ჰალიდ დოლტმურზიევი 15 წლის ინგუში ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს. Geo Team-ის ინფორმაციით, დოლტმურზიევს, რომელიც თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებიდან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ სპორტსმენის მამას ძალიან სურდა, რომ მის ვაჟს საქართველოს სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი.
ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ არ სურთ, რომ ჰალიდმა რუსეთის ნაკრებში ითამაშოს.
ჰალიდი ამჟამად ბელგიურ კლუბ "ბრიუგეში" თამაშობს და ის ამომავალ ვარსკვლავად და ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. ფეხბურთელის ანგარიშზე, "ბრიუგეს" რიგებში, მიმდინარე სეზონში, 23 მატჩში 22 გოლია და ხუთი საგოლე გადაცემაა.
Setanta Sports News-ის ინფორმაციით, ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს (17 წლამდე) ნაკრებთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თავისი გამოსვლის შესახებ ინფორმაცია Instagram-ის ოფიციალურ გვერდზეც გაავრცელა, ქართული დროშის ემოჯი დააყენა და ამით თავისი არჩევანი დაადასტურა.