ავტორი:

რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს

რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს

რუსეთმა, წუხელ, ქალაქ მიკოლაივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას "კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის ორი რაკეტით დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 96-ჯერ დაბომბეს.

რუსებმა სარაკეტო დარტყმისთვის "კინჟალის“ აერობალისტიკური 6 რაკეტა, "კალიბრის“ ფრთოსანი 13 რაკეტა და "ეს-400“ და "ისკანდერ-ემ“ ტიპის სახმელეთო ბაზირების 10 რაკეტა გამოიყენეს. "მათგან 25 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსების მიერ გასული დღის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა კერძო სახლები, საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 მაისს საღამოს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის დროს მიკოლაივში აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმებმა ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.