ავტორი:

"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან

"უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის" - აფხაზეთში "მასშტაბური აქციისთვის" ემზადებიან

აფხაზური ე.წ. ოპოზიცია "მასშტაბური აქციისთვის" ემზადება. მოტივი ე.წ. ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნაა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისა და პოლიტიკოსების მოსაზრებით, "მოღალატეობრივ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, კორუფციულ გარიგებებს არ ერიდება."

"მასშტაბური აქცია" 30 მაისს არის დაგეგმილი, მანამდე კი, პოლიტიკური გადაჯგუფებები და ხალხის მომზადება მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციები - "ამცახარა", "ერთიანი აფხაზეთი", "აიტარა", "აფხაზეთის სახალხო ფრონტი" "აფხაზეთის ახალგაზრდული ფორუმი", "აბზანხარა", "აპსადგილი", "აფხაზეთი - ჩვენი სახლია" უკვე აქტიურად მოქმედებენ მოსახლეობის მისამხრობად.

  • თუმცა მოსახლეობის ნაწილს დიდი ცვლილებების არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ ამ პარტიებში, უმეტესობა ის ხალხია, ვინც თავის დროზე, "ხელმძღვანელობაში" იყო, თუმცა პირადი კეთილდღეობის მოწყობის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. ახლა კი მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ პრივილეგიები დაიბრუნონ, მათ ბიზნესს მმართველი კლანის წევრები უპირებენ მითვისებას, ზოგი უკვე მიითვისეს და ახლა უსამართლობის განცდის მოტივით, ქუჩის პროტესტით იმუქრებიან.

ბლოგერების ნაწილი ხუმრობით ამბობს, რომ "აფხაზეთში, სადაც სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, ერთ სულ მოსახლეზე ორი-სამი პარტია მოდის".

პოლიტიკოს რაულ ლოლუას თქმით, "ოპოზიციურმა ბლოკმა" "ხელმძღვანელობას" უკვე წარუდგინა 13 პუნქტისგან შემდგარი ულტიმატუმი და მის შესასრულებლად ვადაც დაუწესა.

მათი ძირითადი მოთხოვნები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა ეკონომიკის ე.წ. მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან 2022-2023 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოპოზიცია პასუხობს, რომ ეს რეგიონის მოსახლეობაზე არ ასახულა, რაც ნიშნავს, რომ "ვიღაცების ჯიბეებში" გადანაწილდა. ამას ემატება ისიც, რომ ყველა მნიშვნელოვანი "სახელმწიფო" დანიშნულების ობიექტის რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისება მიმდინარეობს. ახალგაზრდების პროტესტის მიუხედავად, განაგრძობენ ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების პროცედურებს.

აპროტესტებენ ასევე გზებზე უკონტროლო მდგომარეობას. "დღე არ გავა, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვეს, საგზაო დეპარტამენტმა სტატისტიკის წარმოება შეწყვიტა. ვიხოცებით, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სახლებს იშენებს და შვილების ევროპულ განათლებაზე ზრუნავს", - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, პროტესტის მუხტი უკვე იმდენად დიდია, რომ ოპოზიციას უკანდახევა არ შეუძლია. ზოგიერთის აზრით მოსახლეობაში უკმაყოფილება და აგრესია იმდენად დიდია, რომ "შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს".

"ყველა სფეროში პრობლემა გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება კი ნაბიჯ-ნაბიჯ ყიდის მიწებს, რუსებსა და სომხებზე. თუ ადრე ამბობდით, რომ 50 წელიწადში უმძიმესი მდგომარეობა გვექნება, ჩვენი ახალგაზრდები გარბიან, მათ შორის, საქართველოში, სანაცვლოდ კი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი შემოედინება, უკრაინის ომმა პროცესები დააჩქარა, 5 წელიწადში, აფხაზეთში სრულ უმცირესობაში ვიქნებით. ამიტომ არჩევნები და დროის ფლანგვა კი არა, თუნდაც იარაღით უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება, ვიდრე ყველაფერი დაკარგული არ არის", - მიაჩნია ლუდიკ ავიძბას.