ავტორი:

"როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, აბსურდია" - პაპუაშვილი

"როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, აბსურდია" - პაპუაშვილი

არათუ ფაქტი, ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ იმ კომპანიებს და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული და საქართველოს ისეთივე მიდგომა ექნება, როგორიც აქვს ისრაელს, თურქეთს და ევროკავშირის სხვა წევრ თუ მეგობარ ქვეყნებს.

„საკითხი სინამდვილეში არის ძალიან მარტივი. თავის დროზე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს ვიზების საკითხი, თუ ფრენების აკრძალვა და რუსეთმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. ჩვენ ვამბობთ და ერთ წელზე მეტია ჩვენმა საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი შემსრულებელი საერთაშორისო სანქციებისა და უზრუნველვყოფთ სრულად, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ მხრივ რისკის ქვეშ არის, ჩვენ ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა აჩვენეს თავისი სიძლიერე სწორედ ამაში, რომ არც ერთი, არა თუ ფაქტი, არამედ ეჭვიც კი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიების გამოყენების.

ამიტომ ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი აეროპორტები მიიღებენ მხოლოდ იმ კომპანიებს და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებული და ზუსტად ისეთივე მიდგომა გვექნება, როგორიც აქვთ ისრაელს, თურქეთს და ევროკავშირის სხვა წევრ, თუ პარტნიორ ქვეყნებს. რაც შეეხება მოწოდებებს, რომლების გვესმის უპასუხისმგებლო ოპოზიციისგან, რომ რუსეთს დავუწესოთ ორმხრივი სანქციები, ამაზეა საუბარი, როდესაც ლაპარაკობენ ვიზის შემოღებაზე, შეზღუდვაზე, საუბრობენ, რომ ცალმხრივად ავკრძალოთ ფრენები. ეს არის ორმხრივი სანქციის დაწესება და რაც მთავარია, მოწოდებების მთელი აბსურდი იმაშია, რომ როდესაც რუსეთმა სანქცია მოუხსნა ქართველებს, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაუწესოს სანქცია ქართველებს, რაც აბსურდია. გასაგებია, რომ უცხოელები საუბრობენ ამაზე, ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მაგრამ როდესაც ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ ამ არგუმენტაციით, აჩვენებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.