ყბა-სახე სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც აკისრია ისეთი ფუნქციების შესრულება, როგორებიცაა ღეჭვა, მეტყველება და სუნთქვა. შესაბამისად, ამ მიდამოში არსებული ნებისმიერი დაზიანება არა მხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ხელს გვიშლის სიცოცხლისთვის არსებითი ქმედებების შესრულებაში.
ყბა-სახის რა ტრავმული დაზიანებები არსებობს? როგორია მათი მკურნალობა და რატომაა აუცილებელი დროული ჩარევა? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თოდუას კლინიკის ყბა-სახის ქირურგ გიგა ტორაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
ყბა-სახის რა ტრავმულ დაზიანებებს გამოყოფდით?
ყბა-სახის ტრავმები მოიცავს ლორწოვანი გარსის დაზიანებებს, დაჟეჟილობებს, ჭრილობებსა და ძვლოვანი ქსოვილების მოტეხილობებს. ამ ტრავმების მიზეზი შეიძლება იყოს ავარიები, საწარმოო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, ადამიანთა შორის ფიზიკური დაპირისპირება და ა.შ. ტრავმებში ყველაზე გავრცელებულია ცხვირის, ზედა და ქვედა ყბების, ყვრიმალის ძვლების მოტეხილობები. მათგან ყველაზე რთული ყბის მოტეხილობაა, რადგან ამ დროს ადამიანს შეზღუდული აქვს როგორც ღეჭვის, ისე მეტყველების უნარი.
რა ტიპის მოტეხილობები არსებობს?
შეიძლება საქმე გვქონდეს სახის ძვლის ერთ ან მრავლობით მოტეხილობასთან. ლოკალიზაციის მიხედვით კი გამოიყოფა მათი რამდენიმე ტიპი – მოტეხილობა, რომელიც წარმოიქმნება ტრავმის ადგილას, მისგან მოშორებით ან ორივე ლოკაციაზე, ანუ საქმე გვაქვს მოტეხილობის ორივე ტიპის კომბინაციასთან.
დაზიანება შეიძლება იყოს ღია და დახურული. ღიაა მოტეხილობა, როცა ძვლის დამფარავი შრეების მთლიანობა დარღვეულია.
როგორია ყბა-სახის ტრავმების დიაგნოსტიკის პროცესი?
ყბა-სახის მიდამოში არსებული დაზიანებების დიაგნოსტიკა ობიექტური გასინჯვით იწყება, რა დროსაც ვაფასებთ ზოგად მდგომარეობას და ვადგენთ ტრავმის ადგილს. შემდეგ ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევასა და სახის ძვლების კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც ყველაზე ინფორმატიული კვლევაა ყბა-სახის დაზიანებების დიაგნოსტიკისთვის. ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ კი ვიწყებთ ქირურგიულ მკურნალობას.
რამდენად კომპლექსურია სახის მიდამოში არსებული ტრავმების მკურნალობა?
ყბა-სახის ქირურგია საკმაოდ რთული მიმართულებაა, რადგან მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს. ოპერაცია ისე უნდა ჩატარდეს, რომ არა მხოლოდ დაზიანებული ორგანოს ფუნქცია აღდგეს, არამედ შეუნარჩუნდეს მას პირვანდელი ფორმა. ამასთან ერთად, ქირურგების ამოცანაა, აარიდოს პაციენტს სახეზე ნაწიბური, რისთვისაც ყველა შესაძლებლობას ვიყენეთ, რომ ოპერაცია პირშიგნითა მიდგომით ჩავატაროთ.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყბა-სახის ტრავმებს?
თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს მოტეხილობის ადგილას მოსალოდნელია, რომ განვითარდეს ანთებითი პროცესები, როგორც რბილ, ისე ძვლოვან ქსოვილებში. შეიძლება წარმოიქმნას აბსცესები, არასწორად შეხორცდეს მონატეხი ფრაგმენტები, რაც იწვევს ყბა-სახის ფუნქციურ მოშლასა და დაზიანებული ადგილის დეფორმაციას. ამიტომ ყოველთვის ვუსვამ ხაზს სპეციალისტთან დროული ვიზიტის მნიშვნელობას იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს მონატეხი ფრაგმენტების რეპოზიცია და ფიქსაცია. გართულებების თავიდან არიდებით კი, პაციენტი გაცილებით მალე შეძლებს დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობასა და ცხოვრების რიტმს.
R