ავტორი:

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 3 წევრი აირჩია - კანდიდატებს მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დაუჭირა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 3 წევრი აირჩია - კანდიდატებს მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში შეჩერებულია, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია. პარლამენტს მის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ასარჩევად სულ 31 კანდიდატი წარედგინა, მათგან 2-მა - ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. თითოეულ კანდიდატს სათითაოდ ეყრება კენჭი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყო. "ქართული ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს.