ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მათ ყველაზე დიდი აფეთქება აღმოაჩინეს. ეს აფეთქება 10-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მანამდე აღრიცხული ნებისმიერი სხვა ვარსკვლავის აფეთქება, რომელიც სუპერნოვას სახელითაა ცნობილი.
ამჯერად, ნათება სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა, რაც ბევრად უფრო დიდი დროა, ვიდრე სუპერნოვების უმეტესობას ახასიათებს. ისინი, როგორც წესი, შესამჩნევად კაშკაშა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, აფეთქება შავი ხვრელის მიერ გაზის უზარმაზარი ღრუბელის შთანთქვამ გამოიწვია. ასტრონომებმა ცაში ამ აფეთქების ციმციმი პირველად 2020 წელს აღმოაჩინეს და მას AT2021lwx უწოდეს. იმ დროისთვის, ისინი თვლიდნენ, რომ ეს შეუმჩნეველი აფეთქება იყო, რადგან შეუძლებელი იყო იმის გამოთვლა, თუ რამხელა მანძილის მოშორებით იყო ის, ან რაოდენ კაშკაშა იყო მისი ნათება.
გასულ წელს, ასტრონომების ჯგუფმა, რომელსაც დოქტორი ფილიპ უაისმენი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ეს სუპერნოვა და შედეგად მათ გამოითვალეს მანძილი, რომელიც სუპერნოვასგან გვაშორებს და ეს 8 მილიარდი სინათლის წელი აღმოჩნდა. "ჩვენ ვიფიქრეთ, "ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია!" გუნდი სრულიად გაოგნებული იყო და ვერც კი იაზრებდა, რას შეიძლებოდა ასეთი კაშკაშა სინათლის გამოწვევა", - ამბობს უაისმენი.
დოქტორი ფილიპის თქმით, სამეცნიერო ლიტერატურაში ვერაფერი ახსნიდა იმას, თუ რამ გამოიწვია ასეთი კაშკაშა ობიექტის ნათების ამდენი ხნით გაგრძელება. "რაღაც მოვლენის 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნათება ძალიან უჩვეულო იყო", - აცხადებს უაისმანი. მისი თეორიით, ეს აფეთქება მზეზე დიდი ზომის გაზის ღრუბელის უშველებელი შავი ხვრელის მიერ შთანთქვის შედეგი შეიძლება იყოს.
ითვლება, რომ ყოველი გალაქტიკის შუაგულში გიგანტური შავი ხვრელია. მეცნიერის აზრით, ასეთ მძლავრ აფეთქებებს გალაქტიკების ცენტრის შექმნაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. "შესაძლოა, ეს იშვიათი მოვლენები ისეთი ენერგიულია, რომ გალაქტიკის ცენტრის ცვლილების ძირითადი გამომწვევი პროცესი იყოს. ჩვენ, მსგავსი რამ, თანაც ამ მასშტაბის, არასდროს გვინახავს",- განუცხადა მან BBC News-ს.
ასტრონომების გუნდი ახლა აფეთქებაზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას აპირებს, რათა ობიექტის ტემბერატურა და მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესები გამოავლინონ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა