ავტორი:

"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის

"ჩემზე ამბობდა, მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინაო“ - როგორ აგრძელებენ ჯემალ ჭკუასელის შვილები მამის გზას და მზადება დიდი შოუსთვის

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი მაყურებლისთვის თბილისში ორ კონცერტს, 20-21 მაისს ფილარმონიის დიდ საკონერტო დარბაზში გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე გაახლებული შოუ-პროგრამით - „ქართული საგანძური“, წარსდგება.

„ამბები.გე“ შერმანდი ჭკუასელს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ესაუბრა, ადამიანს, რომელმაც მამის, ჯემალ ჭკუასელის საქმეები ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გადაიბარა და დიდი შემართებით და პასუხისმგებლობით უძღვება.

ბატონი შერმანდი გვესაუბრა ანსამბლის მიერ განვლილ გზაზე, მამაზე, მის დიდ წინაპარზე და „ერისიონის“ გეგმებზე.

_ რა თქმა უნდა, ახლა მამაჩემის სული ზეიმობს, რადგან მისი საქმე გრძელდება, ეს მისთვის ყველაფერი იყო... ანსამბლი ქართველი მაყურებლის წინაშე 20 და 21 მაისს ფილარმონიის სცენაზე წარსადგენად ემზადება და ამისთვის ინტენსიური სამზადისი მიდის. მისი შვილები შეძლებისდაგვარად აქტიურად ვზრუნავთ ამაზე...

მამა ჩემზე ღიმილით ამბობდა ხოლმე, - „მე არაფერი მისწავლებია, ერთ დღესაც ლოტბარად მომევლინა“-ო. შეიძლება მართლაც ასე სპეციალურად რაღაცები არ უსწავლებია, მაგრამ მის მაგალითებზე ვიზრდებოდი. ამაზე მეტი სწავლა რაღაა... სულ ვამბობ, რომ მამა ჩემთვის არა მარტო მშობელი და მამა იყო, მასწავლებელიც გახლდათ, ვისგანაც ყველაფერი ვისწავლე, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მისი დამსახურებაა. კი, მისგან ვისწავლე ცხოვრებაც, ადამიანობაც, პროფესიაც, თუნდაც სიმღერის შესწავლის მანერა.

ცხადია, მაგალითს იღებ და იქვე ხვდები, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი. მამაა, მაგრამ ხედავ, რომ ამ დარგის ძლიერი სპეციალისტია...მას თავისი სტილი ჰქონდა, როგორ უნდა ემღერა, ყველასგან განსხვავებული იყო. ხშირად ამბობდა, რომ არ მინდა ყველა ერთმანეთს ჰგავდეს და ვერ გაარჩიოო, რომელი ანსამბლი მღერის, თითოეულს თავის ხელწერა უნდა ჰქონდესო.

_ მაგრამ ეს ხომ უკვე ლოტბარზეა დამოკიდებული...

_ დიახ, ასეა... მან თავის ცხოვრებით მასწავლა ყველაფერი და ჩემთვის გარდა სიმღერისა, ბევრი რამის მაგალითია - კაცობის, ვაჟკაცობის, კარგი ბიჭობის... ცოტა ფიცხი კაცი იყო, თუმცა უსაზღვროდ მოსიყვარულე. შეცდომას არ გაპატიებდა. სამსახურში მისთვის შვილი, შვილიშვილი, ბიძაშვილი და ძმა - ყველა ერთი იყო. პირველ რიგში ჩვენ დაგვსჯიდა, თან, სამაგალითოდ, ვინმეს რამე რომ არ ეთქვა. შენც ანსამბლის ჩვეულებრივი წევრი ხარ, როგორც სხვა და არაფრით გამოირჩევიო.

_ მან თავის სიცოცხლეში შვილებს და ოჯახს გადმოგაბარათ ანსამბლის ხელმძღვანელობა. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ ეს დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდებული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორისა და მისი უდიდებულესობა ქართული სიმღერის წინაშე. ჩვენი სულიერი სიმდიდრეა, იშვიათი და განუზომელია მისი ფასი. ეს ხომ ქართველი კაცის სულის გამოძახილია. საოცარი მრავალფეროვნებაა თითოეულ კუთხეშიც კი - სხვადასხვანაირად მღერიან.

ანსამბლ „ერისიონის“ სახით მამამ მძიმე და ამავე დროს სასიხარულო ტვირთი დამიტოვა. ალბათ მისი სული ხედავს ყველაფერს, რომ მის ნაღვაწსა და ნაშრომს ასე ვუფრთხილდებით და წინ მივდივართ.

_ როგორია ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ?

_ რთულია. განსაკუთრებით მარტო რომ რჩები, ათასი რამ გახსენდება და წარმოგიდგება თვალწინ... რომ წამოვიზარდე, თავის მეგობრებთან დავყავდი. IX-X კლასელი თავის მეგობრებთან სუფრაზე მივყავდი, მეც მამღერებდნენ. მათ ურთიერთობას, სიმღერას, ხუმრობას ხშირად ვუყურებდი, - სუფრას კი ჩვენი საამაყო ადამიანები ზაურ ბოლქვაძე, მიშიკო შენგელია, მერაბ გამყრელიძე, დათო ბერძენიშვილი, ჯანო კახიძე უსხდნენ. მათთან ერთად დროის გატარება ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო, იყო იუმორი, სიმღერა, ლექსი.

ფილმისთვის „გამოაღეთ ფანჯრები“ სიმღერები ჩავწერეთ. მაშინ შეიძლება ვერც გავათვითცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, შემაქეს და რაღაცნაირად გამიხარდა. კარგი ბიჭი გყავსო - მამას უთხრეს, ცხადია, სასიხარულო იყო. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვადასხვა ეპიზოდი ახლა რომ გახსენდება, სევდაც და სიამაყეც ერთად მიპყრობს. ბოლო წლებში მამამ ანსამბლი ჩამაბარა, ფაქტობრივად მენდო, რეპეტიციაზე არც კი შემოდიოდა, ვიცი, გაართმევთ თავსო.

_ ანსამბლში წლების განმავლობაში მღეროდით და ლოტბარიც იყავით...

_ დიახ, სანამ თბილისში გადმოვიდოდი ჯერ კიდევ ქუთაისის ანსამბლში ვმღეროდი. 1979 წლის ბოლოს მამა ქუთაისის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. კარგი გუნდი შეკრა. იმ ანსამბლის სრულყოფაშიც სერიოზული წვლილი შეიტანა. მეგობრებიც გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ. ბატონ ჯემალს თითქმის ყველა სფეროში და წრეში ჰყავდა მეგობრები, ანსამბლის საქმეებში ყოველთვის ხელს უწყობდნენ...

იქ რომ წამიყვანა, 22 წლის ვიყავი. პოლიტექნიკურში „გეოლოგიურზე“ ნავთობის და გაზის ჭაბურღილებზე ჩავაბარე და ჯარშიც მომიწია წასვლა.. მერე ქუთაისში ვოკალის განხრით მუსიკალურ ტექნიკუმში ჩავაბარე. 2 წელი ვისწავლე, მაგრამ მაესტრო ჟორა ლომთაძის ინიციატივით კონსერვატორიაში ჩავაბარე... მამა თბილისში რომ გადმოვიდა, ქუთაისის ანსამბლში ლოტბარად დამტოვა, სადაც 1991 წლამდე ვიყავი...

ქუთაისის ანსამბლშიც ძალიან მომთხოვნი იყო, შვილებს სულ იმას გვეუბნებოდა, რომ, არავისგან გამოირჩევით და პრივილეგირებული არ ხართო. არც მე მიფიქრია იმაზე, რომ რადგან მამა იყო ხელმძღვანელი, ვინმეზე მეტი ვიყავი... მოკლედ, ეს ანსამბლი და ქართული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, მეტი სამსახური მე არ მქონია. ვიყავი მომღერალი, ლოტბარი და სამხატვრო ხელმძღვანელამდე მოვედი.

_ მამაზე საუბრობთ და ცნობილია, რომ ბაბუა, ბატონი ჯემალის მამაც მომღერალი იყო, ვისი სახელიც გქვიათ...

_ კი, დიდი შერმანდი ჭკუასელი იყო ჩემი ბაბუა. მისი მოსახელე ვარ, რომ დავიბადე, მამაჩემს უთქვამს, შერმანდი დავარქვითო, - „ბიჭო, პატარა ხანს ნუ დოუძახებთ, იქნება თლა შერმანდი არ გამოვიდეს, ჯერ სხვა სახელი დაუძახეთო“... ბაბუაც მასწავლიდა რაღაცებს. საახალწლოდ მასთან რომ ჩავდიოდი, ღუმელთან ჯდომა მიყვარდა. მახსოვს, რიტმს მიმოწმებდა - ძველებურ ძაფის კოჭს აიღებდა და ხის ოთხფეხა სკამზე დააკაკუნებდა. აბა, ბაბუ, გაიმეორეო, რომ გავიმეორებდი, დავალებას კიდეც გაართულებდა. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. სოფელში ჭკუას ეკითხებოდნენ, მასთან საუბარი ბევრს უყვარდა. საოცარი დარიგება იცოდა. ძალიან ძლიერი მომღერალი იყო. ვარლამ სიმონიშვილის მოწაფე გახლდათ. გენიოსი მომღერლების გარემოცვაში ცხოვრობდა.

_ იმ კაშკაშა წლებს როგორ გაიხსენებდით, როდესაც „ქართულმა ლეგენდამ“ მსოფლიო მოიარა...

_ იმ პროექტში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ - ორმა უდიდესმა პროფესიონალმა, რომელთაც საოცარი ხედვები ჰქონდათ, დადგმები და სხარტი აზროვნება, უზარმაზარი ენერგია ჩადეს ამ საქმეში. 1986 წლიდან მთელი 15 წელი მოანდომეს იმას, რომ ასეთ შედეგი გვქონოდა. პირველი ამერიკის გასტროლი 2000 წელს გვქონდა და ეს იყო „ლეგენდა თამარზე“. მერე კი უკვე „ქართული ლეგენდა“ რამაც მსოფლიო მოიარა.

ამ წარმატებას წინ მძიმე წლები უძღოდა, თაობის ცვლა, 90-იანი წლები, ეკონომიური გაჭირვება, უხელფასობა. ამერიკელები და ფრანგები კი იმ პერიოდში ჩვენი გადამრჩენელები აღმოჩნდნენ. ყველაფერი კი იმან გადაწყვიტა, რომ ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ ლო ქართული ხელოვნებით მოიხიბლა და ამ საოცარმა მონდომებამ ერთობლივად ფურორი გამოიწვია. შესანიშნავი ქარული ცეკვა-სიმღერა საუცხოო განათებებითა და გახმოვანებით შეფუთეს და მსოფლიოს ვაჩვენეთ.ის წლები ქართული სულის გამარჯვება და ზეიმი გახლდათ. საქართველო გაიცნო მსოფლიომ. ყველასთვის დაუვიწყარია ის დღეები, როცა პარიზში, კონგრესების უზარმაზარ, პრესტიჟულ, ულამაზეს დარბაზებში ხალხი ფეხზე დამდგარი 15 წუთი ტაშს გვიკრავდა.

_ ანსამბლის დღევანდელ საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ...

_ როგორ ვმუშაობთ, ეს უფრო სხვების შესაფასებელია, მაგრამ მგონი, როგორც გითხარით, მამის შემდეგ საქმეს ცუდად არ ვუძღვებით. თვითონ მოესწრო იმას, რომ მის გარეშე რამოდენიმე კონცერტი გავმართეთ. კმაყოფილი და გახარებული იყო. ვეცდებით, რომ თამასა ქვევით არ დავწიოთ, პირიქით, ზევით და ზევით უნდა ვიაროთ. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი რთულია და საპასუხისმგებლო. ამავე დროს, საამაყოა და გიხარია, რომ მამის დანატოვარს ავითარებ და სურვილი გაქვს, საქმე წინ წაიყვანო.

_ მიუხედავად ანსამბლის წარმატებული საქმიანობისა, „ერისიონს“ დღემდე არ ჰქონდა საკუთი შენობა და მოწესრიგებული სარეპეტიციო დარბაზები...

_ კი, ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს. ე.წ. „მედიკების“ სახლი, რომელიც წლების წინ გადმოგვეცა, სრულ რეაბილიტაციას ითხოვდა. კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის აქტიური გვერდში დგომით ყველაფერი წარმატებით გადაწყდა. საოცარი შენობა იქნება. მისი ჩვენთვის გადმოცემა ბატონი ჯემალის სიცოცხლეში მოხდა... მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვანო ჩხაიძეს, ჩემს სიძეს, რომელიც ანსამბლის პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერია, ენერგია და დრო არ დაიშურა, რომ „ერისიონის“ სივრცე აბსოლუტურად სრულყოფილი ყოფილიყო. ახალ შენობაში ანსამბლი 2024 წელს გადავა.

R