ავტორი:

ეგვიპტის და თურქეთის სანაპიროები - Pegas touristik Georgia ზაფხულის სეზონს სიახლეებით და მრავალფეროვანი ტურპაკეტებით ხვდება

ეგვიპტის და თურქეთის სანაპიროები - Pegas touristik Georgia ზაფხულის სეზონს სიახლეებით და მრავალფეროვანი ტურპაკეტებით ხვდება

მზე, ზღვა და კომფორტულად დასვენება - ეს ისაა, რაზეც მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, როგორც კი საქართველოში გათბობას გამოვრთავთ, ქურთუკებიდან „გამოვძვრებით“ და არამდგრად გაზაფხულს გავისტუმრებთ. შესაბამისად, მთავარი კითხვა, რაც ამ დროს გვიტრიალებს თავში, არის ის, თუ როდის დავიწყოთ ჩემოდნის ჩალაგება და საით ავიღოთ გეზი?

ბევრს ნუ იფიქრებთ - ჩემოდნის ჩალაგებას დღესვე შეგიძლიათ შეუდგეთ, ერთდროულად სიმშვიდის და თავგადასავლების საპოვნელად კი Pegas touristik-ს უნდა გაჰყვეთ, რომელიც თურქეთში - ხმელთაშუა და ეგეოსის, ეგვიპტეში კი - წითელი ზღვის სანაპიროებთან მიგიყვანთ...

მზის და გარუჯვის მოყვარული დამსვენებლებისთვის ეგვიპტეში ყველაზე მიმზიდველი ქალაქი სინას ნახევარკუნძულზე მდებარე შარმ-ელ-შეიხია. სხვადასხვა კლასის სასტუმროების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს იმას, რომ ქალაქში ჩასვლისას არაფერზე იფიქროთ, წითელ ზღვაში ლივლივის, სანაპიროზე წამოგორების, მზეზე მიფიცხების და საინტერესოდ დასვენების გარდა. ამას ემატება თავგადასავლები, რაც უდაბნოში როგორც აქლემებით, ისე კვადროციკლით გასეირნებასა და წითელ ზღვაზე „დაივინგში“ შეგიძლიათ იპოვოთ, ზღვისქვეშა სამყაროს შეცნობისთვის კი, რომელიც ძალიან ღრმა, წარმოუდგენლად ლამაზი და უაღრესად საინტერესოა, სულაც არ გჭირდებათ იცოდეთ ცურვა - თევზებსა და წყლის ბინადრებთან „სტუმრობასა“ და მათთან გვერდიგვერდ ცურვაში პროფესიონალი აკვალანგები დაგეხმარებიან და ეს კიდევ არ არის ყველაფერი - ეგვიპტეში არა მხოლოდ აწმყოთი შეგიძლიათ დატკბეთ, არამედ საუკუნეების წინანდელ ეპოქაში იმოგზაუროთ და ხელით შეეხოთ ისტორიას - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთს, პირამიდებს, რომლის „გასაცნობადაც“ შარმ-ელ-შეიხიდან კაიროში შეგიძლიათ გამგზავრება...

ეგვიპტის მსგავსად, მცხუნვარე მზე, კომფორტული სასტუმროები და დაუვიწყარი თავგადასავლები გელოდებათ თურქეთში, ანტალიის რეგიონშიც, რომელიც ქართველი დამსვენებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და პოპულარულია და სადაც გამგზავრება, შვებულების საინტერესოდ გასატარებლად, ასევე Pegas touristik-ს უნდა ანდოთ.

კონკრეტულად რას სთავაზობს მსოფლიოში ცნობილი კომპანია ქართველ დამსვენებლებს, Pegas touristik-ის საქართველოს ოფისის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია განმარტავს:

„2023 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული ტურების გაყიდვა დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ქართველ დამსვენებელს დეკემბრის მიწურულიდან ჰქონდა საშუალება ზაფხული წინასწარ დაეგეგმა, შესაბამისი ტური დაეჯავშნა, ამით კი 40-45%-იანი, ნაადრევი ჯავშნის ფასდაკლებით ესარგებლა. აღნიშნული აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ შეუძლია საკუთარი არდადეგები ბოლო წუთს დაგეგმოს. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება ეგვიპტის და თურქეთის მიმართულება. წითელ ზღვაზე შარმ-ელ-შეიხის ულამაზესი სანაპიროები და სასტუმროები ელოდება ქართველ დამსვენებლებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე კი ანტალიის რეგიონი უმასპინძლებს ჩვენს მომხმარებლებს. Pegas touristik-ი დამსვენებლებს ულტრა, All inclusive პაკეტებს სთავაზობს, რაც გულისხმობს ავიაგადაფრენას გადაჯდომის გარეშე, პირდაპირი ჩარტერული რეისებით, სასტუმროში განთავსებას იმდენი ღამით, რამდენითაც თავად დამსვენებლებს სურთ, ტრანსფერს და რა თქმა უნდა, სამოგზაურო დაზღვევას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტურპაკეტები ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანზეა გათვლილი - დამსვენებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ, როგორც დაბალბიუჯეტიან ტურებზე, ისე შეარჩიონ მაღალი დონის სასტუმროები, რა შემთხვევაშიც ფასები რა თქმა უნდა, უფრო მეტია. რაც მთავარია, ერთი მხრივ ბიუჯეტური და ეკონომიური ტურის დაგეგმვა, მეორე მხრივ კი მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება შესაძლებელია ორივე - როგორც ეგვიპტის, ისე თურქეთის მიმართულებით იმის მიხედვით, რა სურს თავად დამსვენებელს - მაგალითად, თუ სურთ უფრო მეტად სათავგადასავლო ტურები, როგორიცაა პილიგრიმული ტური, სინას მთაზე ასვლა, ასევე კაიროში პირამიდების დათვალიერება, არჩევანი შარმ-ელ-შეიხზე უნდა გააკეთოს, ისე როგორც ეს ქალაქი სახელგანთქმულია ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი და „დაივინგით“, რა სიამოვნებაც ყველამ უნდა გამოცადოს.

რაც შეეხება თურქეთის მიმართულებას, ანტალიის რეგიონი ყოველთვის ნომერ პირველი იყო ქართველი დამსვენებლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა მხოლოდ 2-საათიანია, მომსახურების დონე მაღალი, ტურები კი ძალიან საინტერესო. შესაძლებელია მომხმარებლებისთვის როგორც სათავგადასავლო პაკეტის შეთავაზება, ისე შეგიძლიათ უბრალოდ სანაპიროზე გაირუჯოთ, არაფერი გააკეთოთ და არდადეგები სრულ ნეტარებასა და განტვირთვაში გაატაროთ.

წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული ტურპაკეტები გვექნება. ჩარტერული რეისები თითქმის ყოველდღიურად შესრულდება თურქეთის მიმართულებით, ეგვიპტეში კი კვირაში ერთი რეისი განხორციელდება. შესაბამისად, შესაძლებლობა გექნებათ შარმ-ელ-შეიხში დასასვენებლად დაგეგმოთ ერთი და ორკვირიანი ტურები.

Pegas touristik-ის ტურების შესაძენად საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ და დასვენება უკვე თქვენი სურვილის მიხედვით, საკუთარ ფინანსებს და მოთხოვნებს მოარგოთ. დავამატებ იმასაც, რომ დამსვენებლებს ადგილზე ჩვენი კომპანიის ლიცენზირებული ტრასნპორტი და გიდები ხვდებიან, რითაც ჩვენი მომხმარებელი დაცულია თაღლითობისგან, მათი უფლებების დაცვა კი მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი“, - აცხადებს სალომე ბერაია.

ეგვიპტეში დასვენებაზე გათვლილი მრავალფეროვანი ტურებიდან ერთ-ერთით, რომელსაც Pegas touristik-ი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს, უკვე ისარგებლეს ქართული მედიის წარმომადგენლებმა და ბლოგერებმა. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ინფლუენსერებისგან შემდგარ ჯგუფს შარმ-ელ-შეიხში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უმასპინძლა. როგორც Pegas touristik-ის საქართველოს ოფისის დირექტორი განმარტავს, ტურის მიზანი იყო სტუმრებისთვის ეჩვენებინათ, რომ ეგვიპტეში მოგზაურობა ერთდროულად უსაფრთხო და სასიამოვნოა. სალომე ბერაია ყურადღებას ტემპერატურაზეც ამახვილებს და როგორც დამსვენებლებს არწმუნებს, იმის გამო, რომ შარმ-ელ-შეიხი ნაკლებად ტენიანია და ამ ქალაქისთვის ნესტი „უცხო ხილია“, ზაფხულშიც კი მაღალი ტემპერატურა შემაწუხებელი არ არის, საღამოს საათებში გრილა კიდეც და მეტიც, რიგ შემთხვევაში შესაძლოა, შარფის შემოხვევაც კი დაგჭირდეთ...

დამსვენებლებს შარმ-ელ-შეიხში ერთკვირიანი მედიატურისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს ინფლუენსერი გურამ შეროზია:

„თბილისში ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვბრუნდები. შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ზოგადად, კურორტებს გარკვეული მინუსი აქვს, მათ შორის მაგალითად ის, რომ სასმელები წყალ-წყალაა. აქ პირველივე კოქტეილში კარგად დავთვერი. სხვაგან, როგორც წესი, ერთ ტერიტორიაზე ხარ - აქ უზარმაზარი ტერიტორია, მრავალი დასასვენებელი სივრცე და უამრავი აუზია.

კიდევ რამდენიმე პლუსს გამოვყოფდი. ერთ-ერთია ის, რომ ტური კომფორტზე ორიენტირებული და მარტივად აწყობილია - შედის ფრენაც, სასტუმროც, ჭამა-სმაც... მეორე პლუსია უშუალოდ კვება - ის, რომ ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები აქვთ. ამ მიმართულებით არაბული კულტურა ერთ-ერთი გამორჩეულია და ჩემ გემოვნებაშიც კარგად ჯდება.

ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე გამოვარჩევდი იმასაც, რომ ეს არის ეგვიპტე - შეგიძლია ნახო პირამიდები - ხეოფსი, სფინქსი, მოიარო მუზეუმები, იმოგზაურო წარსულში და არა მხოლოდ დაისვენო, არამედ შემეცნებითად განვითარდე.

მომეწონა ისიც, რომ ექსტრემალური სპორტითაც შეგიძლია დაკავდე და თუ სასტუმროში ყოფნა მოგბეზრდება, გახვიდე, უდაბნოში კვადროციკლით გასეირნების ტური მოიწყო და ლამაზი ფოტოებიც გადაიღო.

მნიშვნელოვანია ღამის გართობა - ყველა სასტუმროს მისი პროგრამა აქვს. თუ გინდა „ლობისკენ“ წახვალ და კლასიკური მუსიკით დატკბები, თუ გინდა კლუბის მხარეს გაუხვევ, სადაც სასმელი, ცეკვა და კარგად გართობა გელოდება. თუ გინდა საერთოდ მოწყდები გარემოს და „რეზორტის“ ტერიტორიიდან ქალაქში გახვალ, სადაც ბარებით და კლუბებით სავსე არაერთი ქუჩაა...

ამინდი იდეალურია. მზეა, მაგრამ ნიავიც ქრის, რაც ტემპერატურას ანეიტრალებს - არც გცხელა, არც გცივა, რაც ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა.

მოკლედ, აქაური ეგზოტიკის, გემრიელი საკვების, კარგი სერვისის, მარტივად მგზავრობის - პირდაპირი ფრენის თუ ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგვიპტეში მოგზაურობას ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევდი და ყველას ვურჩევდი, რომ დასასვენებლად აქ წამოსულიყვნენ“, - აღნიშნავს გურამ შეროზია.

ეგვიპტეს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მის საკურორტო ზონებზე ყოველთვის „სეზონია“, მის პლაჟებს იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, წლის ნებისმიერ თვეს შეგიძლიათ ესტუმროთ, მზე კი ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზე“ დაგხვდებათ - მცხუნვარე და ზუსტად ისეთი, როგორიც საჭიროა ბუნებრივი რუჯის მისაღებად. შარმ-ელ-შეიხში სერვისიც ნებისმიერ სეგმენტზეა გათვლილი - მათთვის, ვისაც მარტო დასვენება სურს და მათთვისაც, ვინც შვებულების გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. ბავშვიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო მეტი სასტუმროა თავისი გასართობი სივრცეებით, „ქიდს ქლაბებით“, სადაც მშობლებს შეუძლიათ შვილები ძიძას მიაბარონ, იქამდე კი ვიდრე პატარები საიმედო ხელში იქნებიან, თავად სხვადასხვა საინტერესო სივრცეში დაისვენონ. შარმ-ელ-შეიხში ცალკე სიამოვნებას წარმოადგენს ეგვიპტის ძველ ბაზარში შოპინგიც.

„თუ თქვენ არჩევანს ეგვიპტეში დასვენებაზე გააკეთებთ, სრული კომფორტის, საოცარი ემოციებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის უნდა მოემზადოთ. სასტუმროში განთავსებისას გექმნება შთაბეჭდილება, რომ შენ ხარ მთავარი სტუმარი და ყველა შენ ჩამოსვლას ელოდა - ყველა ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ სურთ შენი დასვენება დღესასწაულად აქციონ. მაღალი კლასის სასტუმროები უამრავი აუზითა და რესტორნით, გურმანების სამოთხედ ქცეული სადილი თუ ვახშამი, მრავალფეროვანი გართობა: დისკოთეკა, კლუბები, ყველა პირობა სპორტული აქტივობისთვის: სპორტდარბაზები, ჩოგბურთის თუ გოლფის მოედნები, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი თუ ფრენბურთი - ეს ისაა, რაც ადგილზე გხვდებათ და რომელს ირჩევთ, უკვე თქვენი გადასაწყვეტია...

ეგვიპტეში შოპინგიც განსხვავებულია. „ძველ ბაზარში“ ვაჭრობაც დღესასწაულამდე და ერთგვარ ზეიმამდეა აყვანილი. აზიური ტკბილეული, სანელებლები თუ ეთერზეთები კიდევ უფრო გაამძაფრებს თქვენი მოგზაურობით გამოწვეულ დადებით ემოციებს.

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაატაროთ ზაფხულის შვებულება, მე გირჩევთ, რომ არჩევანი ეგვიპტეზე გააკეთოთ. აქ პანდემიის შემდეგ განახლებული და სრულიად მოდერნიზებული, ყველა დამსვენებელზე მორგებული „პატარა სამოთხე“ დაგხვდებათ ცხელი დღეებით და გრილი საღამოებით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია რუჯის და ზაფხულის მოყვარულებისთვის“, - აცხადებს მედიატურის ერთ-ერთი მონაწილე, ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის პროდიუსერი ალექსანდრა ნაკაიძე.

როგორც ეგვიპტის, ისე თურქეთის მიმართულებით Pegas touristic-ის ტურების შეძენა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოშია შესაძლებელი. მათ, ვისაც რელაქსი, განტვირთვა და ტვინის დროებით „გათიშვა“ მოგენატრათ - იჩქარეთ და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, თქვენ კი დასვენება დაიმსახურეთ!