ავტორი:

"...არცერთი რუსი კოლეგა არ შემხმიანებია. მათთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე - ჩვენი სიცოცხლე" - ინტერვიუ ცნობილ უკრაინელ მსახიობთან

"...არცერთი რუსი კოლეგა არ შემხმიანებია. მათთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე - ჩვენი სიცოცხლე" - ინტერვიუ ცნობილ უკრაინელ მსახიობთან

უკრაინულ ფოლკლორს, ესტრადას, თეატრსა და, ზოგადად, უკრაინის ცხოვრებას მეტ-ნაკლებად ვიცნობდი, ძირითადად, ჩემი მეგობარი და უკვე ნათელ-მირონით დაკავშირებული კიეველი მეგობრების წყალობით. სწორედ მათ მომატარეს კიევისა და მისი შემოგარენის წმინდა ადგილები, მათ წამიყვანეს კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ასევე - ანდრეას დაღმართზე მდებარე პატარა აკადემიურ თეატრში სახელად - Theatre on Podil. კიევში გატარებული ულამაზესი დღეებიდან ლამის 10 წელიწადი გავიდა, სამწუხაროდ, მე ვეღარ ჩავედი უკრაინაში, სამაგიეროდ, ჩემი უკრაინელები გვსტუმრობდნენ ხშირად, ვიდრე... რუსეთი უკრაინაში სასტიკ ომს წამოიწყებდა და ერთმანეთთან შეხვედრის ბედნიერებას მოგვაკლებდა.

ომამდე მცირე ხნით ადრე დავინტერესდი უკრაინული და რუსული ფილმებითა და სერიალებით, რას იღებდნენ, როგორი მსახიობები ჰყავდათ და ა.შ. პირველი ფილმი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - "გოგონა ატმებით“, სადაც მთავარ როლს უკრაინის თეატრისა და კინოს მსახიობი ვლად ნიკიტიუკი ასრულებდა. ნელ-ნელა ამ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობის მონაწილეობით სხვა ფილმებიც ვნახე: "პრინცესას ანდერძი“, "წვიმის ყვავილები“, "უნებლიე მემკვიდრე“, "სე ლა ვი“, "ბედისწერის სამკუთხედი“, "დაუცველი გული“ და სხვ. მერე აღმოვაჩინე, რომ ვლად ნიკიტიუკი ძალიან პოპულარული იყო არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ - საქართველოშიც. გადავწყვიტე, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, მაგრამ მაშინ რატომღაც ვერ მოვახერხე, მერე კი ომიც დაიწყო... ომის დაწყების შემდეგ ვლადის "ფეისბუქგვერდი" დავათვალიერე, მახსოვს, თავისი უახლოესი მეგობრის, უკრაინის კინოსა და თეატრის მსახიობის, ჩემთვის ფილმებიდან უკვე ნაცნობი პაშა ლის გარდაცვალებაზე წერდა. ვლადის გვერდზე სხვა პოსტებიც ვნახე - როგორ ჩაერთნენ ის და მისი ნაცნობები თუ ახლობლები სამოხალისეო საქმიანობაში და როგორ ეხმარებოდნენ მოსახლეობასა და ჯარისკაცებს. მაშინვე მივწერე მესინჯერში და ინტერვიუ ვთხოვე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მესიჯი ვლადმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინა და შემეხმიანა, თუ შეთავაზება კვლავ აქტუალურია, მზად ვარ ვუპასუხო კითხვებსო. ასე შედგა დაგვიანებული ინტერვიუ უკრაინის თეატრისა და კინოს მსახიობთან - 30 წლის ვლად ნიკიტიუკთან.

- ვლად, უპირველესად, სულით და გულით გიცხადებთ მხარდაჭერას რუსეთთან ბრძოლაში და ვნატრობ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს საშინელი ომი უკრაინის გამარჯვებით. თქვენი ერი ერთობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითებს უჩვენებს მსოფლიოს... თითქმის წელიწად-ნახევარი გადის რუსეთის თავდასხმიდან და ამ ომმა მხოლოდ უკრაინის კი არა, მსოფლიოს ყოფა-ცხოვრება შეცვალა. ცხადია, შეიცვალა პირადად თქვენი ცხოვრებაც - უკრაინის კინოსა და თეატრის საკმაოდ პოპულარული მსახიობის. ვინ იცის, რამდენი განსახორციელებელი პროექტი გქონდათ პროფესიული თვალსაზრისით, რა გეგმებს აწყობდით სამომავლოდ, რაზე ოცნებებდით. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს, რომელმაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარა?

- მიხარია, თქვენს მხარდაჭერის სიტყვებს რომ ვისმენ, დიდი მადლობა. მე ვამაყობდი ქართველი ხალხით, როდესაც ქართველები გამოხვედით მიტინგზე "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ. ქალი, რომელსაც დროშა ეკავა და რომელსაც წყლის ჭავლი მიუშვეს, სიმამაცის სიმბოლოა და ის მომენტიც, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მას სხვა მომიტინგეები უერთდებოდნენ და ეხმარებოდნენ ამ ყველაფრის ატანაში - სწორედ ეს არის ხალხის სიმართლე! მადლობას გიხდით გამბედაობისა და მკაფიო პოზიციისთვის!

რაც შეეხება რუსეთის ჯარების შემოჭრას და ომის დასაწყისს, იმ პერიოდში ნანატრ შვებულებაში ვიყავი ჩემს შეყვარებულ ანასთან (ანა ჰულიაევა, უკრაინის თეატრისა და კინოს მსახიობი - ავტ.) და მის მშობლებთან ერთად, უკრაინის დასავლეთში. ორივეს ძალიან გვჭირდებოდა დასვენება და ძალების აღდგენა, კიევში დაბრუნების შემდეგ კი გადაღებები უნდა დამწყებოდა. 3 დღით დავისვენეთ და... 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა უკრაინაში.

შეყვარებულ ანა ჰულიაევასთან ერთად

მახსოვს, როგორ ვერ წამოვდექი საწოლიდან, როდესაც მითხრეს, - გაიღვიძე, დაიწყოო. ვგრძნობდი, რომ ფეხები მეკვეთებოდა. ყველაზე საშინელი პერიოდი შემოსევის პირველი თვეები იყო - შიში, პანიკა, გაურკვევლობა.

ჩემი მშობლები ბოროდიანკასთან, სოფელში იყვნენ. არავის სჯეროდა, რომ ბელარუსი მტრის ჯარებს ჩვენთან თავისი ტერიტორიიდან შემოუშვებდა. მშობლებს ეგონათ, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ბოროდიანკა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. მათ ვერაფრით ვუკავშირდებოდი და ძალიან ვღელავდი. მალევე დაიწყო ავიაშეტევები, რამაც ჩემი ბიძაშვილი იური კალეტნიკი იმსხვერპლა. ის თავისი ბინის აბაზანაში იმალებოდა და იქვე იპოვეს, ნანგრევების ქვეშ, ხელში განგაშის ჩემოდანი ეჭირა. საშინელი ამბავი იყო, ვტიროდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. მე და ანას მამამ ადგილობრივ აღრიცხვაზე აყვანა ვითხოვეთ. აგვიყვანეს და გვითხრეს, რომ დაგვირეკავდნენ, თუ დახმარება დასჭირდებოდათ. თავს უმწეოდ ვგრძნობდი. რაიმე საქმე რომ გამოგვეჩინა, მე და ანამ დავიწყეთ ვარიანტების ძებნა, რით შეიძლებოდა ვინმესთვის საჭირო ვყოფილიყავით.

ასე აღმოვაჩინეთ ადგილობრივ მოხალისეთა ორგანიზაცია. ამის პარალელურად, მჭიდრო კავშირს ვამყარებდით ჩემს მეგობართან და კოლეგასთან პაშა ლისთან. ის ირპინში იყო მოხალისედ, სამხედროებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარებას ეძებდა. ჩვენც გადავწყვიტეთ, მისთვის ასეთი დახმარება აღმოგვეჩინა და შევაგროვეთ, რაც საჭირო იყო. საღამოს პაშა არ დაგვკავშირებია, დილით კი მისი დაღუპვის ამბავი შემატყობინეს. შეუძლებელი იყო ამის დაჯერება. ყველაფერი ერთმანეთში აირია - ცრემლები, შიში, ბრაზი, სიძულვილი...

Ukraine Victory Gallery - მოხალისეები უკრაინის დასახმარებლად

რუსებისგან ოკუპირებულ სოფელში, სადაც ჩემი მშობლები იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა მღვდელმა შეძლო მტერთან მოლაპარაკება მშვიდობიანი მოქალაქეების საომარი ზონიდან გაყვანაზე. მახსოვს, რაც განვიცადე, ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი შვება, რადგან ბოლოსდაბოლოს შევძელი მშობლებთან დაკავშირება, რომლებმაც სასწაულებრივად გამოაღწიეს იქიდან და უკვე ხმელნიცკისკენ მიდიოდნენ. ორი თვე გავატარეთ უკრაინის დასავლეთში. კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში, შინ დავბრუნდით.

სიმართლე გითხრათ, თავიდან რთული იყო ბედნიერი ადამიანების ყურება, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ტკბებიან საკუთარი ცხოვრებით და აკეთებენ ყველაფერს, რაც რუსმა მკვლელებმა ჩვენ მოგვპარეს. დროთა განმავლობაში ეს შეგრძნება გამიქრა, ალბათ, უკვე შევეჩვიე კიდეც, რომ ცხოვრება ასეა აწყობილი.

- წლების განმავლობაში რუს მსახიობებთან ერთად ხშირად გიწევდათ ფილმებში გადაღება თქვენც და სხვა უკრაინელ მსახიობებსაც. ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსი კოლეგებიდან ვინმე შეგეხმიანათ? ვინმემ თანაგრძნობა ან თანადგომა გამოხატა უკრაინელი ერის მიმართ?

- ომის დაწყებისთანავე გავაზიარე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, მივწერე რუს ნაცნობებს, კოლეგებს, იმ იმედით, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ამ სიგიჟის შესაჩერებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, გაუგებრობის კედელს გადავეყარე და არანაირი მხარდაჭერა არ მიმიღია, მხოლოდ მამშვიდებდნენ, 3-4 დღე გავა და ყველაფერი დასრულდებაო. შოკში ვიყავით. მათ ვერ გაიგეს, რომ მათი ჯარები ჩვენს დახოცვას ცდილობდნენ. მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა და არცერთი რუსი კოლეგა არ შემხმიანებია. მათთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე - ჩვენი სიცოცხლე.

- თუ სწორად მახსოვს, პეტიცია გაავრცელეთ უკრაინული ფილმების უკრაინულად გახმოვანებისთვის. როგორ გაუკეთეთ ამ ამბავს ორგანიზება, რამდენი ფილმი გაახმოვანეთ და რა წინააღმდეგობა შეგხვდათ გზადაგზა?

- ეს პეტიცია არ ეხებოდა უკრაინული ფილმების უკრაინულ დუბლირებას. შევქმენით პეტიცია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული კულტურული საქმიანობის აკრძალვის თაობაზე და შევკრიბეთ ჩვენთვის საჭირო 25 ათასი ხმა.

ფილმ "ბრძოლის წესების“ გადაღებაზე პაშა ლისთან ერთად. 2017 წ.

- ვიცი, კიეველი ხართ. კიევ-პეჩორის ლავრაზეც მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ აფასებთ იქ მიმდინარე ამბებს?

- კიევ-პეჩორის ლავრის ამბებით დიდად არ ვინტერესდები. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ახლა ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს რუსულს ჩვენს ქვეყანაში და რუსულად რომ გწერთ პასუხებს, ესეც კი არ მსიამოვნებს. სამწუხაროა, რომ ქართულად წერა არ ვიცი. ამიტომ მხარს ვუჭერ რუსეთთან ასოცირებული ყველანაირი ბოროტების განდევნის ნებისმიერ ვარიანტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არის მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი პავლე, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც "პაშა მერსედესი“. ვფიქრობ, არ მჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ დაერქვა ასე.

- ვლად, მართალია, ახლა კიევს იშვიათად ბომბავენ, მაგრამ ვითარება, ალბათ, მაინც დაძაბულია. როგორ ცხოვრობთ დღეს, როგორ ცხოვრობს კიევი, ქვეყნის ის ნაწილი, სადაც ამჟამად საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს? აქვთ თუ არა ადამიანებს სამუშაო ან, თუნდაც, თქვენს სფეროში - კულტურის მიმართულებით რა ხდება, თავად რას საქმიანობთ?

- კიევს ახლაც ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა რუსი ტერორისტების, "შაჰედის“ უპილოტო თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმები, მეტროშიც მოგვიხდა თავის შეფარება, როგორც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში და შუაში. მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ახლა კიევი ბევრად უკეთ არის აღჭურვილი და გამაგრებული, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

ადამიანები კი ცდილობენ იცხოვრონ. დღეს კითხულობ ამბებს, რომ რუსულმა რაკეტამ ქალაქ უმანში ხალხთან ერთად სახლი დაანგრია, ხვალ კი სამსახურში მიდიხარ და... ამას ცხოვრება ჰქვია?!

სამსახურების მხრივ რთული ვითარებაა, ბევრი მსახიობია უმუშევარი. მე მოხალისე ვარ და ამ პერიოდში ჩვენმა სამოხალისეო პროექტმა, რომელიც ამერიკელ მოხალისეებთან ერთად დავიწყეთ (სხვათა შორის, საქართველოდანაც შემოგვიერთდნენ) და რომელსაც ჰქვია "უკრაინის გამარჯვების გალერეა“ (Ukraine Victory Gallery - დამფუძნებელი და პარტნიორი ლენი პრიდატკო), 300 ათასი დოლარი შეაგროვა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. გავხსენით მოხალისეთა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სამხედრო ნივთებისგან დამზადებული უკრაინელი მხატვრების ექსპონატები, გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უკრაინის "კულტურის ფრონტის“ მხარდასაჭერად. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სამუშაო გაკეთდა. ერთი წელი ამით ვსუნთქავდი და ვცხოვრობდი. ახლა დროა, საკუთარ თავზეც ვიფიქრო. მე ვუბრუნდები ომამდელ დღეებს - დანაზოგი იწურება, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა იცხოვრო ადამიანმა!

- საქართველოში კარგად ვიცით, რა არის ომი, რადგან ჩემმა პატარა ქვეყანამ ეს რამდენჯერმე გაიარა და - ჩემ თვალწინაც; ვიცი, რას ნიშნავს მეგობრების და ახლობლების ომში დაღუპვა. საუბედუროდ, რაც მახსოვს, ჩვენი მტერიც სწორედ რუსეთი იყო და არის. საქართველოს ძალიან მცირე რესურსი აქვს მასთან საბრძოლველად - ნებისმიერი თვალსაზრისით და მართალია, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ გმირული სული მაინც შეინარჩუნა. რაც მთავარია, იმედი არ დაგვიკარგავს, რომ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას თავისი გმირები ჰყავს - სახელითა და გვარით რომ დაგვამახსოვრეს თავი და უსახელოდაც რომ დაიღუპნენ, რადგან ვერავინ ამოიცნო მათი ვინაობა. თქვენს ქვეყანასაც ჰყავს ასეთი გმირები. რას ეტყვით საიმედოს მათ ოჯახებს, რით გაამხნევებთ?

- არ მაქვს უფლება, მათ რაიმე ვუთხრა. მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შემიძლია მათი სიძლიერისა და რუსი მკვლელებისგან ჩვენი დაცვისთვის. ალბათ, ეს კიდევ ერთი მიზეზთაგანია, რის გამოც დღეს მოხალისე ვარ!

სპექტაკლის "იგრძენით თავი, როგორც სახლში“ შემდეგ - 1-ლ რიგში მარცხნიდან პირველი პაშა ლი, მეოთხე ვლად ნიკიტიუკი

- როგორ ფიქრობთ, ომის ამ ერთმა წელმა შეხედულებები შეგიცვალათ ადამიანებზე, ურთიერთობებზე, სამყაროზე ან - რა წაგართვათ ომმა და რა შეგძინათ?

- ომმა წამართვა ჩემი საყვარელი ადამიანები, ასევე, საუკეთესო დრო, რომელიც ბედნიერ ცხოვრებასა და ოცნებების ასრულებაში უნდა გამეტარებინა. ერთადერთი, მიხარია, რომ ვიპოვე ახალი მეგობრები, რომლებიც რთულ მომენტში ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ. რაც მთავარია, ამ ერთი წლის განმავლობაში გავიგე, რომ მაქვს უზარმაზარი, ძლიერი ქვეყანა, რომლის გამოც არასდროს შემრცხვება.

P.S. ვლად ნიკიტიუკს კითხვები რომ გავუგზავნე, წმინდა გიორგის ხსენების დღესასწაული დგებოდა, ჩვენებურად - გიორგობა. არ ვიცოდი, ამ დღესასწაულისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს რესპოდენტს, მაგრამ მაინც მივულოცე და ვუსურვე წმინდა გიორგის ძალით და შემწეობით უკრაინის გამარჯვება ჩვენს საერთო მტერზე! ვლადისგან კი ასეთი პასუხი მივიღე:

"მამაჩემს იური ჰქვია (ქართული გიორგი უკრაინულად იურიდ წარმოითქმის - ავტ.) და გიორგობა სწორედ მისი დღეა. ყოველთვის, როცა ეკლესიაში მივდივარ, მუდამ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილს მივმართავ, რათა დამეხმაროს, ვიპოვო ძალა და თავდაჯერებულობა იმ მიზნების მისაღწევად, რაც დასახული მაქვს. ახლა კი ამ ყველაფერს ვამატებ ხოლმე: "წმინდა გიორგი, შეგვინარჩუნე ჩვენი ქვეყნის სულის სიმტკიცე. მოგვეცი გამბედაობა, რომ ვებრძოლოთ ბოროტებას და დავამარცხოთ იგი ამ უსამართლო ომში. ამინ!“

  • ავტორი: ირმა ხარშილაძ