ავტორი:

10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ

10 ფილმი, რომლის ყურებასაც პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ

პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც განტვირთვას და დასვენებას კარგი ფილმის ყურებისას, წიგნის კითხვისას თუ კარგი მუსიკის მოსმენისას ახერხებენ.

  • გთავაზობთ 10 ფილმს, რომლის ყურებასაც ბადრი ჯაფარიძე გირჩევთ:

1. თენგიზ აბულაძის "მონანიება“ (1984)

ეს არის ფილმი, რომელიც ასახავს საბჭოთა კავშირის რღვევის დაწყების პროცესს. ძალიან ემოციურად ასახავს გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეპრესიებს. როგორც ვიცი, არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული. სხვათა შორის, თავდაპირველად ფილმის ყურება მხოლოდ არალეგალური გზით, ვიდეოკასეტისების საშუალებით იყო შესაძლებელი. საოცრად მაღალმხატვრულად არის შესრულები. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, ჩემში ძლიერ ემოციებს იწვევს.

2. თენგიზ აბულაძის "ვედრება“ (1967)

"ვედრება“ ვაჟა ფშაველას ნაწარმოების გენიალური ეკრანიზაციაა. მასში ერთდროულად არის გადმოცემული, ვაჟკაცობის, ჰუმანიზმის, სტუმარმასპინძლობის მაგალითები.

3. ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებლი ამბავი“ (1985)

ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ავტორი საოცარი ოსტატობით, სიღრმისეულად, განსაკუთრებული ირონიით ასახავს საბჭოთა ყოფის აბსურდულობას.

4. ოთარ იოსელიანის "იყო შაშვი მგალობელი“ (1970)

ოთარ იოსელიანმა ამ ფილმში ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინა საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანის ისტორია, რომელიც ინდივიდუალობის ძიებაშია. ცალსახად გვაჩვენა, როგორ ქრებოდა ინდივიდუალიზმი იმ ყოფაში. იმ პერიოდში ასეთი ფილმის გადაღებას დიდი სიმამაცე სჭირდებოდა.

5. ოლივიე დაჰანის "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007)

ეს ფრანგული ფილმი ედიტ პიაფის ცხოვრების მიხედვით არის გადაღებული. და ძალიან საინტერესოა. ამასთანავე, ბრწყინვალედ თამაშობს მარიამ კოტიარდი. ერთი ამოსუნთქვით შეიძლება მისი ყურება.

6. სტივენ სპილბერგის "შინდლერის სია“ (1993)

"შინდლერის სია“ მართლაც რომ უბრწყინვალესი ფილმია და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნას ასახავს. ძალიან საინტერესოდ არის გამოცემული იმ პიროვნების ისტორია, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბევრი ადამიანი გადაარჩინა. ისტორია, რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასევე საოცარი მუსიკაა, რომელიც ცალკე განჯის და შეფასების საგანია.

7. სტივენ სპილბერგის"რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998)

ფილმი ომის საწინააღმდეგო პათოსს ატარებს და არაჩვეულებრივი მუხტის მატარებელია. ეს ფილმი იმ თვალსაზრისითაც არის გამორჩეული, რომ მასში მთელი თანავარსკვლავედია თავმოყრილი. ტომ ჰენქსი კი ხომ საერთოდ გამორჩეულად თამაშობს.

8 რობერტ ზემეკსის "ფორესტ გამპი“ (1994)

ტომ ჰენქსი, "ფორესტ გამპიშიც" არაჩვეულებრივად თამაშობს, ფილმის სცენარიც გამორჩეულია. ამბავი შეზღუდული უნარების მქონეს ადამიანზეა. ძალიან კარგად არის გაანალიზებული, რომ არ არსებობს შეზღუდული უნარი, არსებობს მხოლოდ საზოგადოებაში გაბატონებული კლიშე. სინამდვილეში, ადამიანი, რომელსაც ჩვენ შეზღუდული უნარების მქონედ მივიჩნევთ, შეიძლება ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი იდეის ავტორი იყოს და სრულფასოვანი ცხოვრებით, სხვებზე საინტერესოდაც კი ცხოვრობდეს.

9. მელ გიბსონის "მამაცი გული“ (1995)

შესანიშნავი ფილმია თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, პატრიოტიზმზე, სიმამაცეზე... მართალია ისტორიული ფაქტები რეჟისორის მიერ არის ინტერპრეტირებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სხვა ისტორიულ ფილმებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია. ფილმიც დინამიკურად არის გადაღებული და ამასთანავე, მელ გიბსონიც ძალიან საინტერესოდ თამაშობს.

10. მილოშ ფორმანის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975)

ამ ფილმს ჩემს საყვარელ ფილმებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბევრი მიზეზი გამო. ერთ-ერთი მიზეზის კი ის გახლავთ, ფილმის ძირითადი მოტივი თითოეული ინდივიდის თავისუფლებისთვის ბრძოლის საგაა, და რა თქმა უნდა, აქაც გამორჩეულად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, სხვა არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად.

იხილეთ ასევე: