ავტორი:

პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

პრიგოჟინი უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობდა? - ვინ როგორ ეხმაურება Washington Post- ის ინფორმაციას?

Washington Post-ის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი და "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინი 2023 წლის იანვარში უკრაინის დაზვერვასთან მოლაპარაკებას ცდილობდა. პრიგოჟინმა ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას ყალბი უწოდა. როგორც ირკვევა, სტატია პენტაგონის "გაჟონილ“ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა, რაც პრიგოჟინის უკრაინის დაზვერვასთან სავარაუდო მოლაპარაკებებს შეეხებოდა.

  • გამოცემა წერს, რომ 2023 წლის იანვარში პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვას, ბახმუტის დატოვების სანაცვლოდ, რუსული პოზიციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

გამოცემა წერს, რომ ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Washington Post-ს დაუდასტურა, რომ პრიგოჟინი არაერთხელ დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის მთავარ დირექტორატს (GUR). ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა ისიც, რომ პრიგოჟინმა არაერთხელ გაიმეორა თავისი წინადადება ბახმუტთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, პრიგოჟინი თავდაპირველად ირონიულად გამოეხმაურა ამ ინფორმაციას.

"რა თქმა უნდა, შემიძლია დავადასტურო ეს ინფორმაცია. არაფერი გვაქვს დასამალი უცხოური სპეცსამსახურებისგან. ახლაც კი ბუდანოვთან ერთად (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი - რედ.) აფრიკაში ვართ", - დაწერა მთავარმა "ვაგნერელმა" საკუთარ "ტელგრამარხზე". თუმცა მოგვიანებით, გავრცელდა მისი აუდიოკომენტარი, რომელშიც სტატიას ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა. "ვიღაცამ ჟურნალისტებიდან გადაწყვიტა "ეკაიფა", - თქვა მან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პასუხის გაცემას თავი აარიდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმაც.

როგორც გაირკვა, Washington Post-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დროს კიევის პრიგოჟინთან კონტაქტების საკითხი წამოჭრა. ზელენსკის განცხადებით, მსგავსი შეკითხვა რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

”ეს არის სამხედრო დაზვერვის საკითხი, გინდათ, სახელმწიფო ღალატში დამადანაშაულონ? ამასთანავე ძალიან საინტერესოა, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეს დოკუმენტები ან ვინ ლაპარაკობს დაზვერვის საქმიანობაზე ჩვენი მთავრობიდან? მინდა გკითხოთ, რა წყაროებს უკავშირდებით უკრაინაში? ვინ ლაპარაკობს ჩვენი დაზვერვის საქმიანობაზე? ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ჩვენს ქვეყანაში. ვერ ვხვდები რა არის თქვენი მიზანი - რუსეთის დახმარება?"

უკრაინა ოფიციალურად აცხადებს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. გამონაკლისია პატიმრების გაცვლის შესახებ დაზვერვის მთავარი დირექტორატის ეგიდით ჩატარებული მოლაპარაკებები. წყარო

  • მოამზადა ანი შავიშვილი