ავტორი:

რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

რამ გამოიწვია ცივი მაისი და არის თუ არა უჩვეულო წლევანდელი გაზაფხულის ამინდი - სვეტლანა ნიორაძე წინა წლების სტატისტიკასა და მაისის პროგნოზზე

წელს გაზაფხულმა დაიგვიანა, არ დადგა, მოსვლა გადაიფიქრა - ამ ფრაზებს ხშირად მოისმენთ. მაისის შუა რიცხვებია და ქვეყანაში ქარი, წვიმა, დაბალი ტემპერატურა, ზოგან ყინვა და თოვლიც ფიქსირდება. იყო თუ არა წელს მაისი გრილი, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ამაზე პასუხი თვის ბოლოს იქნება, როდესაც გარკვეული რიცხვები დაჯამდება.

სვეტლანა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი AMBEBI.GE-სთან ზოგადი პროგნოზის გარდა, ყველაზე გრილი მაისის თვეებს იხსენებს.

- გლობალური დათბობა, როგორც ჩანს, კლიმატზე გავლენას მაინც ახდენს...

- გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება - ძალიან აქტუალური თემაა - ეს პროცესები ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. წლევანდელი მაისი რომ ავიღოთ, არ მგონია, ისეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში, რომ გლობალურ დათბობას გამოეწვია. იმიტომ, რომ საქართველოში გაცილებით უფრო ნალექიანი, ცივი მაისი ყოფილა როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე - დასავლეთში.

- მარტი და აპრილიც საკმაოდ გრილი იყო. ამას ჯერჯერობით გრილი მაისის დღეები მოჰყვა და ესაა ადამიანების წუხილის მიზეზი, თორემ წინა წლებში შეიძლება მეტი ცივი მაისიც კი გვქონია...

- კი, ასე წაეწყო, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში მახსოვს, რომ თბილისში აპრილის ბოლოს მოთოვა... ახლა გარდამავალი პერიოდია, გაზაფხულია და ცოტა გვიანი გაზაფხული. თან, მართლაც ერთმანეთს წაეწყო - ზამთარი და მერე მარტი-აპრილის არამდგრადი ამინდი.

ეს კი ნამდვილად დაკავშირებულია გლობალურ პროცესებთან, განსაკუთრებით იმასთან, რა პროცესებიც ატმოსფეროში მიმდინარეობს. წელს ძალიან აქტიურია ატლანტიკის ოკეანეში ციკლონების აქტიურობა, მოძრაობა, რომელიც ხან დასავლეთიდან შემოდის, ხან სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. ამას მოჰყვება ცივი ჰაერის მასები, რაც ამ ამინდს იწვევს. დადგება ზაფხულიც. უბრალოდ საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა წყალდიდობა. საქართველოს მდინარეებში მაღალი წყლიანობაა, ამას გადაუდებელი ძლიერი წვიმებიც დაერთო. პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები მოხდა, გზა დაიკეტა ქუთაისში, მამისონის უღელტეხილზე.

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ყველაზე ცივი მაისი რომელ წელს ფიქსირდება საქართველოში?

- ეს იყო 1956 წელი, დასავლეთ საქართველოში ყველაზე ცივი მაისი 2022 წელს იყო. თბილისისთვის ყველაზე ცივი მაისი 1999 წელს დაფიქსირდა, როცა დღის მაქსიმალური ტემპერატურა 9 გრადუსი დაფიქსირდა, ღამით - 4 გრადუსი. ქობულეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2011 წლის მაისში იყო.

- ეს როგორ ფასდება?

- მთლიანი თვე უნდა გავიდეს, რომ გავიგოთ, მაისი ცივი იყო თუ თბილი. ახლა მაისში რომ დათბება, შეიძლება საბოლოოდ ისეთი სურათი მივიღოთ, რომ მაისი ცივი და ნორმაზე დაბალი ტემპერატურით დაფიქსირდეს. იგივე ნალექზეც შეიძლება ითქვას. ნალექიანი წლებიც მაისში ძალიან ბევრია - მაგალითად, 2017, 2012. თბილისში 2012 წელს ამ დროს სასწაული რაოდენობის ნალექი მოვიდა. თვის ჯამი 300 მილიმეტრამდე იყო. თბილისში წყალდიდობაც მოხდა. ამიტომ, თვე უნდა დამთავრდეს, რომ შევაფასოთ. გასაგებია, რომ ხალხი წუხს, ზოგს გათბობა არც გამოურთავს და ზოგმა თავიდან ჩართო.

- დავასახელეთ წლების მიხედვით რამდენიმე გრილი მაისი. იყო თუ არა ისინი შემდგომ ცხელი ზაფხულის წინაპირობა?

- ზაფხულის პროგნოზზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახლა მზადდება ზამთრის და ზაფხულის პროგნოზი. თუ მაისში გრილა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულშიც სიგრილე იქნება, ან სიცხე. მაისის პირველ ნახევარში გრილა, 16 მაისიდან ტემპერატურა დასავლეთსა და აღმოსავლეთში მოიმატებს 20-25-გრადუსამდე. 18 მაისს უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 19-დან ისევ დაიკლებს და ნალექი მოიმატებს, ოღონდ, ნალექი შედარებით სითბოს ფონზე იქნება. 20-ის მერე კი დათბება. მერე გაჩნდება ამით შეწუხებული ადამიანების შეკითხვები - როდის აგრილდება და რატომ არის ასეთი მაღალი ტემპერატურა. მოკლედ, ჯობს მაინც დაველოდოთ სეზონის პროგნოზს, რომელიც მალე გვექნება.