ავტორი:

"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ

"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ

მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრების შესახებ მისი კოლეგები და მეგობრები საინტერესო ამბებს ხშირად იხსენებენ და სიამოვნებით ჰყვებიან. ამბობენ იმასაც, რომ ის არა მარტო დიდი მსახიობი, დიდი გულის ადამიანიც იყო, რასაც ყოველ ნაბიჯში ავლენდა.

ასე მაგალითა, ერთხელ, მძიმე წლებში, მსახიობს თურმე ერთ-ერთი ფილმის ჰონორარი ჰქონდა აღებული. მაღაზიაში შესულს უნახავს კაცი, რომელიც იდგა და წვალობდა - 4 შვილის სამყოფ სანოვაგეს ვერ ყიდულობდა, ფული არ ჰყოფნიდა. ამის შემყურე ზურამ ჯიბიდან ფული ამოიღო: - აი, ძმაო, ნახევარი შენ და ნახევარი - მე. იყიდე, რაც გინდაო. კაცი სიხარულისგან თურმე დამუნჯდა და შვილებთან სანოვაგით დატვირთული წავიდა…

წლების შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა თურმე, ქუჩაში მომავალ მსახიობს სიცილით კაცი შეეგება, - მე ის ვარ, თქვენ რომ 1000 ლარი აჩუქეთ, იმ ფულით ოჯახიც გამოვკვებე და რაღაც საქმეც წამოვიწყე. ახლა მე მინდა, გაჩუქოთ - თან 1000 დოლარი მაქვს და ნახევარი თქვენ, ნახევარი - მეო…

ასეთი ამბავი მისი ცხოვრებიდან არაერთია...

ზურაბ ქაფიანიძე ოჯახში უფროსი შვილი იყო. მის შემდეგ ქაფიანიძეებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ორი შვილი გაუჩნდათ. ზურა შუათანა დაზე 15 წლით იყო უფროსი, უმცროსზე კი - 18-თ. მათ დედმამიშვილობაზე, როგორც ამბობენ, ლეგენდები დადიოდა...

Ambebi.ge - ს რესპონდენტები ახლა სწორედ ეს ქალბატონები არიან. ისინი ჩვენთან ძმას დიდი სიყვარულით, სითბოთი და მონატრებით იხსენებენ.

ნელი (ნენო) ქაფიანიძე:

- ჩემი მშობლების შუათანა შვილი ვარ. და-ძმის მიმართ რაღაც დედური განცა თავიდანვე მქონდა. ორივეს დედის გადასახედიდან ვუყურებდი.

მარინე (მანო) ქაფიანიძე, უმცროსი და:

- მშობლებს ძალიან გათამამებული ვყავდი. ზურა კიდევ უფრო მეტად მანებივრებდა. ასაკში დიდი სხვაობა იყო. ჩვენთან სუფრა რომ იშლებოდა, სულ მისკენ მივიწევდი, მივეწებებოდი და არ ვშორდებოდი. გაიხსნიდა პერანგს, შემისვამდა, მაჭმევდა, მასმევდა და იქვე ვიძინებდი. იმ დროს ზურა უკვე ჩამოყალიბებული ვაჟკაცი იყო, მე კი პაწაწინა გოგო ვიყავი. როცა ჩვენთან ვინმე ჩვენთან კარზე დააკაკუნებდა და მე ვხდებოდი, ზურა მამაჩემი ეგონათ, მეკითხებოდნენ, - მამა სახლშიაო?

ძალიან მოსიყვარულე ძმა გვყავდა. არანორმალური მოფერება იცოდა. მამა სულ ეჩხუბებოდა, - ფრთხილად, არაფერი მოტეხოო. ხან ოთახიდან გამოაგდებდა, მაგრამ მეც გამოვეკიდებოდი და ზურგზე შევახტებოდი. მამა კი ხელს ჩაიქნევდა და საქმეს გააგრძელებდა...

ზურა სტუდენტი რომ გახდა, ოთახში, სადაც ცხოვრობდა, ჩვენი ბავშვობის დროინდელი ფაჩუჩები ეკიდა... რომ დაიფიცებდა, მარინეს ვფიცავარო, მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ იქ ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა... დები კაკლის მურაბას ვიპარავდით ხოლმე, დედა გვეხვეწებოდა, სტუმრისთვის ერთი ქილა მაინც დამიტოვეთო. რომ მოვიპარავდით, ზურას ვაბრალებდით, რომელიც მურაბას საერთოდ არ ჭამდა. რა იყო ზური, რა მოგივიდა, - ერთხელ დედამ უსაყვედურა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე - რა მოხდა, დედა, კაკლის მურაბა მომინდა და შევჭამეო, - დაიბრალა. უზომოდ ვუყვარდით...

დედა 17 წლის იყო, ზურა რომ გააჩინა, და-ძმასავით იყვნენ, ძალიან თბილი შვილი იყო. არ მახსოვს, ზურასგან დედას იოტისოდენადაც გული სტკენოდა. მამა უფრო მკაცრი იყო. ხეობაში (ონის რაიონი) თავის ვაჟკაცობით და სიძლიერით იყო განთქმული. ზურას მეგობრები მასთან ხელის ჩამოსართმევად საგანგებოდ ემზადებოდნენ.

ნელი:

- ჩვენ ერთი ძმაც გვყავდა, მაგრამ ჩვილობაში, 1941 წელს ომი რომ დაიწყო, გაციებულა და გარდაიცვალა... მშობლებს იმის მერე კარგა ხანს პაუზა ჰქონდათ, შვილი აღარ გააჩინეს. ჩვენ 15 და 18 წლის შემდეგ დავიბადეთ.

ნელი (ნენო) ქაფიანიძე

- ასაკში ასეთი სხვაობა რომ იყო, უფროს ძმასთან ურთიერთობა არ გიჭირდათ?

ნელი:

- ხომ ვამბობ, რბილი, ტკბილი ძმა გვყავდა. თვალებში შემოგხედავდა და ხვდებოდა, რა გვინდოდა, რა გვაწუხებდა. უპრეტენზიო იყო - სახლში თუ სადილი არ დახვდებოდა, არა უშავსო, - იტყოდა და თვითონ გააკეთებდა. არც იმაზე ბრაზდებოდა, თუ პერანგი დასაუთოვებელი დახვდებოდა. თუ რამეს დაგპირდებოდა, გამორიცხული იყო, არ შეესრულებინა. იუგოსლავიელებთან ერთად, "ქორწილი“ გადაიღეს. პრემიერაზე უნდა წასულიყო და ვიდრე წავიდოდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე კე-გე-ბე დაჰყვებოდა. ჩვენ იმ დროს უნივერსიტეტიდან ექსკურსიაზე ხევსურეთში მივდიოდით. ჩემს ლექტორს ოთარ ურიდიას შეჰპირდა, აუცილებლად ამოგაკითხავთო. არადა, მეორე დღეს მიდიოდა, მაგრამ მაინც შეგვპირდა...

მთელი სანოვაგე, რაც წაღებული გვქონდა, იქ ერთ-ერთმა ჯგუფმა შეგვიჭამა და ღამე კოცონს მშივრები შემოვუსხედით. გიტარაზე ვუკრავდით, ვმღეროდით და თავს ასე ვამხნევებდით. უცებ ჩვენ სიახლოვეს მანქანა გამოჩნდა, ზურამ პირობის თანახმად, ღამის 2 საათზე, მაგრამ მაინც ამოგვაკითხა. ერთი ყუთი შამპანური და სურსათი ამოგვიტანა. სიტყვა არ გატეხა, ამასთანავე, დაგვაპურა, შიმშილს გადაგვარჩინა და წავიდა.

- მის მსახიობობას თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა?

მარინე:

- მამას უნდოდა, რომ ეკონომიურზე შეეტანა საბუთები და ასეც მოხდა. "გეპეიში“ შეიტანა და იმ დროს რუსთაველზე ნაცნობთან მოუწია ყოფნამ, ბიჭები იდგნენ და რაღაცას ხუმრობდნენ, თურმე ხმამაღლა გადაუხარხარია. ძალიან მალე მასთან ვიღაც მოვიდა, - აკაკი ხორავა გეძახითო. ეს რომ გავიგე, სირცხვილისგან კინაღამ მოვკვდიო, - იხსენებდა ხოლმე... ბატონ აკაკისთან რომ მივიდა, მისგან შენიშვნას ელოდა, მაგრამ... ვინ ხარ და საიდანო? - უკითხავს, - რაჭიდან ვარ, ზურაბ ქაფიანიძე, აბიტურიენტი და "გეპეიში“ მაქვს საბუთები შეტანილიო. ახლა წახვალ, იქიდან საბუთებს გამოიტან და თეატრალურ ინსტიტუტში შემოიტანო. ზურა სიხარულისგან და მოულოდნელობისგან გაგიჟებულა. ასეც მოიქცა.

იმ პერიოდში ერთი ულამაზესი რაჭველი გოგო უყვარდა, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა... თეატრალურზე ჩაბარება ამიტომაც გაუხარდა. ბატონი აკაკი ყველაფერში მიეხმარა, ამანაც ივარგა, ოღონდ, ერთი საგანი, რომელშიც აზრზე არ იყო, რუსული გახლდათ. გამოცდა ვერ ჩააბარა. გამომცდელს მის ნიშნებში რომ ჩაუხედავს (სულ 5-ები ეწერა), ეს ნიშნები თვითონ მიიღეო? - კიო, - უპასუხია. რუსული არ იცი და მე ნიშანს ვერ დაგიწერო. ამასობაში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და გამომცდელს პატარა ფურცელი მიაწოდა. აკაკი ხორავას წერილი იყო, რომელშიც ეწერა: "ეს ჩემი კაცია, ნიშანს დაუწერთ და გამოუშვებთ..."

ფილმი "ამბავი ივანე კოტორაშვილისა" გადაღებისას

ზურა სულ ამბობდა, რომ აკაკი ხორავა მისი მეორე მამა იყო და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი გახლდათ.

ნელი:

- როგორ გულღიადაც ჩამოვიდა დედაქალაქში, თბილისიც ასევე თბილად დახვდა... პირველად ფილმში რომ გადაიღეს, საჭირო გახდა, რომ აქ კინოსტუდიაში ჩაერიცხათ, მაგრამ შტატში მიღება სასწაული ამბავი იყო. ამავე დროს თბილისშიც უნდა ჩაწერილიყო. ესეც პრობლემა იყო. ეს პრობლემები გენიალურმა მსახიობმა დოდო აბაშიძემ გადაუჭრა, თავის მეგობარ მილიციის უფროსთან წაიყვანა. იმ პერიოდში იქ კოტე დაუშვილს გამოუვლია, რომ გაუგია მათი იქ ყოფნის მიზეზი, თავის მანქანა უჩვენებია, რომელიც პროდუქტით ყოფილა სავსე, - ჩაწერას რომ მორჩებით, წამოიყვანეთ მილიციის უფროსი და ჩემთან წამოდით, არ იფიქროს, რომ ზურას დედაქალაქში პატრონი არ ჰყავსო. ჩემს ძმას დიდი მსახიობების მზრუნველი ხელი არ აკლდა და კოტე დაუშვილსაც დიდი სითბოთი იხსენებდა ხოლმე.

აკაკი ხორავას ზურა იმდენად ჰყავდა გათამამებული, მანქანა რომ დასჭირდებოდა, ავტოფარეხში აკაკი ხორავას ხმით დარეკავდა, - მანქანა გამოვიდესო. გამოვიდოდა მანქანა, დადგებოდა თეატრალურ ინსტიტუტთან, ზურა დაჯდებოდა მიდიოდა. მერე თავად ბატონი აკაკი რომ დარეკავდა, ერთი საათის წინ ხომ გამოვიდა თქვენი მანქანაო... გაბრაზებულ აკაკი ხორავა რუსულად იტყოდა, - "აპიაწ ეტოტ რაჭინეცო“ და ფეხით მიდოდა...

- მისი პირველი ფილმი ალბათ ოჯახის წევრებში დიდ ემოციებს იწვევდა...

მარინე:

- ზურას პირველი ფილმი მერაბ კოკოჩაშვილის "მიხა“ იყო. საოცარი ამბავი იყო, როდესაც ის ონის რაიონში კინოში მოიტანეს. მთელი რაჭა მოგროვდა, ნამდვილი დღესასწაულია იყო... ზურას გმირს თავში ფიწალი რომ ჩაარჭვეს, ტირილი დავიწყე. ბებიაჩემმა დაიძახა - მოგიკვდეს ბებიაო... ასეთი მსახიობი ძმა რომ გვყავდა, ამით არასდროს გვისარგებლია.

მარინე (მანო) ქაფიანიძე

ზურას ხალხის საერთო სიყვარული ჰქონდა, რაც სულ თან დაჰყვებოდა...

ჩვენი მესაიდუმლეც იყო. სადმე გადაღებაზე თუ იყო წასული, წერილებს გვწერდა ხოლმე და ჩვენც გვაიძულებდა, საპასუხოდ მიგვეწერა.

ნელი:

- ვინც იცოდა, რომ ზურას და ვიყავი, მთელი დედაქალაქის ლამაზმანები შეხვედრისას, სულ მეფერებოდნენ. ჩემთან მეგობრობა ყველას უნდოდა. ვინ საჩუქარს მიგზავნიდა და ვინ კომპლიმენტს.

მარინე:

- 90-იანებში გაჭირვებული პერიოდში, დიღომში, თავის სახლში ღუმელი დადგა და იქ გადაგვიყვანა, არ იცით, როგორი ბედნიერი იყო, ყველანი ერთად რომ ვიყავით. ერთობის მოყვარული კაცი გახლდათ. სულ იმაზე ოცნებობდა, ისეთი სახლი აეშენებინა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა.

ნელი:

- 90-იანებში პურის საოცარი რიგები რომ იყო და არაფერი მუშაობდა, ჩვენთან რომ მოვიდოდა, მე-8 სართულზე ფეხით ვერ ამოდიოდა. ეზოდან გვიძახდა: - ნენოო, როგორ ხართ? ჩვენ გავყოფდით თავს ფანჯარაში. - კარგად, ზური. - ხომ არა გშიათ? - არა. - ხომ არა გცივათ? - გვეკითხებოდა. ბოლოს იტყოდა, ბექა (ჩემი შვილი) ჩამოვიდესო. ჯიბეში თუ 2 თეთრი ჰქონდა, გაგვიყოფდა. იმ წლებში ნავთქურაც მოგვიტანა... ხოლო ის ჩვენი დიალოგი 2 კორპუსს ესმოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა იყო, ჩვენთან ძალიან მეგობრობდა ასევე ჩვენს მეგობრებთანაც...

- ცნობილი თამადა იყო...

მარინე:

- მახსოვს ზურას მიერ წაყვანილი სუფრები, სადაც დანა-ჩანგლის გახმაურების შეგრცხვებოდა... იქიდან მშივრებიც კი წამოვსულვართ. საოცარ სუფრას ჩაატარებდა, სადაც ისმოდა ლექსი, სიმღერა, იუმორი, სიცილი. სუფრას ყოველთვის გასაოცარი ადამიანები უსხდნენ და იქ არასდროს იყო ღრეობა. ლექსის, სიმღერის, ურთიერთობის, იუმორის ზეიმი გახლდათ და ასევე ქვეყანაზე დარდის და ფიქრის დრო... დღესასწაულის მომწყობი ადამიანი გვყავდა. რომანტიკოსიც, ყველაფერში სილამაზეს ხედავდა... ერთხელ სადღაც მივდიოდით, ჩემმა დამ, - ვაიმე, რა ლამაზი ყვავილიაო, - მთაზე შენიშნა და წამოიძახა. ზურას მაშინ "ნივა“ ჰქონდა, ახლავეო, დაატრიალა მანქანა და მთაზე აიყვანა, მოუწყვიტა ის ყვავილი და მისცა. სადმე წაყვანაზე უარს არასოდეს გეტყოდა, ის კი არა, საკუთარი ინიციატივით ლამის სამყაროს მოგატარებდა.

ვიდრე ხალხი რესტორნებში აქტიურად დაიწყებდა სიარულს, სტუმრები ჩვენთან მოჰყავდა, დაბადების დღეებს აქ ვიხდიდით... რა გითხრათ, სწორად გაგვიგეთ, მაგრამ ჩვენს დედმამიშვილობაზე ლეგენდები დადიოდა. თუმცა ზოგიერთს ეგონა, რომ მკაცრი კაცი იყო, არადა, საოცარად თვინიერი, დღესასწაულების მომწყობი ადამიანი, სულ იმას ცდილობდა, ადამიანისთვის ესიამოვნებინა.

- როგორია ცხოვრება ზურას გარეშე?

ნელი:

- დიდ ხანს აზრზე ვერ მოვდიოდით, რა ხდებოდა. სულ ველოდებოდით, სულ მესმოდა ჩემი ძმის ხმა. ვიდრე ცოცხალი იყო, თუ ვინმე თვითონ არ აღმოაჩენდა და არ მკითხავდა - ზურას და ხომ არ ვიტყავი, ჩემით არ ვამბობდი. მერე პირიქით მოხდა, - მე ზურას და ვარ - ამას ახლა სულ ვამბობ...

მარინე:

- ზურას გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. მის გარეშე არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა... 22 წლის ვიყავი, დედა და მამა ერთ წელს რომ გარდაგვეცვალა. საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები (დედა 57 წლის, მამა - 62-ის) დავკარგეთ. მათ გარეშე ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა. თვითონ იყო დედაც, მამაც და ძმაც - ჩვენი პატრონი. ამ ქვეყანაზე რომ დავდიოდი, იცით, როგორი ძლიერი ვიყავი, მისი მფარველობის იმედი სულ მქონდა. ზურას შემდეგ კატასტროფულად გამიჭირდა... დღემდე ვცდილობთ, მისი გარეშე ცხოვრების სწავლას. ხალხი ვინც ამ ამბავს იგებდა, გვეუბნებოდა, ზურა მარტო თქვენ კი არ მოგიკვდათ, ჩვენც მოგიკვდა, ყველას მოუკვდაო. ეს სიტყვები გულს მალამოდ ედება ყოველთვის. როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე და მის ხმას ამა თუ იმ ფილმში, თუ ჩანაწერში მოვისმენ, მხრებში ვიშლები... იქიდანაც მეხმარება. თემურ ჩალაბაშვილმა ლექსი დაუწერა და გულით მინდოდა, საფლავის ქვაზე მისი სტრიქონები დაგვეწერა. ბედნიერი ვარ, რომ წელს ეს შევძელი.

"ვერ გაცეკვეს მეფის კარზე,/ ვერ შეგცვალა დრომო,/ საქართველოს ბედ-იღბალზე მოღრიალე ლომო“.

ეროვნული კაცი იყო, არაფერს უფრთხოდა. უზომოდ უყვარდა თავის ქვეყანა. ამას სიტყვით და საქმით სულ გამოხატავდა. 9 აპრილს ისეთი მდგომარეობაში მოვიდა სახლში, ისეთ რაღაცებს ჰყვებოდნენ მასზე, საერთოდ როგორ გადარჩა? სულ იმას დარდობდა, რომ ისეთ დროს არ მოუხდა სიცოცხლე, რომ ხმალი აეღო და საქართველოსთვის ებრძოლა... ასეთი იყო ჩენი საყვარელი ძმა...