ავტორი:

გიორგი კალანდარიშვილი შვეიცარიაში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გიორგი კალანდარიშვილი შვეიცარიაში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და შვეიცარიის პარლამენტის ორგანიზებით გამართულ საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენცია თემაზე „არჩევნები კრიზისის დროს - გამოწვევები და შესაძლებლობები“ 9 მაისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) შვეიცარიის დელეგაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე დემიენ კოტიემ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა მარტინ კანდინასმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კლერ ბაზი მალორიმ და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის პრეზიდენტმა ლეენდერტ ვერბეკმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მან დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოების საკითხების, საარჩევნო პროცესებზე დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივის გავლენის მიმართულებით. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე. გარდა პრეზენტაციის წარდგენისა, გიორგი კალანდარიშვილი ასევე აქტიურად იყო ჩართული კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიებში, მათ შორის უცხო ქვეყნების ჩარევის პრობლემატიკაზე საარჩევნო პროცესში.

„აღნიშნული კონფერენცია იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი. დეტალურად ვისაუბრე საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენებასა და ინოვაციების დანერგვაზე. ასევე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებულ ინტერვენციაზე. ის გამოწვევები, რომელიც დღეს საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო გარემოს, და ზოგადად დემოკრატიის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ საკითხებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება ჭირდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ არ დაზიანდეს საარჩევნო გარემო, ხელი შეეწყოს დემოკრატიული პროცესების და საარჩევნო კულტურის განვითარებას. კონფერენცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მოგვეცა სამომავლო მიმართულებების განსაზღვრისა და ნავიგაციის საშუალება. ხაზგასმით აღინიშნა თავისუფალი და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, რომ არჩევნები და დემოკრატია არის საერთო საქმე, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო ძალისხმევა, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების ჯანსაღ, კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, როგორიც არის პანდემია, Covid-19-ის გავლენა არჩევნებზე, ბუნებრივი საფრთხეების გავლენა საარჩევნო პროცესზე, შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა არჩევნებზე, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საარჩევნო პროცესებზე, არჩევნების მთლიანობის დაცვა კრიზისის დროს, საარჩევნო პროცესებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა.

აღნიშნულ თემებზე კონფერენციის მონაწილეებს პანელურ სესიებზე სიტყვით მიმართეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) გლობალური პროგრამების დირექტორმა და მუდმივმა დამკვირვებელმა გაეროში მასიმო ტომასოლიმ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორმა მატეო მეკაჩიმ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანმა რობერტო მონტელამ და სხვებმა.

გიორგი კალანდარიშვილი შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ ღონისძიებას ევროპის საბჭოს (CoE) მიწვევით დაესწრო. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები გამართა. მათ შორის გაიმართა შეხვედრა შვეიცარიის ფედერალური კანცელარიის პოლიტიკური უფლებების განყოფილების ხელმძღვანელ ბარბარა პერიარდთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მრჩეველი არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხების მიმართულებით რაჰელ ბრუგერი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი კრიშტოფ შპეტი და საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.

გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილი ასევე შეხვდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს საარჩევნო გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარლამენტო კონფერენცია შვეიცარიის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, შვეიცარიის ევროსაბჭოში გაწევრიანების 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად 9-10 მაისს გაიმართა.