ავტორი:

რა მოხდება თუ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და როგორ შეიძლება შეცვალოს მისმა პრეზიდენტობამ ომი უკრაინაში

რა მოხდება თუ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და როგორ შეიძლება შეცვალოს მისმა პრეზიდენტობამ ომი უკრაინაში

თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათია არაერთხელ გამოხატა.

მაგალითად, 2018 წელს, ფინეთში გამართული სამიტის დროს ტრამპმა უგულებელყო აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წელს ამერიკის სსაპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთია და პუტინის "დაჯერება" არჩია, რომელიც ამ ინფორმაციას უარყოფდა. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ პუტინის სასარგებლო განცხადებები გააკეთა.

ტრამპს კვლავ სურს აშშ-ის პრეზიდენტობა და თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ პოზიტიურისკენ შეიცვლება.

CNN-თან ინტერვიუში ტრამპმა დამატებითი მტკიცებულება მისცა მათ, ვინც ექსპრეზიდენტს პუტინთან "ძალიან მყუდრო ურთიერთობაში" ადანაშაულებს. ტრამპის თქმით, შეეძლო უკრაინის ომი 24 საათში დაესრულებინა. ასევე ისაუბრა იმ საბრძოლო მასალაზე, რომლითაც ამერიკა უკრაინას ეხმარება.

"საბრძოლო მასალა ჩვენთვის არ გვაქვს და ამ დროს, სხვას ძალიან ბევრს ვაძლევთ“ - აღნიშნა ტრამპმა.

მართალია აშშ-ის კონგრესმა უკრაინის მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარის დახმარების დაამტკიცა, თუმცა გაპრეზიდენტობის შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შეუძლია გამოიყენოს თავისი აღმასრულებელი ძალა, რათა შეანელოს, ან თუნდაც შეაჩეროს ეს მხარდაჭერა.

საინტერესოა, რომ ექსპრეზიდენტის ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კოლეგამ დაგმო ტრამპის განცხადებები, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, შესაძლებელია, რომ თუ ტრამპს 2024 წლის ნოემბერში კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ, ამ შემთხვევაში, უკრაინას აშშ-ის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა აღარ ექნება, როგორიც ახლა აქვს.

დიდ ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს შეშფოთება ტრამპის გაპრეზიდენტების შედეგებთან დაკავშირებით.

"თუ ბატონი ტრამპი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას, ომი დასრულდება რუსული პირობებით, რაც დასავლეთისთვის ყველაზე საშინელი კოშმარია“, - ამბობს ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილი უფროსი, სერ ალექს იანგერი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის დასახმარებლად საგრძნობლადაა შემცირებული. Pew Research-ის გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა უმრავლესობა თვლის, რომ აშშ-ი უფრო მეტად უნდა ფოკუსირდეს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე.

ჯეფრი ტრეისმენი, კონექტიკუტის ნიუ ჰევენის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების პროფესორი, ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, დაასრულებს თუ არა აშშ-ის მხრიდან დახმარების შეჩერება ომს - ის კვლავ შეიძლება გაგრძელდეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში.

”უკრაინელებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ებრძოლონ რუსებს. მან თავიდანვე, მინიმალური უცხოური მხარდაჭერით მოიგერიეს რუსების შეჭრა. ”ასე რომ, უკრაინას აქვს პოტენციალი - მაშინაც კი, თუ აშშ შეწყვეტს დახმარების გაწევას - განაგრძოს და გააჭიანუროს ომი უახლოეს მომავალში.“,- თქვა მან.

ტრამპის განცხადებების კონტექსტში საინტერესოა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. როგორც ზელენსკიმ BBC-ის განუცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები მას არ აშინებს.

"არჩევნები აშშ-ში ერთ წელიწადში გაიმართება. ვინ იცის სად ვიქნებით. მჯერა, რომ უკრაინა მანამდე გაიმარჯვებს. ასე რომ, ვნახოთ“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

წყარო: bbc.com

მოამზადა ანი შავიშვილმა