა ეს გმირი, პირველად იქ, სცენაზე მოკლეს....

საშკა და ხათუნა

მედეა ჯაფარიძემ თავის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, რომეო ათამაშა, ჯულიეტა მედეა იყო... ჰქონდა წარმატებული როლები, სცენაზეც, კინოშიც მაგრამ მაინც არ იყო ისე სათანადოდ რეალიზებული და გამოყენებული, მისი არც გარეგნობა და არც ნიჭი.

- ცნობილი იყო, როგორც ქალთა გულთამპყრობელი...

- რა თქმა უნდა ქალებს ძალიან მოსწონდათ... გიტარაზე უკრავდა შესანიშნავად და მღეროდა, ლექსებს კითხულობდა არაჩვეულებრივად, რაც მთავარია, სულით ხორცამდე დახვეწილი და ქალების პატივისმცემელი, ჯენტლმენი იყო, საოცარი თავაზიანობით გამოირჩეოდა. მორიდებულიც იყო ძალიან... მან ულამაზესი ანა რატიანი შეიყვარა, მოიყვანა ცოლად და შვილები - გიორგი და ნინო შეეძინათ. ერთი ბავშვი კენგურუში წინ, მეორე კისერზე ეჯდა, გიჟდებოდა თავის შვილებზე.

კადრი ფილმიდან "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"

- ტელევიზიაშიც მოღვაწეობდა, რაც სამწუხაროდ, საბედისწეროც აღმოჩნდა...

- თეატრის პარალელურად პირველ არხზე დაიწყო მუშაობა. დილის გადაცემა "ალიონი" მიჰყავდა. მერე კამერაც აიღო ხელში და თავის სიუჟეტებსაც თავად აკეთებდა. აფხაზეთის ომში პირველი დღიდანვე წავიდა და ბოლომდე იბრძოდა იარაღით და კამერით. ჩამოიტანდა გადაღებულ მასალას და უკან მიდიოდა. ბევრ მშობელს შემოუნახა მისი შვილის სახე ამ კადრებში, საქართველოს კი - ისტორიული კადრები.

ბოლომდე იქ იყო და ბოლოს, ომის დამთავრებამდე 1 კვირაღა იყო დარჩენილი, გუმისთაში 19 სექტემბერს, სნაიპერმა ქალმა კამერით რომ დაინახა, მიზანში ამოუღია. რომ არ მოგატყუოთ, ამდენი ხალხი, რაც მის გასვენებაში ვნახე, ეროსის გასვენებაში მყავდა ნანახი, სახლიდან თეატრამდე ფეხით ჩაიყვანეს და ჩააცილეს, თეატრიდან დაკრძალეს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

დაკრძალვის მეორე დღეს, მეორე ბიძაც წავიდა კოკა წეროძე და მისი საფლავიც კი არ გვაქვს.. უამრავი გულანთებული სამშობლოზე შეყვარებული ბიჭი დავკარგეთ, აფხაზეთში,რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში და იმედია არც საშკას მიერ დაღვრილი სისხლი და არცერთი ქართველის დაღვრილი სისხლი არ იქნება ამაო.